2022 წლისთვის მთვარეზე პირველი დასახლება იქნება

 NASA აცხადებს, რომ სულ რაღაც ექვს წელიწადში მთვარეზე 10 მილიარდი დოლარის ღირებულების ბაზა აიგება (dailymail).

 მთვარეზე ადამიანის დაჯდომა კაცობრიობის ერთ-ერთ უდიდეს მიღწევად ითვლება, მაგრამ ეს წარმატება თავის დროზე ძალიან ძვირი დაჯდა – პროგრამა Apollo–ს ფარგლებში მთვარეზე 12 ადამიანის მოგზაურობისათვის, დღევანდელი გათვლებით, 170 მილიარდი დოლარი დაიხარჯა. თუმცა, როგორც ჩანს, დღევანდელი ტექნოლოგიური მიღწევების გამოყენებით ჩვენს ქვიან, ბუნებრივ თანამგზავრზე დასახლებისათვის ამ თანხის ძალიან მცირე ნაწილი იქნება საჭირო.

 მეცნიერთა თქმით, მთვარეზე 10 ადამიანის საცხოვრებელი ბაზის აშენება (გამოსახულია სურათზე) დაახლოებით 10 მილიარდი დოლარი დაჯდება, რასაც მხოლოდ 5–7 წელი დასჭირდება. ცნობისათვის, Apollo–ს ყველა მისიაზე ერთად 170 მილიარდი დოლარი დაიხარჯა.

 NASA–ს მეცნიერთა ჯგუფმა და კორპორაციებმა , როგორიცაა National Space Society და Space Frontier Foundation, გამოთვალეს, რომ 38 მილიარდ დოლარად შეიძლება მთვარეზე გრუნტის მომპოვებელი მუდმივმოქმედი საწარმო და დასახლება აიგოს. მხოლოდ ოთხი ასტრონავტის შემთხვევაში, 12 წლის განმავლობაში, 200 მეგატონის რაოდენობის წყალბადური საწვავის გამომუშავებისათვის საჭირო მადანს მოიპოვებენ.

 მთვარის ბაზებისათვის საჭირო ბევრი მასალა პირდაპირ მთვარეზე შეიძლება მოვიპოვოთ, მაგალითად: სამშენებლო მასალა, წყალი და საწვავი.

 შეერთებული შტატები მარსზე დაბრუნების გეგმებს ჯერ–ჯერობით არ განიხილავს, თუმცა ევროპის კოსმოსური სააგენტო, რუსეთი და ჩინეთი აპირებენ მარსზე, მთვარის მსგავსი ბაზები დააფუძნონ.

 ნიშნავს თუ არა ეს იმას, რომ NASA კოსმოსის კვლევის უახლეს ეპოქას ფეხს ვეღარ აუწყობს და მისი პრიორიტეტული ასტეროიდის მისია მარსზე ბაზების დაარსების გადადების მიზეზი გახდება? როგორც ჩანს, საკითხი ასე მარტივად არ დგას: ბევრ მეცნიერს მიაჩნია, რომ წითელ პლანეტაზე წარმატებული საკაცობრიო მისიების განხორციელებისათვის მთვარის ათვისება აუცილებელი, წინგადადგმული ნაბიჯია.

 NASA–ს მიზნობრივი კვლევების ცენტრის ასტრობიოლოგი ქრის მაკქეი და სინთეზური ბიოლოგიის სპეციალისტი ჯონ ქუმბერსი ჟურნალ New Space–ის სპეციალურ გამოშვებაში ამბობენ: „უამრავი კარგი მიზეზი არსებობს იმისათვის, რომ მთვარეზე წავიდეთ, დავსახლდეთ და კოსმოსური მისიებისთვის ფინანსების მოსაპოვებლად ამდენი აღარ ვიწვალოთ”.

 ბოლო დროს ბევრი სტატია გამოქვეყნდა, სადაც კოსმოსური ფრენების ექსპერტები ამტკიცებენ, რომ მთვარის მადანის მომპოვებელი ბაზების დაარსება გაცილებით უფრო ნაკლებ ფინანსებს მოითხოვს, ვიდრე ეს არასპეციალისტებს მიაჩნიათ; და რომ მთვარის რესურსების გამოყენებიდან მიღებული შემოსავალი ამ ხარჯებს ორჯერ და მეტადაც აანაზღაურებს.

 აშკარაა, რომ რაც უფრო მეტი კერძო კოსმოსური კომპანია იქნება ჩაბმული ამ შეჯიბრში, მით მეტი იქნება კონკურენცია და მით უფრო ნაკლები იქნება ხარჯები: “ როდესაც მთვარეზე ერთი ადამიანის დარჩენის ხარჯები ათეულ მილიონ დოლარამდე ჩამოვა, ეს იმავე საბაზრო ღირებულების ჭრილში შეიძლება განვიხილოთ, რაშიც საერთაშორისო კოსმოსურ სადგურზე კომერციული ფრენებით მიღებული მოგება განიხილება” – ამბობენ დოქტორი მაკქეი და მისი კოლეგები. – “მთვარეზე სამთავრობო ბაზამ შეიძლება დიდი რაოდენობით კლიენტიც მიიზიდოს, რაც ხელს შეუწყობს ახალი სერვისებისა და პროდუქტების წარმოშობასა და განვითარებას. ტექნოლოგიურ სფეროში უდიდესი აღმოჩენები და მიღწევები გვექნება.”

