მარსმავალმა MSL “curiosity”-მ კოსმოსური რადიაციის მონაცემთა შეგროვება დაასრულა, რომელსაც იგი წითელი პლანეტისაკენ მიმავალ გზაზე ფრენის დროს აკეთებდა(NASA).
MSL – მარსისკენ გაგზავნილი პირველი აპარატია, რომელიც კოსმოსური გამოსხივების სპეციალური დეტექტორითაა აღჭურვილი – RAD (Radiation Assessment Detector). ფრენის დროს დეტექტორი აპარატის შიგნით არსებული რადიაციის დონეს იწერდა. ხუთჯერ დაფიქსირებული მზის გააქტიურებებიდან ერთ-ერთი Х კლასის იყო. მიუხედავად ამისა, ინჟინერთა განცხადებით, მონაცემები იმაზე მეტყველებენ, რომ მარსმავალს საფრთხე არ ემუქრება. ამ მომენტისთვის ის დასაშვებად ემზადება და RAD-იც გამორთულია.
იმის დასადგენად, რამდენად შეუძლია მაიონიზირებელი გარე ნაწილაკებისგან აპარატის დაცვა მის სპეციალურ კედლებს, უშუალო მონაცემების ცოდნაა საჭირო. სპეციალისტთა თქმით, გარსმა თავისი დავალება კარგად შეასრულა და მასში მხოლოდ მზის ყველაზე ძლიერი ამონაფრქვევების გამოსხივებამ შეაღწია, თუმცა ნაწილაკებმა ენერგიის მნიშვნელოვანი ნაწილი დაკარგეს. ანალიზის შედეგებს წლის ბოლოსთვის გამოაქვეყნებენ.
ინსტრუმენტი დამცავი გარსის გუმბათის ქვეშ მდებარეობს და მხოლოდ ე.წ. გამჭოლ რადიაციას აფიქსირებს. RAD-ი MSL-ში დაახლოებით იმ ადგილზეა დაყენებული, სადაც ხომალდ „ორიონი“-ს ასტრონავტები იქნებიან. რადგან აპარატები თითქმის ერთი ზომისანი არიან, ნასას ინჟინრები იმედოვნებენ, რომ RAD-ის მიერ შეგროვილი მონაცემები იმ საფრთხეების შეფასებაში დაეხმარებათ, რომლებიც მარსის პილოტირებულ მისიას შეიძლება დაემუქროს.
მარსმავალი წითელი პლანეტის ზედაპირზე 6 აგვისტოს დაეშვება.