მარსული თიხა ვულკანური წარმოშობისაა?!

 ბოლო წლების განმავლობაში მარსზე დანალექი მინერალების დიდი რაოდენობა იქნა აღმოჩენილი, რომლებიც, როგორც ცნობილია, მხოლოდ წყლის თანხლებით ფორმირდებიან.

 ამ ნივთიერებათა სიმრავლე, როგორც ითვლება, იმაზე მეტყველებს, რომ წითელ პლანეტაზე შორეულ წარსულში ზღვები და ოკეანეები არსებობდა. თუმცა, ახლახანს ამ აღმოჩენებს სხვანაირი ახსნაც მოეძებნა, რომელიც მათი ფორმირებისათვის ასეთი დიდი რაოდენობით წყალს არ ითხოვს.

 ალან მანის(Alain Meunier) ჯგუფის მკვლევარებმა ყურადღება იმაზე გაამახვილეს, რომ მარსული თიხის მსგავსი მინერალები დედამიწაზე საკმაოდ ბევრ ადგილას გვხვდება, მათ შორის ფრანგული პოლონეზიის კუნძილებზეც, სადაც ისინი არა წყლის, არამედ ვულკნური პროცესების შედეგად ჩამოყალიბდნენ. ამ პატარა შენიშვნას მარსის ნოტიო წარსულზე წარმოდგენების შეცვლა და იქ ერთ დროს ოკეანეების არსებობის კითხვის ნიშნის ქვეშ დაყენება შეუძლია.

 თიხა ალუმოსილიკატური მინერალებისგან შედგება, რომლებიც დედამიწაზე ჩვეულებრივ დალექვის პროცესებში ფორმირდება – ანუ წყლიდან ნალექის ამოვარდნით. ამის გამო ჩვეულებრივ ის მდინარეების, მყინვარების, ზღვებისა და ოეკანეების მახლობლად გვხვდება, სადაც არის ან ოდესაღაც იყო დიდი რაოდენობით წყალი. პროცესი საკმაოდ დიდი ხანი გრძელდება და სწორედ ამის გამო დაასკვნეს მეცნიერებმა ის, რომ მარსზეც ეს ხანგრძლივი პროცესი წყლის თანხლებით მიმდინარეობდა.

 ოთხი წლის წინ მანემ და მისმა კოლეგებმა, მურუროს ატოლზე(მარჯნის კუნძული) მუშაობის დროს, საინტერესო რამ აღმოაჩინეს: აქ თიხა გაცილებით სწრაფი, გამდნარი მაგმის გაცივების პროცესში გაჩნდა. საქმე იმაშია, რომ გაცივებისას მაგმაში მიკროსკოპული სიცარიელეები ჩნდებიან, რომლებშიც წყლის ორთქლის მაღალ წნევასა და ტემპერატურაზე ისეთი „მომწიფებული“ მინერალების წარმოიქმნა, როგორც თიხაა, დიდი რაოდენობით თხევადი წყლის გარეშეც საკმაოდ სწრაფად მიმდინარეობს.

 უფრო მეტიც, ასეთ „მაგმურ თიხაში“ რკინის შემცველობა თითქმის იგივეა, როგორც მარსულ თიხაში. ყოველ შემთხვევაში, მარსის ქანების ის  ნიმუშები, რომლებზეც პირდაპირი ანალიზის ჩატარებაა შესაძლებელი, ანუ მარსიდან ასტეროიდული დარტყმების დროს ამოტყორცნილი და დედამიწაზე მეტეორიტების სახით მოხვედრილი ქანები, ასეთი შემცველობისაა. ერთ-ერთი მათგანი – მეტეორიტი ლაფაიეტი – მანეს ჯგუფმაც შეისწავლა. ის და პოლინეზიური ვულკანური თიხა  ერთმანეთს მინერალური შემადგენლობით ძალიან ჰგვანან.

 როგორც არ უნდა იყოს, იმაზე ლაპარაკი, რომ მარსი ადრეც ასეთი მშრალი და გაყინული იყო ნაადრევია. ყველა „მარსული მეტეორიტი“ არ არის პოლინეზიური მინერალების მსგავსი. არც იმდენი მარსული მეტეორიტია ნაპოვნი, რომ მათ მიხედვით მთელ პლანეტაზე ვილაპარაკოთ. მითუმეტეს, რომ ნოტიო მარსის სასარგებლოდ სხვა ფაქტებიც მეტყველებენ.

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.