გავარვარებული გაზისაგან შემდგარი მორევის ცენტრში ობიექტია, რომლის დანახვა შეუძლებელია – შავი ხვრელი( შავი ხვრელი). ხვრელის არსებობა და მისი სავარაუდო მახასიათებლები მასთან ახლოს მბრუნავი გაზის გამოსხივების მიხედვით არის შესაძლებელი. მაგალითად, ობიექტ GRO J1655-40-ის გარსშემომფარგლავი გაზის გამოსხივებაში უჩვეულო ციმციმი დაფიქსირდა, სიხშირით 450-ჯერ წამში. მეცნიერთა შეფასებით ცენტრალური ობიექტის მასა 7-ჯერ მეტია მზისაზე, აქედან გამომდინარე, სწრაფი ციმციმი ამ ხვრელის ძლიან მაღალი სიჩქარით ბრუნვით შეიძლება აიხსნას. პროცესი, რომელიც ამ ციმციმს იწვევს აკრეციულ დისკოებში შავი ხვრელებისა და ნეიტრონული ვარსკვლავების გარშემო, უცნობია და კვლევის საგნად რჩება.
ერთი თვის წინ ერთ ისლანდიელ ფოტოგრაფს ძალიან გაუმართლა, მან პოლარული ნათებით გაბრწყინებული ცა დაინახა და რისი ფოტოგრაფი იქნებოდა, რომ სანახაობა ფირზე არ აღებეჭდა. ფოტოს წინა პლანზე სტრატოვულკანი ერაივაიიოკუდლი ჩანს. უკან კი, სხვა ციურ განძეულობასთან ერთად, პოლარული ნათებიდან მარცხნივ, ორიონის თანავარსკვლავედი განლაგებულა. პოლარული ნათება მაღალი ენერგიების ნაწილაკებით არის გამოწვეული, რომლებიც მზიდან მოფრინავენ და დედამიწის მაგნიტოსფეროს ეხლებიან. მაღალი ენერგიების ელექტრონები და პროტონები წვიმასავით მიედინებიან პოლარული რაიონებისკენ და ატმოსფეროს ეჯახებიან. შეჯახება ჟანგბადის მოლეკულებში ელექტრონებს აღაგზნებს, ხოლო თავიანთ დონეებზე დაბრუნებისას, ჟანგბადის მოლეკულები, მაგალითად, მწვანე ნათებას ასხივებენ. ციალს სხვა ფერებისა და ფორმების მიღბაც შეუძლია.