2023 წლის თებერვლის ბოლო ორი კვირაა, დასავლეთის ცის კაბადონი საოცარ სანახაობას გვთავაზობს: ცაზე ორი პლანეტა – ვენერა და იუპიტერი ერთმანეთს ”ეცეკვება”, ამ ფერხულში, ზოგჯერ, მთვარეც ”ჩაერთვება”-ხოლმე.
პირველ მარტის საღამოს კი მორიგი სიურპრიზი გველის – დედამიწელებს საშუალება გვექნება, ცაზე ვენერას და იუპიტერის ”შეერთებას” დავაკვირდეთ.
მაინც, რა არის პლანეტების ”შეერთება”? ეს მაშინ ხდება, როდესაც, დამკვირვებლის თვალით, ორი ციური ობიექტი ერთმანეთს ძალიან, ძალიან მიუახლოვდება. შეიძლება ვიფიქროთ, რომ ისინი ერთმანეთს ”შეეხებიან”, თუმცა სინამდვილეში, კოსმოსში მილიარდობით კილომეტრით არიან დაშორებული და საკუთარ ორბიტებზე აგრძელებენ სრბოლას (რას გვიშვება ეს ”პერსპექტივა”).
2 მარტს პლანეტები ერთმანეთს ისევ ”მიუახლოვდებიან”, თუმცა შეერთება აღარ მოხდება. მომდევნო დღეებში ”წყვილი” კიდევ უფრო დაშორდება, აპრილის ბოლოს კი დასავლეთით მხოლოდ ვენერა ამოვა, ხოლო მზის სხივებში გაუჩინარებულ იუპიტერს, უკვე აპრილის ბოლოს, აღმოსავლეთით, მზის ამოსვლამდე ვიხილავთ.
სხვა პლანეტების ”შეერთებისაგან” განსხვავებით, იუპიტერსა და ვენერას შორის ასეთი ”წაცეკვება” არც თუ ისე იშვიათია და დაახლოებით 13 თვეში ერთხელ ხდება. თუ ამ მოვლენის დამახსოვრება ან ფოტოზე აღბეჭდვა გადაწყვიტეთ, დაიწყეთ მზადება 18.00 საათიდან. თუ ამინდმა არ გაგვიმართლა (გადი, ღრუბელო!), ჩვენი მეგობარი, ასტრონომი, ჯანლუკა მასი, ამ მოვლენის პირდაპირ ვიდეოტრანსლაციას შემოგთავაზებთ პროექტით ვირტუალური ტელესკოპი.
და ბოლოს, დაათვალიერეთ 2020 წელს საქართველოს ასტრომოყვარულების მიერ გადაღებული იუპიტერისა და სატურნის ”შეერთება”.
ველით თქვენს სურათებს! სიყვარულით – საქართველოს ასტროკლუბი.