ნასას კოსმოსურმა ტელესკოპმა, ჩვენს გალაქტიკაში იშვიათი ტიპის ვარსკვლავების პოპულაცია აღმოაჩინა, რომელთაც ასტრონომები „ჩამორჩენილ ცისფერ“ (1) ვარსკვლავებს უწოდებენ. ამ უჩვეულო ვარსკვლავებმა ასეთი სახელი იმიტომ მიიღეს, რომ მათი განვითარების „დამუხრუჭებისა“ და კაშკაშა ნათების გამო, ისინი უფრო ახალგაზრდად გვეჩვენება, ვიდრე არიან სინამდვილეში.
ირმის ნახტომის ცენტრალურ ამოზნექილობაში „ცისფერი ჩამორჩენილები“ პირველად იქნა შემჩნეული. სინამდვილეში, ისინი სულაც არ არიან თავიანთ მეზობლებზე ახალაგაზრდბი, უბრალოდ, ჩამორჩებიან მათ თავიანთი განვითარებით.
აქამდე გაუგებარია, თუ როგორ ჩამოყალიბდნენ ეს ვარსკვლავები. არსებული თეორიის მიხედვით, ისინი ორმაგ ვარსკვლავურ სისტემებში ყალიბდებიან. წყვილის მასიური ვარსკვლავი ნორმალურად ვითარდება, მისი კომპანიონი „ჩამორჩენილი“ კი გაზს ართმევს და ამის ხარჯზე ელვარებას უმატებს. მოპარული წყალბადი, „პატარა ქურდს“, უფრო ცისფერსა და კაშკაშას ხდის, რითაც ის მასიურ ახალგაზრდა ვარსკვლავს მხოლოდ ვიზუალურად ემსგავსება.
ახალი აღმოჩენა ამტკიცებს იდეას იმის შესახებ, რომ ჩვენი გალაქტიკის ამოზნექილობამ შეწყვიტა ვარსკვლავების წარმოქმნა მილიარდობით წლის წინათ. ახლა ის ცივი წითელი გიგანტების და ჩვენი მზის მაგვარი ვარსკვლავების სახლია. თუმცა, ვარსკვლავების წარმოქმნის დეტალებში ძალიან ბევრი რამ ახლაც აზრთა სხვადასხვაობას და გაუგებრობას იწვევს.
2006 წელს ჩატარებული კვლევების დროს, კოდური სახელით Sagittarius Window Eclipsing Extrasolar Planet Search (SWEEPS), “ჰაბლით” იქნა აღმოჩენილი 180 000 ვარსკვლავისგან შემდგარი გროვა ჩვენი გალაქტიკის ცენტრალურ ამოზნექილობაში, 26 000 სინათლის წლის იქეთ. კვლევის დროს მეცნიერები გეგმავდნენ იუპიტერის კლასის პლანეტების აღმოჩენას, რომლებიც ახლო ორბიტებზე მოძრაობენ თავიანთი ვარსკვლავების გარშემო. SWEEPS-ის ჯგუფმა კი 42 ვარსკვლავი აღმოაჩინა, ახალგაზრდა ვარსკვლავების შესაბამისი ტემპერატურითა და ნათებით. ხსენებული თეორიის მიხედვით, ახალგაზრდა ვარსკვლავები ცენტრალურ ამოზნექილობაში თუ მართლაც არიან, უნდა იყონ ძალიან მცირე რაოდენობით.
ეჭვი „ჩამორჩენილი“ ვარსკვლავების არსებობის შესახებ დიდი ხანის წინათ გაჩნდა, მათ ადრე ვერ ამჩნევდნენ სხვა ვარსკვლავების გამო, რომლებიც მათ ფარავდნენ და შეუმჩნეველს ხდიდნენ. ამჯერად, მათი აღმოჩენა მოხერხდა გადაადგილების სიჩქარის განსხვავებით, „ჩამორჩენილსა“ და ჩვეულებრივ ვარსკვლავებს შორის. ცაზე გროვას ძალიან მცირე ხილული ზომა აქვს, შეიძლება შევადაროთ ადამიანის ფრჩხილისა და მთლიანი მკლავის ზომებს შორის სხვაობას. მხოლოდ ედვინ ჰაბლის სახელობის ორბიტული ტელესკოპის „თვალს“ შეუძლია ასეთი დეტალების გარჩევა. აღმოჩენილი 42 კანდიდატიდან, ასტრონომთა აზრით, მხოლოდ 18-37 შეიძლება იყოს ნამდვილად „ჩამორჩენილი“ ვარსკვლავი.