ვარსკვლავი, რომელიც ათწლეულების განმავლობაში იმალებოდა, ღამის ცას წელს გაანათებს! საუბარია ჩრდილოეთ გვრიგვნის T-ზე (T CrB) და ეს მოვლენა მაინცდამაინც გრანდიოზული ვერ იქნება, მისი ელვარება პოლარული ვარსკვლავისას თუ გაუტოლდება. მიუხედავად ამისა, ასტრონომები და ასტრომოყვარულები მოუთმნლად ელიან ამას, რადგან ბოლოს, T CrB შეუიარაღებელი თვალით ხილული 80 წლის წინათ იყო!
მოვლენას, რომელსაც ასე ელიან, ახალი ვარსკვლავის ანთებას უწოდებენ (ან ნოვა, ლათ. nova), უფრო სწორედ, განმეორებად ახალს. მარტივად რომ ვთქვათ, ახალია ვარსკვლავი, რომელიც უეცრად, გაცილებით ელვარე ხდება ხოლმე, ვიდრე მანამდე იყო. განმეორებადი ახალი კი არის ახალი, რომელიც ათლწლეულებიანი პერიოდებით აკიაფდება ხოლმე. სხვა რამაა ზეახალი (სუპერნოვა) – აფეთქება, რომელიც ვარსკვლავის სიკვდილზე მიუთითებს (ვარსკვლავი).
T CrB-ის ციკლი 80 წლიანია. ანთებამდე ერთი წლით ადრე, ჩვეულებრივ, ვარსკვლავი ოდნავ გამკრთალდება ხოლმე, რაც T CrB-იმ, 2023 წლის მარტიდან დაიწყო. ზუსტად პროგნოზირება ძნელია (სექტემბრისთვის არის ნავარაუდევი), ამიტომ სულ ყურადღებით უნდა ვიყოთ. მისი ნათობა 10-დან, 2 ვარსკვლავურ სიდიდემდე გაიზრდება.
ვარსკვლავურ სიდიდეს “m” (ლათ. მაგნიტუდა, სიდიდე)-ით აღნიშნავენ. ვარსკვლავური სიდიდეების სკალას უკუმიმართულება აქვს. რაც უფრო დიდია მისი მნიშვნელობა, მით მკრთლია ობიექტი. მაგალითად, მეორე ვარსკვლავური სიდიდის ვარსკვლავი 2m — 2,512-ჯერ ელვარეა მესამე ვარსკვლავური სიდიდის ვარსკვლავზე 3m და 6,310-ჯერ ელვარე მეოთხე ვარსკვლავური სიდიდის 4m ვარსკვლავზე. გადადის მინუსებშიც.
ვეგა 0,582; სატურნი +1,47-დან −0,24-მდე; სირიუსი −1,47; იუპიტერი −1,61-დან −2,94-მდე; ვენერა −4,6; მთვარე −2,5/−12,9; მზე −26,7.
სამწუხაროდ (თუ საბედნიეროდ…), დედამიწელი დამკვირვებლის თვალში ეს არა უძლიერესი აფეთქება იქნება, არამედ კიდევ ერთი ნათელი წერტილის გამოჩენა ღამის ცაზე. ის, უბრალოდ, რაღაც დროით შევა 200 ყველაზე კაშკაშა ვარსკვლავის სიაში. ახლა მას ძლიერი ბინოკლითაც ძნელად იპოვნით, აფეთქების დროს, T CrB შეუიარაღებელი თვალითაც ადვილი შესამჩნევი იქნება, რაც რამდენიმე დღე გაგრძელდება.
სინამდვილეში, T CrB, ვარსკვლავთა წყვილია: თეთრი ჯუჯა (ჩანდრასეკარის ზღვარი) და წითელი გიგანტი. მათ ვარსკვლავურ ურთიერთობებს ელვარე მომენტებიც ახლავს. თეთრი ჯუჯა, დედამიწის ზომამდე შეკუშული მატერიის მკვრივი გროვაა, რომელიც ევოლუცია დასრულებული მზის მსგავსი ვარსკვლავების ბირთვისგან რჩება ხოლმე, ხოლო წითელი გიგანტი ჯერ ისევ აქტიური ვარსკვლავია, ტემპერატურის ზრდას აგრელებს და ფართოვდება. ის გარე ფენებს კოსმოსში ანიავებს, ხოლო პატარა მეზობელი ამ გაზს ითვისებს. გარკველი მასის დაგროვების მერე, ჯუჯის ზედაპირზე ტემპერატურა აღწევს მაჩვენებელს, რომელზეც მითვისებული გაზი თერმობირთვულ წვას იწყებს და ფეთქდება, ანუ ამ მოვლენას, თერმობირთვული განმეორებადი ახალიც შეიძლება ვუწოდოთ, რათა კიდევ უფრო კარგად გამოვყოთ ნამდვილად ახალი ვარსკვლავისგან (ადგილი კოსმოსში, სადაც მანამდე ვარსკვლავი საერთოდ არ იყო) და ზეახლისგან (როგორ კვდებიან ვარსკვლავები).
გველისმჭერის RS-ის ახლად აფეთქების ილუსტრაცია.
სად გამოჩნდება ჩრდილოეთ გვირგვინის T? რაღა თქმა უნდა, ჩრდილოეთ გვირგვინის თანავარსკვლავედში, და არც მისი მოძებნაა მარტივი. ეს თანავარსკვლავედი პატარა ნახევარწრის სახით წარმოგვიდგება მენახირისა და ჰერკულესის თანავარსკვლავედებს შორის. საუკეთესოდ ჩანს ჩრდილოეთ ნახევარსფეროდან, ცაზე უმაღლეს წერტილს კი ივლისში აღწევს.
ჩრდილოეთ გვირგვინის ნახევარწრის ცენტრში, ამ თანავარსკვლავედის ალფა ვარსკვლავი მდებარეობს. ახალი ვარსკვლავი ნახევარწრის ოდნავ ქვემოთ გამოჩნდება და ისეთივე კაშკაშა იქნება, როგორც ალფა.
ჩრდილოეთ გვირგვინის ნახევარწრის ცენტრში, ამ თანავარსკვლავედის ალფა ვარსკვლავი მდებარეობს. ახალი ვარსკვლავი ნახევარწრის ოდნავ ქვემოთ გამოჩნდება და ისეთივე კაშკაშა იქნება, როგორც ალფა.
ჩვენგან 3000 სინათლის წლით დაშორებული ჩრდილოეთ გვირგვინის T-ს ანთება არანაირ საფრთხეს არ უქმნის დედამიწას. ერთი ვარსკვლავის ელვარება 2m-მდე მოიმატებს, სულ ესაა.
გაცილებით სანახაობრივი იქნებოდა ბეთელგეიზეს ზეახლად აფეთქება, რისი პროგნოზირებაც კიდევ უფრო ძნელია, თუმცა, ისევ და ისევ დიდი მანძილის გამო, არც მისი მხირდან გვემუქრება რაიმე საფრთხე.