ექვსკუდა ასტეროიდი

 ასტრონომებმა, რომლებიც მთავარ ასტეროიდულ სარტყელს ”ჰაბლით” იკვლევენ, აქამდე არნახული ობიექტი შეამჩნიეს – ექვსკუდა ასტეროიდი, ველოსიპედის ბორბლის წვრილი სოლებივით აქეთ-იქეთ მიმართული სხივებით(HubbleSite).

 მისი მოძმეებისგან განსხვავებულმა ობიექტმა – P/2013 P5, ასტრონომები სერიოზულდ დააფიქრა. მისი გარეგნობა რა მარტო უჩვეულოა, ის ძალიან სწრაფადაც იცვლება. სულ რაღაც 13 დღეში კუდების სტრუქტურა ძირფესვიანად შეიცვალა.

 P/2013 P5 პერიოდულად მტვრის ახალ პორციებს აფრქვევს, მინიმუმ 5 თვის განმავლობაში. როგორც ჩანს, მან ბრუნვის მაქსიმალურ სიჩქარეს მიაღწია, რომელზეც ზედაპირმა დაშლა დაიწყო, ხოლო მისი ფრაგმენტები სხვადასხვა მიმართულებებით გაიტყორცნენ. მეცნიერები, ობიექტის სხვასთან შეჯახების ვარიანტს სკეპტიკურად უყურებენ, რადგან ამ მოვლენისთვის დამახასიათებელი მტვრის მძლავრი ამონაფრქვევი არ დაუფუქსირებიათ.

 ასტეროიდი 27 აგვისტოს აღმოაჩინეს. უცნაურმა ობიექტმა, რომლის გადღაბნილი გამოსახულება ჰავაიზე არსებული Pan-STARRS-ის ტელესკოპით გადაიღეს, ასტრონომთა ყურადღება მიიპყრო, ამიტომ კვლევაში ”ჰაბლიც” იქნა ჩართული, რომელსაც უფრო მკაფიო ფოტოების მიღება შეუძლია. მათზე მეცნიერებმა ასტეროიდის ექვის კუდი გაარჩიეს. გარკვეული დროის მერე ჩატარებული გადაღებებით გაირკვა, რომ მისი გარეგნობა მთლიანად შეიცვალა. ასტეროიდი თითქოს კუდებიანად შემობრუნდა, რომლებმაც მიმართულებები შეიცვალეს.

 მოდელირებამ აჩვენა, რომ კუდები ამოფრქვევათა სერიებმა გააჩინეს, რომლებიც 15 აპრილს, 18 ივლისს, 24 ივლისს, 8 აგვისტოს, 26 აგვისტოსა და 4 სექტემბერს მოხდა. მზის გამოსხივების წნევამ ამონაფრექვევები წაგრძელებულ კუდებად აქცია, რადგან ასტეროიდის მცირე გრავიტაციას მათი ზედაპირთან შეკავება არ შეუძლია. მეცნიერთა შეფასებით, კოსმოსში 100-დან 1000-ტონამდე მტვერი გაიფანტა. ასტეროიდის მასა, რომლის დიამეტრი 400 მეტრია, ათასჯრ მეტია. თუ შემდგომი დაკვირვებებით გაირკვა, რომ მტვერი ეკვატორული რეგიონიდან ამოდის, ეს, წარმოდგენილი ჰიპოთეზისთვის სასარგებლო მოწმობა იქნება. არ არის გამორიცხული, რომ ბრუნვის აჩქარებით დაშლა საკმაოდ გავრცელებული მოვლენაა, შესაძლებელია, მცირე ზომის ასტეროიდთა განადგურების ყველაზე უფრო გავრცელებული მიზეზია(მზის სისტემა).

 P/2013 P5 უფრო დიდი ასეტროიდის ფრაგმენტი უნდა იყოს, რომელიც 200 მილიონი წლის წინათ დაიშალა. მისი სავარაუდო ”მოძმეები” მსგავს ორბიტებზე უნდა იყვნენ. ამ სხეულებისგან გაჩენილი მეტეორიტები, იმის ნიშნებს ავლენენ, რომ მათი შემადგენელი ნივთიერებები ერთ დროს 800⁰С-მდე გაცხელდა. ანუ, ობიექტი მეტამორფული ქანებისაგან შედგება, არ შეიცავს ყინულს, რაც მას კომეტისაგან განასხვავებს(კუდიანი ასტეროიდები და გზანი კომეტისანი; გრძელკუდა ასტეროიდი; PanSTARRS-ის ფართო კუდი).

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.