მოხეტიალე პლანეტის ზუსტი მასა

 პირველად ისტორიაში, ასტრონომებმა, მარტოხელა პლანეტის მასა და ამ ობიექტამდე მანძილის ზუსტად დადგენა შეძლეს (science.org). ეს ე.წ. ობოლი პლანეტა, რომლის მასა დაახლოებით იუპიტერის მასის ერთი მეხუთედია, დედამიწიდან დაახლოებით 9,785 სინათლის წლის დაშორებით, ჩვენი გალაქტიკის, ირმის ნახტომის ცენტრისკენ მდებარეობს. მისი ზომა იმაზე მიუთითებს, რომ ის, სავარაუდოდ, პლანეტური სისტემის ფარგლებში ჩამოყალიბდა და შემდგომში, გრავიტაციული ურთიერთქმედებებით გამოიტყორცნა იქედან (მზის სისტემის დაკარგული ”ზედედამიწები”).

 ასეთი პატარა და მკრთალი ობიექტების პირდაპირი აღმოჩენა შეუძლებელია. მათი გამოვლენა გრავიტაციული მიკროლინზირების ეფექტით ხდება: როდესაც ასეთი პლანეტა დედამიწასა (დამკვირვებელსა) და შორეულ ფონურ ვარსკვლავს შორის ხედვის ხაზზე გაივლის, მისი გრავიტაცია ვარსკვლავის სინათლეს დროებით ამახინჯებს და აძლიერებს, რაც დამახასიათებელ სწრაფი ანთების ეფექტს ქმნის (ვიდეო). თუმცა, ლინზირების ობიექტის მასის დასადგენად აუცილებელია ამ ობიექტამდე მანძილის ცოდნა, რაც იზოლირებული პლანეტებისთვის უკიდურესად რთულია.

 ამ შემთხვევაში, მეცნიერებს დაკვირვებების უნიკალური კომბინაცია დაეხმარათ. მიკროლინზირების ეს მოვლენა 2024 წლის 3 მაისს, ჩილეში, სამხრეთ აფრიკასა და ავსტრალიაში მდებარე ტელესკოპებით დააფიქსირეს, ასევე კოსმოსური ტელესკოპით Gaia, რომელიც იმ დროს დედამიწიდან 1,5 მილიონი კილომეტრის დაშორებით მოძრაობდა. Gaia-სა და დედამიწაზე განლაგებული ობსერვატორიების პოზიციების სხვაობამ ე.წ. პარალაქსის ეფექტი შექმნა – ერთი და იგივე მოვლენის ორი ოდნავ განსხვავებული ხედვის კუთხით დამზერა, მსგავსი იმისა, თუ როგორ ითვლის ადამიანის ტვინი მანძილს ორივე თვალიდან მიღებული ინფორმაციის გამოყენებით. ამან შესაძლებელი გახადა ლინზირებულ პლანეტამდე მანძილის და, შესაბამისად, მისი მასის დიდი სიზუსტით გამოთვლა.

 ვარსკვლავამდე მანძილის დადგენა პარალაქსით. ირმის ნახტომის შიგნით, ანუ შედარებით ახლოს მდებარე ობიექტებამდე მანძილი, ჩვეულებრივი ტრიგონომეტრიული ფორმულებით იანგარიშება (პარალაქსი). თუ ცნობილია დედამიწის ორბიტის რადიუსი და ელიფსისაც (რაც უფრო შორსაა ვარსკვლავი, მით პატარაა ელიფსის ზომა), რომელსაც ვარსკვლავი ციურ სფეროზე, დედამიწის წლიური მოძრაობის დროს შემოწერს, მაშინ შესძლებელია ამ ვარსკვლავამდე მანძილის გაგებაც.

 ექსპერთა თქმით, ეს აღმოჩენა, სხვადასხვა ადგილიდან კოორდინირებული დაკვირვებების ძალას გვიჩვენებს და ხსნის ახალ გზებს თავისუფლად მოძრავი პლანეტების პოპულაციების შესასწავლად. კერძოდ, 2027 წელს, ნენსი გრეის რომანის სახელობის კოსმოსური ტელესკოპის გაშვების შემდეგ, რომელიც “ჰაბლზე” ათასობითჯერ უფრო სწრაფად შეისწავლის ცას (”ჰაბლი” – ოცდათხუთმეტი წელი ორბიტაზე !!!), მოსალოდნელია, რომ ასეთი კვლევები მნიშვნელოვნად უფრო ხშირი და დეტალური გახდება (მომხვდურმა პლანეტამ, დედამიწა გაარღვია და კონტინენტები გასწია).

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.