21 წლის წინ, სამშაბათ დღეს, აპარატი ”პათფაინდერი” (მეგზური, Pathfinder) მარსის ზედაპირზე მშვიდობიანად დაეშვა, ადგილზე – Ares Vallis.
”პათფაინდერი” და მისი პატარა მარსმავალი – ”სუჯურნერი” (Sojourner), უჩვეულო მეთოდით დასვეს მარსის ზედაპირზე – ტრადიციული რეტრო-სარაკეტო საქშენების ნაცვლად, პირველად, სარაკეტო ტექნიკის ისტორიაში, აპარატი გიგანტური აირის ბალიშებით ჩამოხტა. ეს ინოვაციური მიდგომა, 2003 წელს, წარმატებით იქნა გამოყენებული პატარა ტყუპი მარსმავლების – ”სპირიტისა” და ”ოპორტუნიტის” დასაშვებად.
”პათფაინდერის” და ”სუჯურნერის” შემნქმნელები, NASA-ს რეაქტიული მოძრაობის ლაბორატორიიდან (JPL), დაძაბული ადევნებდნენ თვალყურს მონაცემთა ეკრანებს: მარსიდან რადიოსიგნალის მოღწევას 20 წუთი მაინც სჭირდება. ასე რომ, სიგნალი ერთად-ერთი საშუალებაა იმის გასაგებად, წარმატებით დაეშვა თუ არა ის წითელი პლანეტის ზედაპირზე.
როგორც აღმოჩნდა, ყველაფერმა სრულყოფილად ჩაიარა. აშშ-ს დამოუკიდებლობის დღეს, კოსმოსური აპარატი წარმატებით დაეშვა მარსზე. კონფერენციაზე, მეცნიერები აღფრთოვანებას ვერ მალავდნენ.
“დაშვების ადგილი – ზუსტია, აპარატი და ინსტრუმენტები – იდეალურ მდგომარეობაშია. ისღა დაგვრჩენია, გადმოვსვათ მარსმავალი და კვლევას შევუდგეთ. ვნახოთ ერთი, რას გვთავაზობს ეს უჩვეულო მიკროსამყარო” – განაცხადა მეთიუ გულუმბექმა.
“სუჯურნერმა” მარსზე 83 დღე გაძლო და ამ ხნის განმავლობაში სულ რაღაც 100 მეტრამდე მანძილი გაიარა. ერთად, დასაშვებმა აპარატმა და მარსმავალმა 17 000-ზე მეტი სურათი გამოაგზავნა. აპარატებით ადგილზევე კვლევამ, იმ დროისთვის ახალი მონაცემები მიაწოდა მეცნიერებს, რომელთა მიხედვით, მარსი, ოდესღაც თბილი და ნოტიო პლანეტა იყო.