მარსმავალი ”ცნობისმოყვარეობა” წითელ პლანეტას დედამიწის მიკრობებით დააბინძურებს?!

 NASA-ს ზოგიერთი მეცნიერი მიიჩნევს, რომ მარსმავალი ”ცნობისმოყვარეობა” კოსმოსში ”პლანეტური უსაფრთხოების პროტოკოლის” დარღვევით გაუშვეს. ამ პროტოკოლის მიხედვით, ყველა კოსმოსური საკვლევი აპარატი საგულდაგულოდ უნდა იყოს სტერილიზებული, რომ არ დაუშვან დედამიწისეული ორგანიზმების შეტანა უცხო პლანეტებზე, ამ შემთხვევაში – მარსზე.

 როგორც გაირკვა, მარსმავალ ”Curiosity”-ის მენეჯერებმა ხელსაწყოზე დამონტაჟებული ლაბორატორიული ბურღის თავების სტერილიზაცია საჭიროდ არ ჩათვალეს.

 ამ პროტოკოლის დარღვევის შესახებ დაგვიანებით აცნობეს NASA-ს პლანეტური უსაფრთხოების განყოფილების უფროსს, კესი კონლეის: ”პროექტში მონაწილე მეცნიერებმა საჭიროდ არ ჩათვალეს სტერილიზაციის პროცედურის გავლა, ვინაიდან მიაჩნიათ, რომ მარსმავალი გეილის კრატერის ისეთ უბნებს გამოიკვლევს, სადაც შემთხვევით მოხვედრილი დედამიწისეული მიკრობების გადარჩენა და ხანგრძლივად არსებობა ფიზიკურად შეუძლებელია”- განაცხადა კონლეიმ.

 მარსმავალ ”Curiosity”-სათვის საგანგებოდ შემუშავებული პლანეტური უსაფრთხოების პროტოკოლის მიხედვით გათვალისწინებული იყო სამივე გასაბურღი ხრახნის სტერილიზაცია ჰერმერტულ სათავსოსთან ერთად. ეს ყუთი მარსმავალს მხოლოდ პლანეტა მარსზე უნდა გაეხსნა, როდესაც მისიის შესრულებას შეუდგებოდა.

 მიუხედავად ამისა, როგორც კონლეიმ განაცხადა, ბურღის თავები საბოლოო ტესტირების დროს გახსნეს, მოდელური ცდა ჩაატარეს და ისევ სათავსოში დააბრუნეს, ხელახალი სტერილიზაციის გარეშე: – ”ხელსაწყოების საბოლოო ტესტირება უაღრესად სუფთა და სტერილურ გარემოში მიმდინარეობს, თუმცა, ეს მცირეოდენი დარღვევა კვლევის შედეგების საიმედოობის შეფასებაზე ნებისმიერ შემთხვევაში იმოქმედებს”- განახცადა მან.

 პლანეტური უსაფრთხოების ჯგუფის მოთხოვნით, NASA სტერილიზაციის პროცედურებზე გამკაცრებული კონტროლის დაწესებას აპირებს; უსაფრთხოების პროტოკოლი არა მარტო დედამიწიდან წაღებული, არამედ ჩვენს პლანეტაზე ან მის სიახლოვეს შემოტანილი უცხოპლანეტური ნიმუშების კარანტინსაც ითვალისწინებს.

და მაინც, დავაბინძურებთ თუ არა მარსს დედამიწისეული მიკრობებით?

 ”ამგვარი შემთხვევები, სულ მცირე, ორ არასასურველ მოვლენას გამოიწვევს: უპირველეს ყოვლისა, შეიძლება მარსმავალმა პლანეტაზე სიცოცხლის ძიებისას დადებითი შედეგი აჩვენოს, სინამდვილეში კი გაურკვეველი დარჩება, რომელი პლანეტის სიცოცხლე დააფიქსირეს ხელსაწყოებმა – ადგილობრივი მარსისეული თუ შეტანილი დედამიწისეული” – განმარტავს კონლეი. –”გარდა ამისა, ჩვენმა მიკრობებმა შეიძლება მარსის ეკოსისტემის დაბინძურება გამოიწვიონ, რაც მის დამოუკიდებელ ევოლუციურ განვითარებას დაარღვევს, უარეს შემთხვევაში კი – გაანადგურებს.”

 თუმცა, როგორც მეცნიერი ამტკიცებს, ამ შემთხვევაში პლანეტა მარსის დაბინძურების საფრთხე თითქმის არ არსებობს, ვინაიდან მარსმავალი ”Curiosity” გაცილებით უფრო კარგადაა სტერილიზებული, ვიდრე 70-იან წლებში გაშვებული ლენდერები “Viking 1” და “Viking 2”, და საბჭოთა ლენდერების უმეტესობა.

 ”Curiosity”-ს შემთხვევაში, პლანეტური უსაფრთხოების პროტოკოლის მცირეოდენი დარღვევა ნერვიულობად არ ღირს” – ამბობს კონლეი, – ”მაგრამ ვიმედოვნებ, მომავალში ამგვარი შემთხვევები ჩემთვის წინასწარ იქნება ცნობილი და არა მაშინ, როდესაც ხარვეზის გამოსწორება უკვე შეუძლებელია”.

ავტორი: მარიკა ტარასაშვილი

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.