მეტეორიტი ფუკანი

 2000 წელს, ჩინეთის ჩრდილო-დასავლეთში (უდაბნო გობი), ქალაქ ფუკანის მახლობლად ნაპოვნი მეტეორიტი, შემომწვარ-შემომდნარი გარსით, სხვებისგან თითქოს არაფრით იყო გამორჩეული. მასში ჩამალული განძი, მხოლოდ გაჭრის მერე აღმოაჩინეს. ამ მეტეორიტის მეტალურ შემადგენელს (რკინა-ნიკელი) ფოროვანი სტრუქტურა აქვს, რომელიც ძალიან მყარი და მტკიცედ ჩამჯდარი მოყვითალო ”კენჭებით”(ოლივინის კრისტალები) არის შევსებული.

 ასეთ მეტეორიტებს, პალასიტების კლასს მიაკუთვნებენ. ეს სახელი გერმანელი მეცნიერის, პეტერ პალასის საპატივცემულოდ ეწოდა, რომელმაც პირველი ასეთი მეტეორიტი (პალასის რკინა) 1772 წელს გამოიკვლია. ამავე კლასს ეკუთვნის სეიმჩანიც, რომელიც 1967 წელს მაგადანთან (რუსეთი) იქნა ნაპოვნი. პალასიტებზე, მეტეორიტთა საერთო რაოდენობის მხოლოდ 1% მოდის.

 ოლივინი გვხვდება დედამწიაზეც (ქანების წრებრუნვა: მოგზაურობა დედამიწის ბირთვისკენ), რომელიც ერთ-ერთი ყველაზე უფრო გავრცელებული მინერალია. დიდი ზომის კრისტალებს კი იშვიათად თუ შეხვდები(ფორსტერიტის გამოკლებით – მაგნიუმის მაღალი შემცველობის მქონე ოლივინი, რომელთა კრისტალების ზომა 15 სანტიმეტრსაც აღწევს). ოლივინს ბევრი სახესხვაობა გააჩნია, მაგალითად, ქრიზოლითი, რომელიც ფუკანშიც არის. თან, ამ მომწვანო-ყვითელი კრისტალების ხარისხი იმდენად მაღალია, რომ ძვირფას ქვებად შეიძლება ჩაითვალოს. დედამიწისეულ ქრიზოლითთან შედარებით, მათში კალციუმისა და ნიკელის მინარევთა მცირე რაოდენობაა (მეტეორიტებზე მონადირენი).

 სპეციალისტებმა გამოითვალეს, რომ ოლივინის ასეთი დიდი კრისტალები იმ შემთხვევაში წარმოიქმნებოდა, თუ რკინა-ნიკელის მატრიცა გაცივებულ მდგომარეობაში, მასიური სხეულებიდან შორს, მინიმუმ 1 მილიარდი წლის განმავლობაში იქნებოდა. ითვლება, რომ ასეთი გარემო იყო დაუზიანებელი ასტეორიდების წიაღში, მაშინ, როცა მზის სისტემა ფორმირდებოდა – 4,5 მილიარდი წლის წინ (ხონდრიტები და ახონდრიტები; იშვიათი მეტეორიტების წარმომავლობა).

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.