გაქცეული ვარსკვლავი გველისმჭერის ძეტა

 ეს ვარსკვლავი თავის კომპანიონს გაექცა. მაღალი სიჩქარით მოძრაობს გაზ-მტვრის ღრუბელში და რკალის ფორმის ტალღას წარმოქმნის (ყვითელი რკალი ფოტოზე). 20 მზის მასის მქონე მნათობი, წარსულში, კიდევ უფრო მასიური კომპანიონი ვარსკვლავის გარშემო ბრუნავდა. ამ უკანასკნელმა ევოლუცია დაასრულა და ზეახლად აფეთქდა, გველისმჭერის ძეტა (Zeta Ophiuchi) კი მას ტყვიასავით მოსწყდა. ასტრონომთა თქმით, ის 24 კმ/წმ-ში სიჩქარით მოძრაობს და გადაადგილების მიმართულებით გაზ-მტვროვან შესქელებებს წარმოქმნის, რომლის დაფიქსირებაც ინფრაწითელ დიაპაზონში მომუშავე “სპიცერმა” შეძლო. ასეთივე ეფექტი შეიძლება შევამჩნიოთ წყლის ზედაპირზე ნავის ცურვის დროს. ასტრონომთა აზრით, გველისმჭერის ძეტა, რომელიც დედამიწიდან 460 სინათლის წლის მანძილზე მდებარეობს, დაახლოებით 4 მილიონი წლის მერე ზეახლად აფეთქდება, როგორც მისი ყოფილი კომპანიონი.

 ყველაზე სწრაფი მოხეტიალე ვარსკვავის ტიტული ახლა S5-HVS1-ს აქვს, რომელიც 1700 კილომეტრი წამში სიჩქარით მიჰქრის და ჩვენს გალაქტიკას ტოვებს, რაც ირმის ნახტომის ცენტრალური ზემასიური შავი ხვრელის, მშვილდოსანი A*-ს უძლიერესი მიზიდულობის დამსახურებაა. ყველაზე სწრაფი მკვდარი ვარსკვლავებია თეთრ ჯუჯათა წყვილი – D6-3, სიჩქარით 2200 კილომეტრი წამში. ეს აჩქარება წყვილმა ზეახლის ორმაგი აფეთქებით მიიღო. გალაქტიკაში მოძრავი ყველაზე სწრაფი ვარსკვლვია S4714, რომელიც მშვილდოსანი A*-ს გარშემო 24 ათასი კილომეტრი წამში სიჩქარით დაქრის.

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.