ორმაგი სისტემა VFTS 352, დედამიწიდან 160 ათასი სინათლის წლის მანძილზე მდებარე ჯუჯა გალაქტიკის – მაგელანის დიდი ნისლეული, ტარანტულის ნისლეულში მდებარეობს და თავისი არსებობის დასასრულს უახლოვდება: მისი კომპონენტები ან ერთ გიგანტურ ვერსკვლავად გაერთიანდება, ან ორმაგ შავ ხვრელს წარმოქმნის (ტარანტულის ვარსკვლავების ისტორია).
სისტემა VFTS 352, ძალიან ცხელი, ელვარე და მასიური ორი ვარსკვლავისგან შედგება, რომლებიც საერთო მასათა ცენტრის გარშემო ბრუნვას, ერთ დღე-ღამეზე მცირე დროს ანდომებს. ვარსკვლავებს შორის მანძილი სულ რაღაც 12 მილიონი კილომეტრია (შედარებისთვის, დედამიწა – მზე – 150 მილიონი კილომეტრი).
ვარსკვლავთა ზედაპირები ერთმანეთს ეხება და თავისებურ „ხიდს“ წარმოქმნის. VFTS 352 არა მარტო ყველაზე მასიური ობიექტია მცირერიცხოვან „ზეკონტაქტურ ორმაგებს“ შორის, არამედ ყველაზე ცხელიც – სისტემაში შემავალი ვარსკვლავების ტემპერატურა 40 000 °C აჭარბებს (მზის ზედპირის ტემპერატურა 6 000 °C).
ასეთი ექსტრემალური ვარსკვლავები უმნიშვნელოვანეს როლს თამაშობენ გალაქტიკების ევოლუციაში, რადგან ითვლება, რომ სწორედ ისინია ისეთი ელემნეტბის მთავარი წყაროები, როგორიცაა ჟანგბადი. ასტრონომთა შეფასებით, სისტემის ნივთიერებათა დაახლოებით 30% „საზიარო“ მდგომარეობაშია.
VFTS 352-ის მსგავსი სისტემები უკიდურესად იშვიათია: ვარსკვლავთა სიცოცხლის ეს ფაზა ძალიან მოკლეა და მათი გადაღების ალბათობაც უკიდურესად მცირე.
შერწყმის შემთხვევაში, გიგანტური ვარსკვლავი წარმოიქმნება, რომელიც თავისი სწრაფი ბრუნვის გამო, სამყაროს ერთ-ერთ ყველაზე უფრო მძლავრ აფეთქებას გამოიწვევს – გრძელი გამა-ანთება (გამა-ანთებები: მათი წარმოშობა და როლი).
თუ ასე არ მოხდა, ობიექტი განვითარების სხვა გზას გაივლის, რომელიც კლასიკურ ვარსკვლავურ ევოლუციას არ ჰგავს. ეს ორი ვარსკვლავი ზეახლად აფეთქდება, შავ ხვრელთა მჭიდრო წყვილის ჩამოყალიბებით, რომელიც გრავიტაციული ტალღების წყარო იქნება.