ჩვენი სამყაროს მდგრადობასა და მოძრაობას 4 ფუნდამენტური ძალა უზრუნველყოფს – გრავიტაცია, ელექტრომაგნიტიზმი, სუსტი და ძლიერი ბირთვული ურთიერთქმედება. კარგა ხანია, მეცნიერები მეხუთე ძალის არსებობას ვარაუდობდნენ და მგონი, უნგრეთის ბირთვული კვლევების ინსტიტუტის მენციერებმა მტკიცებულებებიც მიიღეს, ჰელიუმის ატომის დახმარებით.
მეხუთე ძალის არსებობის შესახებ მტკიცებულებები ამავე ჯგუფმა ჯერ კიდევ 2016 წელს მიიღო, ბერილიუმ-8-ის ატომის დაშლაზე დაკვირვებისას. ექსპერიმენტის მსვლელობისას მეცნიერები აკვირდებოდნენ სინათლეს, რომელსაც ბერილიუმის აგზნებული ატომი დაშლის წინა მომენტში ასხივებდა. თუ სინათლის ფოტონების ენერგია მაღალია, ის მაშინვე ელექტრონად და პოზიტრონად (ანტიმატერია) გადაიქცევა, რომელთა გაფანტვის კუთხე ფოტონის ენერგიაზეა დამოკიდებული, ენერგიის შენახვის კანონიდან გამომდინარე (ატომი).
თუმცა, მეცნიერებმა შეამჩნიეს, რომ ხსენებულ ნაწილაკთა დიდი რაოდენობა “შეუძლებელი” კუთხით იფანტებოდა – 140 გრადუსი. შეგროვებული მონაცემებიდან გამომდინარე, მეცნიერებმა დაასკვნეს, რომ ამ ანომალიაზე პასუხისმგებელი აქამდე უცნობი ნაწილაკი უნდა ყოფილიყო, უცნობი ძალის ბოზონი (მოკლედ ფუნდამენტური ურთიერთქმედებების შესახებ).
2016 წელს მიღებული შედგების დასამტკიცებლად, უნგრელი მეცნიერები 4 წლის განმავლობაში სხვა ექსპერიმენტებს ატარებდნენ, ამჯერად, ჰელიუმის ატომის გამოყენებით. როგორც მაშინ, ახლაც იქნა შემჩნეული “შეუძლებელი” კუთხით გაფანტული ელექტრონები და პოზიტრონები – 115 გრადუსი. მონაცემების ანალიზით დადგინდა, რომ უცნობი ნაწილაკის ენერგია 17 მეგაელექტრონვოლტია (მევ), სიცოცხლის ხანგრძლივობით 10-14 წამი, მას X17 შეარქვეს.
თუ X17 ილუზია ან ექსპერიმენტის ცდომილება არ არის, უკვე ცნობილ ფუნდამენტურ ურთიერთქმედებათა გადამტანი ნაწილაკებისგან ის სრულიად განსხვავებულად ზემოქმედებს ნეიტრონებსა და სხვა სუბატომურ ნაწილაკებზე. შესაძლებელია, სწორედ ამ ნაწილაკს აქვს რაღაც კავშირი თანამედროვე ფიზიკის ერთ-ერთ ყველაზე დიდ გამოცანასთან, რომელსაც ბნელ მატერიას უწოდებენ.
X17-ის ოფიციალურად ასაღიარებლად, დიდი ძალისხმევა და მეტი რაოდენობით ექსპერიმენტების ჩატარება იქნება საჭირო, რომლებიც მეცნიერთა დამოუკიდებელმა ჯგუფებმა უნდა ჩაატარონ. თუ X17 ნაწილაკის სტატუსს მიიღებს, მაშინ ელემენტარული ნაწილაკების სტანდარტული მოდელი გადასაკეთებელი გახდება, რათა ახალმა ნაწილაკმა და ძალამ თავისი ადგილი დაიმკვიდროს მასში.