მილიარდერი იური მილნერი, მეზობელი უახლოესი ვარსკვლავის მონახულებას აპირებს. მილიონობით დოლარით შეიარაღებული, მეგობრების დახმარებით, რომელთა შორის სთივენ ჰოქინგიც არის, სილიციუმის ველის მეწარმეთა სიაში მყოფმა მილნერმა, პროექტი შეიმუშავა, სახელად – Breakthrough Starshot(Breakthrough Listen-ის გაგრძელება).
რა პროექტია ეს?
ამოცანა: საფოსტო მარკის ზომის აპარატის გაგზავნა კენტავრის ალფასკენ(ელვარე კენტავრის ალფა). ყოველი ნანოაპარატი(StarChip), კამერებით, ძრავებით, ნავიგაციისა და კომუნიკაციის მოწყობილობით იქნება აღჭურვილი. გამწევ ძალას, ყოველ მათგანზე გამობმული, ერთი მეტრის ზომის ლაზერული იალქანი წარმოქმნის, რომელსაც ლაზერის მძლავრი სხივი უბიძგებს.
ლაზერული იალქანი?
ვარსკვლავებს შორის მანძილი ძალიან დიდია, ამიტომ მოგაზურობა უაზროდ დიდი ხნით რომ არ გაგრძელდეს, კოსმოსური აპარატი სინათლის სიჩქარის 20%-მდე მაინც უნდა ავაჩქაროთ(სინათლის სიჩქარე), რაც ხსენებულ იალქანზე 100 მილიარდი ვატის სიმძლავრის ლაზერით დასხივებით იქნება შესაძლებელი(მზიური იალქნისგან განსხვავებით). ნანოხომალდი, კენტავრის ალფასთან 20 წლის მერე მიაღწევს, მაღალი სიჩქარით ჩაუქროლებს მას და არავინ იცის, მოასწრებს თუ არა რაიმე მნიშვნელოვანი ინფორმაციის დედამიწისკენ გამოგზავნას.
რა მოხდება, თუ ნანოაპარატი რამეს შეეჯახება?
სინათლის სიჩქარის 20%-ით მქროლ აპარატს, მტვრის ნაწილაკთან შეჯახებაც კი გაანადგურებს. ინჟინერთა აზრით, კოსმოსი იმდენად გაიშვიათებულია, რომ ასეთი შეჯახების შანსი ძალიან დაბალი უნდა იყოს.
რა მაგარია! როდის გვექნება კენტავრის ალფას სურათები?
ამ პროექტს 100 მილიონი არ ეყოფა, რადგან დამატებითი რესურსების მოზიდვის გარეშე Starshot ვერსად გაფრინდება, ხოლო StarChip-ის გაშვება კი მრავალმილიარდიან მოვლენად შეიძლება იქცეს.
რა საჭიროა ამხელა რესურსების ხარჯვა?
კენტავრის ალფა, გრანდიოზული ვარსკვლავთშორისი ფრენების დაწყებისკენ გადადგმული პირველი ნაბიჯი იქნება. მზის ახლო მეზობელი სისტემა სამმაგია – ორი მზისმაგვარი ვარსკვლავი და ერთიც მკრთალი მოწითალო კენტავრის პროქსიმა(სამიდან ყველაზე ახლოს ახლა ეს უკანასკნელია – 4,24 სინაათლის წელი; უახლოესი ვარსკვლავი „ჰაბლმა“ გადაიღო).
httpv://youtu.be/wMkWGN1G6Kg
პლანეტები თუ არის იქ?
შესაძლებელია. 2012 წელს მეცნიერებმა განაცხადეს(პლანეტები კენტავრის პროქსიმასთან), რომ კენტავრის ალფას B-სთან მყარი პლანეტობის კანდიდატი აღმოაჩინეს. სამწუხაროდ, ეს ვარაუდი არ დამტკიცდა, განმეორებითი დაკვირვებებით, პლანეტის მხრიდან ვარსკვლავზე მოქმედი გრავიტაციით გამოწვეული რყევების აღმოჩენა ვერ მოხერხდა(როგორ ეძებდნენ ეკზოპლანეტებს).
როგორ დავინახო კენტავრის ალფა?
ჩრდილოეთ ნახევარსფეროდან ამ ვარსკვლავური სისტემის დანახვა ძალიან ძნელია, რადგან ჰორიზონტს დიდი მანძილით არ შორდება, თუმცა, თუ ზუსტად გეცოდინებათ სად და როდის ეძებოთ, მის დანახვას მაინც შეძლებთ.
ნანოაპარატი რას დაინახავს?
წარმოუდგენელი სიჩქარით მოძრავი აპარატი, რომელსაც დედამიწა-მზის მანძილის დაფარვა საათში შეუძლია, ისე სწრაფად ჩაუქროლებს თავის სამიზნეს, რომ მის მიერ გადაღებულ ფოტოზე გადღაბნილი გამოსახულება აღიბეჭდება. სპეციალისტები, მაღალი სიჩქარით გადამღები ოპტიკის შექმნაზე მუშაობენ, თუმცა, თუ ეს არ მოხერხდა, გადღაბნილი ალფას გამოსახულების მიღებას 4 წელიწადზე მეტ ხანს უნდა ველოდოთ, რადგან სინათლის სხივზე მეტი სიჩქარით მოძრაობა შეუძლებელია.
განრიგი
- ათობით, ათასობით ან ათი ათასობით ზონდის გატანა დედამიწის მალხობელ ორბიტაზე.
- ზონდები შლიან იალქნებს და სასტარტო პოზიციაში დგებიან.
- დედამიწაზე, 1/1-ზე კმ. ზომის ფაზირებული მასივი იწყებს მუშაობას, რომელიც 20 მილიონი პატარა ლაზერული მასხივებლისგან შედგება(20/25-ზე სმ. აპერტურით). სხივების ფოკუსირება იალქანის ზედაპირზე.
- ატმოსფერული ხარვეზების კომპენსაცია ”ხელოვნური ვარსკვლავების” საშუალებით, ატმოსფეროს ზედა ფენებიდან და ზონდების გასატანი ხომალდის ზედაპირიდან, ასევე, იალქნიდან არეკლილი სიგნალით(ტელესკოპების ადაპტიური ოპტიკის მსგავსად).
- ლაზერის სხივით ზონდის რამდენიმე წუთიანი აჩქარება სინათლის სხივის სიჩქარის 20%-მდე(30 000 g).
- კენტავრის ალაფას სისტემაში მისვლა, პლანეტების აღმოჩენა და მათი ფოტოგრაფირება.
- დედამიწისკენ ორიენტირება, იალქნის გამოყენება, როგორც ფრენელის ლინზა და მასზე ლაზერული შიქდიოდიდან დასხივებით, მონაცმების გადმოცემა დედამიწის მიმართულებით.
- ამ სიგნალების მიღება ხუთი წლის მერე.
ეს ტექნოლოგია ახლო კოსმოსის გამოსაკვლევად თუ გამოგვადგება?
შეიძლება. რამდენიმე დღეში სინათლის სიჩქარის 20%-მდე აჩქარებული აპარატის მოგზაურობა, „ახალი ჰორიზონტების“ ათწლიან მოგზაურობაზე ნამდვილად ხანმოკლე იქნება.