ლეგენდარული ”მზიური ქვა” ნაპოვნია

 ვიკინგების ნახევრადმითიური სანავიგაციო ინსტრუმენტი ნაპოვნია. ბრიტანელი მეზღვაურები მას ჯერ კიდევ მეთექვსმეტე საუკუნეში იყენებდნენ(Phys.orgProceeding of the Royal Society AThe IndependentWikipedia.org).

 პატარა ქვა, რომელიც დიდი ბრიტანეთის სანაპიროსთან ჩაძირულ გემზე იპოვნეს, როგორც ჩანს, მრავალსაუკუნოვანი საიდუმლოს ამოხსნის საშუალებად შეიძლება იქცეს.

 ისლანდიურ საგებში რაღაც ”მზიური ქვა” არის ნახსენები, რომლის საშუალებითაც ცაზე მზის მდებარეობის დადგენა მოღრუბლულ ამინდშიც კი შეიძლებოდა. საგაში ნახსენებია, თუ როგორ თხოვა მეფე ოლაფ ჰარალდსონმა თავის ვასალ სიგურს მზის მდებარეობის გამოცნობა. პასუხის შესამოწმებლად მეფემ მზიური ქვის მოტანა უბრძანა, შემდეგ მაღლა ასწია, რათა დაენახა საით ეცემოდა ქვაში გამავალი სინათლის სხივი.

 ჯერ კიდევ 45 წლის წინათ წარმოდგენილი თეორიის მიხედვით, მზიურ ქვაში სინათლის მაპოლარიზირებელი რომელიღაც მინერალი იგულისხმებოდა. სამწუხაროდ, ვიკინგთა სადგომებზე ვერცერთი დაუზიანებელი ასეთი ქვა ვერ იქნა ნანახი.

 ყველაზე უფრო შესაძლო კანდიდატი ისლანდიური შპატია, რომელსაც მაპოლარიზირებელი თვისებები გააჩნია.

 სწორედ ისლანდიური შპატის რომბოედრული კრისტალი იქნა აღმოჩენილი მეთექვსმეტე საუკუნეში ჩაძირულ გემზე, სხვა სანავიგაციო საშუალებებთან ერთად.

 საინტერესოა, რომ ამ დროისათვის კომპასი უკვე კარგად იყო ცნობილი, თუმცა რკინის ზარბაზნები, რომლებიც ბრიტალენლთა შეიარაღებაში უკვე იყო, მაგნიტური ისარის მაჩვენებელს ამახინჯებდა, ამიტომ მხოლოდ კომპასის გამოყენება არასაიმედო იყო.

 მზიური ქვა კი მზის მდებარეობის ერთი გრადუსის სიზუსტით განსაზღვრის საშუალებას იძლეოდა, არა მარტო უამინდობისას, არამედ დაისიდან გარკვეული დროის მერეც.

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.