მიუხედავად იმისა, რომ პლანეტა მარსი საკმაოდ შორსაა ჩვენგან, მის ჟანგიან ზედაპირზე ახლაც დადის ადამიანის მიერ შექმნილი მარსმავალი. ეს პატარა აპარატები არა მარტო სრულფასოვან ფოტოებს იღებენ, არამედ უამრავ მეცნიერულ მონაცემებს გადმოცემენ დედამიწაზე.
მარსიდან ინფორმაციის გადმოცემაში 3 მთავარი მოკავშირე მონაწილეობს – კოსმოსური კავშირგაბმულობის ცენტრი დედამიწაზე, მარსის ორბიტაზე მოძრავი თანამგზავრი და თვითონ მარსმავალი.
იმის გამო, რომ პლანეტა დედამიწა საკმაოდ სწრაფად ბრუნავს ღერძის გარშემო (საით და რა სიჩქარით მივქრით 2), მარსთან უწყვეტი კავშირის განსახორციელებლად სხვადახვა წერტილებში მდებარე მიმღებ-გადამცემი მოწყობილობაა საჭირო. აშშ, ესპანეთსა და ავსტრალიაში მდებარე სადგურები (DSN), დედამიწის ბრუნვასთან ერთად, ერთმანეთს გადასცემენ სტაფეტას და მარსმავალიც 24 საათი კავშირზეა.
მარსთან დასაკავშირებლად ყველაზე უფრო ხშირად ავსტრალიაში მდებარე სადგური გამოიყენება. ის 3 სხვადასხვა ზომის აქტიური ანტენისგან შედგება: 34 მეტრიანი DSN-34 და DSN-45, ასევე 70 მეტრზე მეტი ზომის მქონე “თეფშიანი” DSN-43.
მთლიანობაში, სადგური 4 სხვადასხვა ფუნქციას ასრულებს. მკაფიო სიგნალის მისაღებად, კანბერასთან (ავსტრალია) მდებარე სადგურმა არა მარტო კოდირებული მონაცემები უნდა მიიღოს, არამედ ორ პლანეტას შორის კომუნუიკაცია უნდა უზრუნველჰყოს, გარდაქმნას მონაცემები, ბრძანებები გაუგზავნოს მარსმავლებს და მოახდინოს თვითონ სადგურის მონიტორინგი.
მარსმავლისთვის გადასაცემი ინფორმაცია ჯერ DSN სადგურს გადაეცემა. მარსამდე ეს ინფორმაცია 5-10 წუთი მოგზაურობს, იმ შემთხვევაში, როცა წითელი პლანეტა შედარებით ახლოსაა ჩვენთან. სიგნალს ჯერ ორბიტული თანამგზავრი იღებს და ზედაპირზე მდებარე მარსმავალს გადასცემს მას.
მარსმავლები (ახლა მხოლოდ ერთი ფუნქციონირებს) სპეციალური ანტენებით არის აღჭურვილი. “ქიურიოსითის” 3 ანტენა აქვს: LGA – ინფრმაციის მიმღებია, UHF – გადამცემი, HGA კი ბრძანებების მიმღები.
ზოგჯერ, მარსმავლის მიერ გენერირებული ინფორმაცია იმდენად დიდია, რომ მისი ერთბაშად გადაცემა შეუძლებელია, ამიტომ NASA პრიორიტეტულობის მიხედვით იღებს მას, დანარჩენი კი იშლება.
2006 წლამდე მეკავშირის ფუნქციას ორბიტული “ოდისი” (ოდისევსი) ასრულებდა, ახლა კი მასთან ერთად მუშაობს უფრო ახალი “მარს რექონისენს ორბიტერი” (ორბიტული მზვერავი – MRO). ულტრათანამედროვე ინსტრუმენტებთან ერთად, MRO აღჭურვილია მაღალი გარჩევადობის სპეცკამერით – HiRISE.
სადგურებსა და MRO-ს შორის უწყვეტი კავშირი დაახლოებით 16 საათი გრძელდება, რადგან დანარჩენი დრო პლანეტის მეორე მხარეს ექცევა და მისი სქელი წიაღი სიგნალებს ახშობს.
პროცესის მოჩვენებითი სიმარტივის მიუხედავად, ახლა ერთსაათიანი ზარი მარსისკენ 10 000 დოლარი ჯდება. ასე რომ, თუ მომავალში მარსულ კოლონიასთან დაკაშირებას გადაწყვეტთ, ჯერ საკმაო რაოდენობის თანხის მოგროვება დაგჭირდებათ. ყოველ შემთხვევაში, ამ სტატიის წაკითხვის შემდეგ უკვე იცით, რატომ იქნება ეს ზარი ასეთი ძვირი (მარსის ორბიტული მზვერავები).