ალბერტ აინშტაინის ფარდობითობის ზოგადი თეორია (ფზთ), რომელიც ჯერ კიდევ 1915 წელს გამოქვეყნდა, ურთულესი ექსპერიმენტის საშუალებით გამოსცადეს, რაც 16 წელი გრძელდებოდა. ამისათვის, მეცნიერთა ჯგუფმა მაქს პლანკის ინსტიტიტიდან (გერმანია), ავსტრალიის ეროვნული სამეცნიერო სამსახურიდან, ინსტიტუტიდან CSIRO, დედამიწის სხვადასხვა წერტილებში არსებული რადიოტელესკოპებიდან, მათ შორის, სახელგანთქმული “პარკსიდან“, მიღებული მონაცემები გამოიყენა.
“სწორედ ფზთ აღწერს, როგორ იქცევა გრავიტაცია სამყაროს მსხვილმასშტაბიან სტრუქტურებშიც კი, თუმცა, ატომურ და სუბატომურ დონეზე ეს თეორია მუშაობას წყვეტს და თავის ადგილს კვანტურ მექანიკას უთმობს. ჩვენ გვინდოდა მოგვეძებნა რაღაც შუალედური, რათა ფზთ-ს მართებულობის ზღვარი დაგვენახა” – ამბობენ კვლევის ავტორები.
ასეთი ექსპერიმენტის ჩასატარებლად საჭირო “კოსმოსური ლაბორატორია”, რომელიც დედამიწიდან 2400 სინათლის წლის მანძილზე მდებარე პულსარების წყვილს წარმოადგენს, სოწრედ “პარკსის” რადიო ტელესკოპმა აღმოაჩინა, 2003 წელს.
ხსენებული პულსარების წყვილიდან ერთ-ერთი, ღერძის გარშემო წამში 45 ბრუნს აკეთებს, მეორე კი 2,8 წამიანი პერიოდულობით ბზრიალებს. ერთმანეთის გარშემო შემოვლას კი 2,5 საათს ანდომებენ, ანუ ძალიან ახლოს არიან ერთმანეთთან, რის გამოც მათი ექსტრემალური ძალები და აჩქარება თვით სივრცე-დროის ქსოვილს აზანზარებს, წარმოქმნილი გრავიტაციული ტალღები კი ამ წყვილს ენერგიას ართმევს და ყველანაირად ანელებს. გამოთვლების მიხედვით, მათი ერთმანეთთან შეჯახება დაახლოებით 85 მილიონი წლის მერე მოხდება, ჯამურ მასეზე ცოტა ნაკლები მასის შავი ხვრელის წარმოქმნით (გრავიტაციულ ტალღებს სამყაროს ბევრი საიდუმლოს ამოხსნა შეუძლია).
ორმაგი პულსარის ენერგიის მცირე დანაკარგის მოკლე დროში დადგენა ძალიან ძნელია. საბედნიეროდ, თვითონ პულსარების რადიო სიგნალებია ამ საქმისთვის საუკეთესო ინსტრუმენტი, რომელთა საშუალებით უმცირესი გადახრების დაფიქსირებაა შესაძლებელი (ნეიტრონული ვარსკვლავების დიდი გაერთიანება).
მთელს დედამიწაზე გაფანტული რადიო ტელსკოპების მასივის გამოყენებით (Very Long Baseline Array), მეცნიერებმა, ორმაგი პულსარის უზუსტესი “საათის” 20 მილიარდი “წიკწიკის” ზუსტი პარამეტრები დაადგინეს. მონაცემთა ასეთი უზარმაზარი რაოდენობა საკმარისი გახდა ერთი წლის დისკრეტულობით თითოეული ნეიტრონული ვარსკვლავის მდებარეობაში უმცირესი გადახრების გამოსათვლელად და დასადგენად.
მიღებული შედეგი და თეორიულად ნავარაუდევი ერთმანეთს 99,99 პროცენტით დაემთხვა. “მომავალში, როცა ჩვენს განკარგულებაში ახალი და გაუმჯობესებული რადიო ტელესკოპები იქნება, ამ ამოცანას ისევ დავუბრუნდებით. თუ აინშტაინის თეორიაში ბზარებს აღმოვაჩენთ, გრავიტაციის ახალი თეორიის შემუშავება იქნება საჭირო, რომელიც რეალურად გვეტყვის რა ხდება სინამდვილეში” – ამბობენ მეცნიერები (გრავიტაცული ტალღები პარალელურ სამყაროში არ იპარებიან).