აინშტაინის ფარდობითობის თეორია გიგანტი ვარსკვლავისა და უზარმაზარი შავი ხვრელის მეშვეობით შეამოწმეს

 ჩვენი გალაქტიკის ცენტრთან მოძრავმა გიგანტურმა ვარსკვლავმა, აინშტაინის ფარდობითობის თეორიის მართებულობა კიდევ ერთხელ დაადასტურა(space.com).

httpv://youtu.be/duoHtJpo4GY

 გერმანელი და ჩეხი ასტრონომების ჯგუფი ირმის ნახტომის ცენტრთან მდებარე ვარსკვლავურ გროვაში არსებულ სამ ვარსკვლავს დააკვირდა. ძალიან დიდი ტელესკოპით(ESO) მიღებული გამოსახულებების მეშვეობით, მეცნიერებმა უზარმაზარი შავი ხვრელის გარშემო ამ სამი ვარსკვლავის გადაადგილების ტრაექტორიები დიდი სიზუსტით განსაზღვრეს.

 ერთ–ერთი ვარსკვლავი, სახელად S2, ორბიტიდან მცირეოდენ გადახრას გვიჩვენებს, რაც მეცნიერთა აზრით, რელატივისტურ ეფექტზე უნდა მიუთითებდეს. შედეგების დადასტურების შემთხვევაში დამტკიცება, რომ აინშტაინის ფარდობითობის თეორია ექსტრემალურ ძალთა ურთიერთქმედების დროსაც მუშაობს – მაგალითად, 4 მილიონი მზის მასის მქონე შავი ხვრელის მიერ წარმოქმნილ გრავიტაციულ ველში. როგორც ფარდობითობის თეორია ამბობს, მასიური ობიექტები თავიანთ გარშემო სივრცეს ამრუდებენ და მათ სიახლოვეს განთავსებულ ობიექტებს მოძრაობის წრფივი ტრაექტორიიდან გადაანაცვლებენ.

 ზემასიური შავი ხვრელის მდებარეობის ადგილი ირმის ნახტომში და გიგანტი ვარსკვლავი S2; გამოსახულება ახლო ინფრაწითელ დიაპაზონში გადაიღო ევროპის სამხრეთ ობსერვატორიის ჩილეში განთავსებულმა ძალიან დიდმა ტელესკოპმა. შავი ხვრელის ზუსტი ადგილმდებარეობა ნარინჯისფერი ჯვრითაა აღნიშნული(ESO/MPE/S. Gillessen et al).

 ”ფარდობითობის თეორიის ტესტირება აქამდე მხოლოდ ჩვენი მზისა და მზის რამდენიმე მასის მქონე ვარსკვლავების მაგალითებზე ხდებოდა. ახლახანს, ლაზერული ინტერფერომეტრიის გრავიტაციული ტალღების ობსერვატორიაში რამდენიმე ათეული მზის მასის მქონე ვარსკვლავებსაც დააკვირდნენ” – ამბობს კვლევითი ჯგუფის ხელმძღვანელი ანდრეას ექჰართი, კიოლნის(გერმანია) უნივერსიტეტის ექსპერიმენტული ფიზიკის პროფესორი.

 “ჩვენი დაკვირვების ობიექტები შავ ხვრელთან იმდენად ახლოსაა, რომ სინათლის სიჩქარის 1–2%–ს ანვითარებენ და მას 100 ასტრონომიულ ერთეულზე(საშუალო მანძილი დედამიწასა და მზეს შორის) ნაკლებ მანძილზე უახლოვდებიან. შედარებისთვის, პლუტონი მზიდან საშუალოდ 39 ასტრონომიული ერთეულითაა დაშორებული(324 სინათლის წუთი), რაც დაახლოებით 4,4-7,4 მილიარდ კილომეტრს შეადგენს”.

httpv://youtu.be/-aKVw2Ol-Ek

 რელატივისტური ეფექტის საჩვენებლად, ორბიტაზე მოძრავი სხეულების გამოყენება პირველად ჯერ კიდევ მე–19 საუკუნეში დაიწყეს, როდესაც პლანეტა მერკურის მოძრაობამ ისააკ ნიუტონის გრავიტაციული თეორიით განსაზღვრული ტრაექტორიიდან მცირეოდენი გადახვევა აჩვენა.   თავიდან, ასტრონომებმა იფიქრეს, რომ ადგილი ჰქონდა სხვა პლანეტის გრავიტაციულ ზემოქმედებას, რომელსაც პირობითად “ვულკანი” უწოდეს(ვულკანი არ არის: სიცარიელე მზესთან); თუმცა 1915 წელს გაირკვა, რომ ეს გადახვევა აინშტაინის ფარდობითობის თეორიით აიხსნებოდა.

 მერკურის მოძრაობამ აინშტაინის თეორიის მართებულობა ბევრჯერ დაადასტურა, თუმცა მზის გრავიტაცია სუპერმასიური შავი ხვრელის გრავიტაციას ბევრად ჩამოუვარდება; ამიტომ, ექჰართის ჯგუფმა ფარდობითობის თეორიის ექსტრემალური გრავიტაციის პირობებში შემოწმება გადაწყვიტა. ვიზუალურად, გრავიტაციული ლინზირება კარგად გვიჩვენებს, რომ მასიური ობიექტები სივრცეს ამრუდებენ, თუმცა, ამ ექსპერიმენტით, შავი ხვრელის ორბიტაზე მოძრავი ობიექტების ზუსტი მათემატიკური მონაცემები პირველად იქნა მოპოვებული.

 ილუსტრაციაზე ნაჩვენებია სამი ვარსკვლავის, მათ შორის გიგანტი მნათობის – S2, გადაადგილება ირმის ნახტომის ზემასიური შავი ხვრელის გარშემო. მეცნიერების აზრით, ვარსკვლავთა ორბიტულ მოძრაობებში გამოვლენილი გადახრები, აინშტაინის ფარდობითობის თეორიის მიერ შემოთავაზებული რელატივისტური ეფეტის პრაქტიკულ დადასტურებას წარმოადგენს(ESO/M. Parsa/L. Calçada).

 ექჰართი და მისი ჯგუფი აპირებს, ვარსკვლავებზე დაკვირვების შედეგად მიღებული გაზომვები სპექტროგრაფის გამოყენებით გაამყაროს, ვინაიდან ეს ხელსაწყო მნათობების, მათ შორის S2 –ის ორბიტულ მოძრაობას კიდევ უფრო მეტი სიზუსტით განსაზღვრავს.

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.