 ეს არის ბაზ ოლდრინის მიერ გადაღებული ცნობილი სურათი – ადამიანის (ნილ არმსტრონგის) პირველი ნაკვალევი მთვარეზე, რომელიც გვიჩვენებს, რომ მთვარის გრუნტი მტვერივით წვრილი ნაწილაკებისგან შედგება.  ზოგიერთი მონაცემის მიხედვით, მთვარის პოლუსებზე დიდი რაოდენობითაა ბმული წყალი, რომელიც შეიძლება სასმელად და რაკეტების საწვავად გამოვიყენოთ.

 მკვლევარებს იმედი აქვთ, რომ მათ მიერ ჩატარებული სამუშაო დაარწმუნებს NASA–ს, მთვარეზე ადამიანების დასაბრუნებლად მისი წლიური 19 მილიარდიანი ბიუჯეტიდან გარკვეული თანხის ინვესტიცია განახორციელოს.

 საინტერესოა, რომ NASA–ს მიზნობრივი კვლევების ლაბორატორიის ასტრობიოლოგი ლინ ჰარპერი დარწმუნებულია, რომ მთვარეზე ადამიანის სასიცოცხლო ფუნქციების უზრუნველსაყოფად აუცილებელი ტექნიკური საშუალებები უკვე ხელთ გვაქვს. მათ შორისაა თვითმავალი მანქანები, სამგანზომილებიანი ბეჭდვის ტექნოლოგიები, დისტანციურად მართვადი რობოტები, ჰაერისა და წყლის გადამამუშავებელი სისტემები და სხვა.

 სანამ NASA დუმს, მეცნიერები და ენთუზიასტები მას, მთვარის ბაზების დაარსების იაფ საინჟინრო წინადადებებსა და გამოთვლებს სთავაზობენ. სურათზე გამოსახულია სამგანზომილებიანი ბეჭდვის დისტაციური მანქანები, რომლებიც მთვარის ბაზების ასაგებად მისავე გრუნტს და მზის ენერგიას იყენებს.

 „წყალი და საკვები შეიძლება დედამიწიდან ჩამოვიტანოთ, მაგრამ აკვაპონიკის სისტემების გამოყენებით სულ ცოტა ხანში მოსავალი მთვარეზეც შეიძლება მოვიყვანოთ”. – როგორც მეცნიერები ამტკიცებენ, ყველაზე უფრო სასარგებლო ბუნებრივი რესურსი ამ ეტაპზე მზის  უწყვეტი ენერგიაა – “დღეს არსებული, მზის ენერგიაზე მომუშავე, ულტრათანამედროვე ტექნოლოგიური და სიცოცხლის უზრუნველყოფის საშუალებებით მთვარეზე ადამიანების დასახლებების დაფუძნება, სურვილის შემთხვევაში, დღესვე შესაძლებელია”. ჟურნალ New Space–ში გამოქვეყნებულია სამუშაო შეხვედრის მასალები, რომლებიც გამოთქმულ მოსაზრებებს კიდევ უფრო ამყარებს.

 კორპორაცია NexGen Space LLC –ს ექსპერტები ალექსანდრა ჰილი და ჩარლზ მილერი გამოთქვამენ მოსაზრებას, რომ მთვარის ინდუსტრიულ მოსახლეობას შეუძლია, მოგების მიზნით, მთვარეზე მოპოვებული საწვავი ორბიტაზე განათავსოს, მიჰყიდოს NASA–ს ან სხვა ნებისმიერ კოსმოსურ კორპორაციას და ასევე, შეავსოს მარსზე მიმავალი ხომალდების საწვავის მარაგი; და ეს ყველაფერი – საკმაოდ იაფად.

 კომპანია SkyCorp–ის წარმომადგენელი, სარაკეტო ინჟინერიის სპეციალისტი დენის ვინგო ამტკიცებს, რომ მთვარის გრუნტი და იქ ჩამოვარდნილი უამრავი მეტეორიტი სამშენებლო მასალებად შეიძლება იყოს გამოყენებული, რისთვისაც სამგანზომილებიანი ბეჭდვის ტექნოლოგია შეიძლება მოვიშველიოთ.

 მთვარის დასახლებული ბაზების გამოყენება საწარმო აქტივობებისათვის, კოლონიის მშენებლობის საფასურს მალე აანაზღაურებს და ეკონომიკურ სარგებელსაც მოიტანს. კვლევა გამოქვეყნებულია ჟურნალის New Space სპეციალურ გამოცემაში.

 ასტრონავტების საცხოვრებელი მოდულების თანამედროვე, საიმედო და იაფი  ალტერნატივაა კორპორაცია Bigelow Aerospace–ის მიერ შემოთავაზებული რბილი, გასაშლელი კონსტრუქციები. როგორც ვირგო ამბობს, ადამიანების პირველი დასახლებისათვის საუკეთესო ადგილი პიარის კრატერია (Peary Crater), რომელიც მთვარის ჩრდილოეთ პოლუსთან ახლოს მდებარეობს: – “ტერიტორია ბუნებრივად ბრტყელი და მოსწორებულია, თუმცა მზის განათებას საკმარისი რაოდენობით იღებს, და გრუნტიც მდიდარია სხვადასხვა მინერალებით”.

 მეცნიერს მიაჩნია, რომ ადამიანის მთვარეზე დასახლება მარსზე დასახლებების აშენებისაკენ გადადგმული უმნიშვნელოვანესი ნაბიჯი იქნება. – “უფრო შორსაც წავალთ” – აცხადებს ვირგო (ვიდეო).

ავტორი: მარიკა ტარასაშვილი.

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.