”აღვმართოთ ჯავშნები და მარსზე გაფრენისთვისაც მზად ვართ”

 მძლავრი ზეგამტარი მაგნიტები, რომლებიც საპლანეტათშორისო ხომალდს კოსმოსური გამოსხივებისაგან იცავს, ფანტასტიკის სფეროდან სულ მალე რეალურ სამყაროში გადმოინაცვლებს – მოგვითხრობს ტიმ დინი (cosmosmagazine.com).

 კოსმოსში, ყველაზე უფრო დიდი სასიკვდილო საფრთხე, თავისი ბუნებით უჩინარია – კოსმოსური ხომალდის გარეთ ტემპერატურა იმდენად დაბალია, რომ მას წყალბადის გაყინვაც კი შეუძლია, ვაკუუმი კი ნებისმიერ უჯრედს გახეთქავს; თუმცა ყველაზე დიდ საშიშროებას უხილავი კოსმოსური გამოსხივება წარმოადგენს, რომელიც ხომალდის შიგნითაც თავისუფლად აღწევს (რადიაცია მარსისკენ მიმავალ გზაზე; რადიაცია ჩვენს გარშემო).

 მაღალი ენერგიის მქონე დამუხტული ნაწილაკები (რეკორდსმენი სხივები), სამყაროში კატასტროფულ მოვლენათა შედეგად წარმოიქმნება, როგორიცაა, მაგალითად, ზეახალი ვარსკვლავის აფეთქება.  ეს გამოსხივება კოსმოსში დაუბრკოლებლად მიედინება და მისგან დამცავი საშუალება თითქმის არ არსებობს. ამ გამოსხივებას ემატება მზიდან ამოფრქვეული კორპუსკულური ნაწილაკების (პროტონები, ელექტრონები…) დიდი ოდენობა, რომელთა ენერგეტიკა შედარებით დაბალია, მაგრამ სიხშირე – გაცილებით მაღალი.

 მარსისკენ მოგზაურობას და დაბრუნებას, დღევანდელი ტექნოლოგიებით, დაახლოებით 2 წელი ესაჭიროება. ამ დროის განმავლობაში ასტრონავტები იმდენად დასხივდებიან, რომ მათ ორგანიზმში კიბოს განვითარება თითქმის გარდაუვალი იქნება” – ამბობს რობერტო ბატისონი, იტალიის ტრენტოს უნივერსიტეტის ფიზიკის პროფესორი. – ”ჩვენი ტექნოლოგიის წყალობით კი ეს რისკი 20%-ზე დაბალი მაინც იქნება”.

 ამრიგად, ბატისონი და მისი კოლეგები მუშაობენ ნაგებობაზე, რომელიც ფანტასტიკურ კოსმოსურ ხომალდს – ”ენტერპრაიზს” მოგვაგონებს, სერიალიდან ”კოსმოსური ბილიკები”. მას კოსმოსური რადიაციის ამრეკლავი ზეგამტარი ჯავშანი (SR2S – Space Radiation Superconductive Shield) ეწოდება. ის თითქოსდა ჩვენი პლანეტის დამცავი მაგნიტური ველის  ანალოგიურ ველს ქმნის (მოგზაურობა დედამიწის მაგნიტურ სარტყელში), რომელიც ეკიპაჟის საცხოვრებელი მოდულებიდან კოსმოსურ გამოსხივებას აირეკლავს.

 კოსმოსური ხომალდის დამცავი მაგნიტური ველი ახალი იდეა არ არის. ის ჯერ კიდევ გერმანელ-ამერიკელმა ინჟინერმა – ვერნერ ფონ ბრაუნმა წამოაყენა კოსმოსურ ერაში. ფონ ბრაუნმა და მისმა თანამოაზრეებმა კარგად იცოდნენ, რომ მავთულის კოჭაში ელექტრული დენის გავლისას მის გარშემო მაგნიტური ველი წარმოიქმნება. ამგვარად, კოჭაში ”ჩაფლული” კოსმოსური ხომალდის იდეა მათ ეკუთვნის. მაგრამ პრობლემა ისაა, რომ მაგნიტური ველის გენერაცია დიდ ენერგიას მოითხოვს და ის თვით ხომალდისათვის ფრენის განსახორციელებლად საკმარისი აღარ არის.

