მეცნიერებმა პირველად შეძლეს პლანეტაზე სიცოცხლის აღმოსაჩენად სპექტროპოლარიმეტრიის(სინათლის პოლარიზაციის ხარისხი და პოლარიზაციის სიბრტყის მობრუნების კუთხე მისი ოპტიკურად აქტიურ ნივთიერებაში გავლის დროს)გამოყენება. მკვლევარებმა მეთოდიკა დედამიწაზე გამოსცადეს, თეორიულად ის შეიძლება ეკზოპლანეტებისთვისაც გამოდგეს. მკვლევართა სტატია ჟურნალ Nature-ში გამოჩნდა.
ნაშრომის ჩარჩოებში მეცნიერებმა ის ფაქტი გამოიყენეს, რომ მზის შუქი, დედამიწიდან არეკვლის მერე სპეციფიურ პოლარიზაციას იძენს, რაც ზედაპირის თვისებებითაა განპირობებული. დედამიწის ასეთი ნათების პირდაპირი შესწავლა ძალიან ძნელი საქმე იქნებოდა(უნდა გაკეთდეს ძალიან შორიდან), ამიტომ მათ შეისწავლეს სინათლე, რომელიც დედამიწის ზედაპირიდან არეკვლის მერე ისევ აირეკლა მთვარის ბნელი მხრიდან.
კვლევისთვის პარანალის ობსერვატორიის ყველაზე დიდი ტელესკოპი(VLT,ESO) გამოიყენეს. დაკვირვება ორი დღის განმავლობაში გრძელდებოდა – 2011 წლის 11 აპრილს და 20 ივნისს. დადგინდა, რომ არეკლილი შუქი არის ინფორმაციის მატარებელი ღრუბლების საფარის ცვლილების შესახებ, ოკეანეებისა და ატმოსფეროში სპეციფიური აეროზოლების არსებობის შესახებ. ყველა ეს ფაქტორი ჩვენთვის ცნობილი ტიპის სიცოცხლის არსებობისთვის აუცილებელია.
მკვლევარები ამბობენ, რომ ასეთი მეთოდიკა შეიძლება ეკზოპლანეტების ატმოსფეროებისთვისაც იქნას გამოყენებული. აღსანიშნავია ის, რომ ამისათვის ასტრონომული ინსტრუმენტების ახალი თაობა იქნება საჭირო – როგორიცაა, მაგალითად, ევროპული უკიდურესად დიდი ტელესკოპი(E-ELT). გეგმის მიხედვით ამ ტელესკოპის მშენებლობა 10-11 წელიწადში უნდა დასრულდეს. ასტროფიზიკოსები ამბობენ, რომ E-ELT-ი ეკზოპლანეტების პირდაპირ ფოტოგრაფირებას შეძლებს.