ცოცხალი ორგანიზმები ღია კოსმოსში

მკვლევარებმა ცოცხალ ორგანიზმებზე ღია კოსმოსის ზემოქმედების შემსწავლელი ექსპერიმენტის შედეგები შეაჯამეს(Astrobiology, ESA).

 ექსპერიმენტი, რომლის სახელია ”Expose-E”, საერთაშორისო კოსმოსური სადგურის ბორტზე 2008 წლიდან ტარდებოდა. სპეციალურ შტატივზე, სადგურის გარედან, დამაგრებული იყო სათავსოები ცოცხალი ორგანიზმებით, ასევე მაიონიზირებელი გამოსხივების, ტემპერატურისა და სხვა მონაცემების საზომი მოწყობილობა. ზოგიერთი ნიმუში კოსმოსური სხივებისგან ნაწილობრივ იყო დაცული, სხვები კი არა. დასხივების დოზაში განსხვავება, რომლებსაც ნიმუშები იღებდნენ, დაახლოებით 70%-ს შეადგენდა.

 კოსმოსში ბაქტერიების Bacillus subtilis და Bacillus pumilus  სპორებმა იმოგზაურეს, ასევე მცენარეთა მარცვლეულმა, ლიქენებმა და მარტივმა ამინომჟავებმა. ნიმუშებმა კოსმოსური სხივების ზემოქმედების ქვეშ ნახევარი წელიწადი გაატარეს, ხოლო დედამიწაზე ისინი 2009 წელს დააბრუნეს. მიღებული შედეგები კი მეცნიერებმა მხოლოდ ახლა გამოაქვეყნეს.

 ყველაფერთან ერთად ბიოლოგებმა ლიქენების უცნაურად მაღალი სიცოცხლის უნარიანობის მტკიცებულებები მიიღეს. ეს ორგანიზმები სოკოებსა და წყალმცენარეებს შორის არსებულ სიმბიოზს წარმოადგენენ, მათ ორბიტალურ სადგურზე მოგზაურობა კარგად გადაიტანეს. ორბიტაზე გატარებული ნახევარი წლის მერე უმრავლესობა გადარჩა და დედამიწაზე დაბრუნების მერე ზრდა გააგრძელა. კოსმოსში ისინი ძლიერ გამოშრობას განიცდიდნენ და ანაბიოზში გადავიდნენ, ხოლო უკეთეს პირობებში მოხვერდისთანავე სასიცოცხლო ფუნქციები აღადგინეს.

 აღსანიშნავია, რომ კოსმოსის მკაცრი პირობები და ლიქენების სუფთა ჰაერის მიმართ მოთხოვნილება ექსპერიმენტში ერთმანეთთან იყო შერწყმული. ეს ფაქტი ბიოლოგებისთვის კარგად არის ცნობილი და მას გარემოს ეკოლოგიური პირობების არაპირდაპირი კონტროლისთვის იყენებენ(ქალაქებში, მაგალითად, ლიქენები ვერ ხარობენ).

 სხვა ექსპერიმენტებიდან ცნობილი რეკორდსმენები მკაცრ პირობებში სიცოცხლის უნარიანობის გამოვლენაში არიან ტკიპები, ნელმავალნი და ბაქტერიები, მაგალითად, Deinococcus radiodurans.

 ორგანიზმების კოსმოსურ პირობებში მდგრადობის შესწავლას ფუნდამენტური და პრაქტიკული ასპექტი გააჩნია. მაღალი სიცოცხლისუნარიანობის მქონე არსებები სხვა პლანეტების კოლონიზაციისათვის მოსამზადებლად შეიძლება იქნეს გამოყენებული, მათი კვლევა სიცოცხლის შესაძლებლობათა ზღვრებსა და მისი კოსმოსში გავრცელების თეორიებს მოჰფენს ნათელს. გარდა ამისა, ევროპის კოსმოსური სააგენტოს წარმომადგენელთა თქმით, ლიქენების მდგრადობამ მზის სინათლის პირდაპირი ზემოქმედების მიმართ, უკვე, მზისაგან დამცავი საცხების მწარმოებლები დააინტერესა.

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.