 სწორედ ამაში მდგომარეობს ზეგამტარის შექმნის არსი – ამ ნაგებობაში ელექტრული დენი თავისთავად მიედინება – საკმარისია მისი მხოლოდ ერთჯერადად დამუხტვა და იგი დამატებით ენერგიას აღარ მოიხმარს: ”კოჭა მზის გამოსხივების მეშვეობით შეიძლება დაიმუხტოს, რასაც მხოლოდ რამდენიმე ათეული კილოვატი ესაჭიროება” – ამბობს ბატისონი.- ”და ერთხელ დამუხტვის შემდეგ ის წლების განმავლობაში აღარ განიმუხტება, თავისი ზეგამტარი თვისებების გამო”.

 ზეგამტარი მხოლოდ ძალიან დაბალ ტემპერატურაზე ფუნქციონირებენ, ამიტომ კოსმოსი იდეალური ადგილია – კოსმოსის ტემპერატურა მხოლოდ 10 კელვინს შეადგენს, რაც -263° C -ის ტოლია.

 თუმცა არის ერთი მნიშვნელოვანი საკითხი, რაც გადაჭრას მოითხოვს: მზისკენ მიმართული მავთული შეიძლება დამუხტვის დროს ძალიან გაცხელდეს და მთელი კოჭა გადაახუროს, რაც მისი ზეგამტარული თვისებების უცაბედ დაკარგვას გამოიწვევს; ამიტომ ბატისონი და მისი ჯგუფი მსუბუქი და ეფექტური კრიოგენული სისტემის შექმნაზე მუშაობენ, რაც  კოჭას ამგვარი გადახურებისაგან საიმედოდ დაიცავს.

 ბატისონი ამბობს, რომ ყველაფერი, რაც კოსმოსში მოგზაურობას უკავშირდება, თავიდან ყოველთვის ფანტასტიკაა და ირწმუნება, რომ მისი იდეა სულ რაღაც 5-10 წელიწადში იქცევა რეალობად: ”ჩვენ აღვმართავთ ჯავშნებს და გავფრინდებით მარსისაკენ” – ამბობს მეცნიერი.

zegamtariANI FARI

 1. დიდი სიმკვრივის მქონე პოლიეთილენი მაგნიტებს კოსმოსური მტვრისა და მიკრო-მეტეორიტებისაგან დაიცავს;

 2. ზეგამტარის ელექტრული მავთულები მარყუჟოვან სტრუქტურის ლიანდაგებშია ჩახვეული და დედამიწის მაგნიტურ ველზე 3000-ჯერ უფრო მძლავრ მაგნიტურ ველს ქმნიან, რაც კოსმოსის დამაზიანებელ სხივებს ”განზე გადასწევს”;

 3. მზის დამცავი ეკრანი ზეგამტარის მავთულების კოჭებს გადახურებისაგან იცავს და უნარჩუნებს მას ზეგამტრაობისათვის აუცილებელ დაბალ ტემპერატურას;

 4. მაგნიტები გარს ერტყმის ცილინდრული ფორმის ”საცხოვრებელ არეს”, სადაც ასტრონავტები ცხოვრობენ მარსისკენ და უკან, დედამიწისაკენ მოგზაურობის განმავლობაში.  ზემძლავრი საიზოლაციო პანელები საშუალებას არ აძლევს საცხოვრებელი გარემოს სითბოს, რომ ზეგამტარის კოჭები გაათბოს.

 5. მხოლოდ ხომალდის ”ცხვირის წვერი” და საპირისპირო ბოლოს განლაგებული საწვავის საქშენებია გამოწეული დამცავი მაგნიტური ველის მიღმა (დამცავი ველი: როგორც კინოში; კოსმოსის დამპყრობლის ჭეშმარიტი სახე).

ავტორი: მარიკა ტარასაშვილი (ასტრობიოლოგი).

3 comments

  1. მომეწონა მარიკა.ძალიან კარგია.. 🙂

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.