არიეტიდები (ლათინურიდან Aries — ვერძი) ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი რადიო (ან დღის) მეტეორული წვიმაა. აქტივობის პერიოდი გრძელდება 22 მაისიდან 2 ივლისამდე, მაქსიმუმით 7 ივნისს. მეტეორების საათობრივი რაოდენობა საათში (ZHR) 30-ს მიაღწევს. ისინი დედამიწის ატმოსფეროში 39 კმ/წმ სიჩქარით იჭრებიან. ზოგიერთი ასტრონომი ნაკადის (ფრაგმენტების) წყაროდ ასტეროიდ (1566) იკაროსს თვლის, ზოგი კი კომეტა 96P/მახჰოლცს. ბოლოდროინდელი კვლევები არიეტიდებს, მარსდენის ჯგუფის კომეტა P/1996 J6-თან (SOHO) აკავშირებს, რომელიც შესაძლოა კომეტა 96P/მახჰოლცის ნაწილი იყოს.
რადიომეტეორული ასტრონომია, ასტრონომიისა და რადიოფიზიკის დარგია, რომელიც დედამიწის ატმოსფეროში შემოჭრილი კოსმოსური სხეულების პლაზმურ (იონიზებულ) კვალს, რადიომეთოდების გამოყენებით შეისწავლის (მოკლედ რადიოტალღებისა და რადიოასტრონომიის შესახებ).
დედამიწის ატმოსფეროში შემოჭრილი მეტეორი, მის შემომფარგლავ ჰაერს რამდენიმე ათას გრადუსამდე აცხელებს, რაც თავის მხრივ, ამ ჰაერის იონიზაციის მიზეზია, ანუ ხდება ელექტრონების ამოგდება ატმოსფეროს შემადგენელი აირებიდან, ძირითადად, აზოტისა და ჟანგბადის ატომებიდან. შედეგად, ატმოსფეროში მეტეორის მოძრაობის ზოლის გასწვრივ პლაზმური კვალი წარმოიქმნება, რომელიც დროთა განმავლობაში ფართოვდება. მის „ყველაზე ცხელ“ ნაწილს, წამზე მცირე ხანგრძლივობის ელვარე კვალის სახით ვხედავთ. იმის გამო, რომ პლაზმა გარკვეული სიგრძის რადიოტალღებისთვის ერთგვარი „სარკეა“, მეტეორების დასაკვირვებლად რადიო მეთოდების გამოყენების იდეა გაჩნდა. თუ რადიოსიგნალებს მეტეორული ნაკადის შემოჭრის მიმართულებით გავაგზავნით, ნაკადის პლაზმური ღრუბლებიდან არეკვლის მერე, ის უკანვე დაგვიბრუნდება, როგორც ეს თვითმფრინავების რადიოლოკაციის დროს ხდება. ზოგჯერ, სიგნალი მიიღება ისეთი რადიოსადგურებიდან, რომლებიც პირადაპირი ხედვის არეში არ არის. ამ მოვლენით სარგებლობენ რადიომოყვარულებიც, ძალიან შორს მყოფ მოყვარულებთან კავშირის დასამყარებლად – პლაზმურ კვლებზე არეკლილი მოკლეტალღიანი რადიოგამოსხივება გაცილებით მეტ მანძილზე ვრცელდება.
არიეტიდების შემოჭრის წერტილი (რადიანტი) ვერძის თანავარსკვლავედში მდებარეობს. დღის არიეტიდების მეტეორები ხილული იქნება გამთენიისას და მათი დანახვა დამკვირვებლისთვის არც ისე მარტივი ამოცანაა. ცალკეული მეტეორების დაკვირვება შესაძლებელი იქნება შეუიარაღებელი თვალით ან ბინოკლით: დილით, მზის ამოსვლამდე დაახლოებით ერთი საათით ადრე.
ეს მეტეორული წვიმა, ჯორდელ ბენკის ობსერვატორიიდან (ინგლისი), 1947 წლის ზაფხულში აღმოაჩინეს, რადიოდაკვირვებების დროს. არიეტიდები (ζ-პერსეიდებთან ერთად) რადიოდიაპაზონში დაკვირვებისთვის საუკეთესო წვიმებს შორისაა. მათი მაქსიმუმები დროში ერთმანეთს ემთხვევა (სხვა მეტეორული წვიმები).