შორეულ 1859 წელს, თავის ფუნდამენტურ სამეცნიერო ნაშრომში – “სახეობათა წარმოშობა”, ინგლისელი ნატურალისტი, ჩარლზ დარვინი წერდა, რომ მილიარდობით წლის წინ, დედამიწაზე გაჩნდა ორგანიზმი, რომელიც ჩვენს პლანეტაზე არსებული სიცოცხლის საერთო წინაპარი იყო (nature.com). მისი წყალობით, ადამიანები და პაწაწინა მიკრობებიც კი ძალიან შორეული, მაგრამ მაინც ნათესავები არიან. მაშინ ეს, მხოლოდ ვარაუდი იყო, თანამედროვე მეცნიერებს კი უკვე მტკიცებულებაც აქვთ იმისა, რომ ყველა ცოცხალი ორგანიზმის საერთო წინაპარი ნამდვილად არსებობდა, მას უწოდეს LUCA (ბოლო უნივერსალური საერთო წინაპარი). მიკრობების დიდი რაოდენობით გენეტიკური მონაცემების შესწავლით, მეცნიერებმა შეძლეს ბევრი საინტერესო რამ გაეგოთ ამ არსების შესახებ.
ჩვენი პლანეტის ყველა ცოცხალი არსება იყოფა ორ დიდ ჯგუფად: პროკარიოტებად და ეუკარიოტებად. პირველ ჯგუფში შედის ორგანიზმები, რომლებსაც არ აქვთ ბირთვი (ბაქტერიები და არქეები). მეორე ჯგუფი წარმოდგენილია ორგანიზმებით, რომელთა უჯრედები შეიცავს ბირთვებს (ადამიანი, მცენარეები, სოკოები და ა.შ.).
ძნელი დასაჯერებელია, რომ სრულიად განსხვავებულ ცოცხალ ორგანიზმებს, როგორიც ადამიანები და მიკრობებია, საერთო წინაპარი ჰყავდა. თუმცა, მეცნიერებმა ბევრი იშრომეს და უკვე დარწმუნებულნი არიან, რომ პროკარიოტებსა და ეუკარიოტებს ბევრი საერთო გენი აკავშირებს. ისინი გადმოეცათ ერთი არსებისგან, რომელიც მილიარდობით წლის წინ გაჩნდა. და მაინც, ჩვენ მართლაც გვყოლია საერთო წინაპარი, ნატურალისტი ჩარლზ დარვინი მართალი აღმოჩნდა.
იმის გასარკვევად, თუ როგორ და სად ცხოვრობდა პლანეტის უძველესი ორგანიზმი, გერმანელმა მეცნიერებმა, 6 მილიონზე მეტი გენის გენეტიკური ანალიზი ჩაატარეს. აღმოჩნდა, რომ თანამედროვე ორგანიზმებს შორეული წინაპრისგან მხოლოდ 355 გენი გადაეცა. ამ გენების აღმოჩენის წყალობით, მეცნიერებმა შეძლეს დაედგინათ, რომ LUCA ძალიან მდგრადი ორგანიზმი იყო ექსტრემალური პირობების მიმართ (ახალი აღმოჩენების მიხედვით, დედამიწაზე არსებული სიცოცხლე 3,77 მილიარდ წელზე მეტი ხნისაა).
LUCA-მ თანამედროვე ბაქტერიებს გენები გადასცა, რომლებიც მათ საშუალებას აძლევს ჰაერის გარეშე იარსებონ. ასევე, უძველესი არსება თერმოფილიც იყო, ანუ არ ეშინოდა მაღალი ტემპერატურების. ამ ყველაფრის საფუძველზე მეცნიერებმა დაასკვნეს, რომ LUCA ბინადრობდა ისეთ ადგილებში, სადაც არ იყო ჟანგბადზე წვდომა და გარემოს ტემპერატურაც ცელსიუსით 42 გრადუსს აღწევდა. ის არც მტაცებელი იყო და არც ბალახისმჭამელი, საკვების ასეთი წყაროები მაშინ ჯერ კიდევ არ არსებობდა. მეცნიერების აზრით, უძველესი არსება არაორგანული ნივთიერებებისგან იღებდა ენერგიას (მეტეორიტების მჭამელი მიკროორგანიზმები).
გენების ანალიზიდან გამომდინარე, LUCA-ს, ყველაზე მეტად, თანამედროვე მეთანოგენები და აცეტოგენური ბაქტერიები ჰგავს. მეთანოგენები ერთუჯრედიანი ორგანიზმებია, რომლებიც ჟანგბადის გარეშე არსებობენ და წარმოქმნიან მეთანს. აცეტოგენური ორგანიზმებიც ჟანგბადის გარეშე ცოცხლობენ და წარმოქმნიან აცეტატებს – მარილებს და ძმარმჟავას ეთერებს. მეთანოგენები ჩვენს პლანეტაზე დაახლოებით 2,2 მილიარდი წლის წინ გამოჩნდა. დღეს ისინი და აცეტოგენური ბაქტერიები გვხვდება ჰიდროთერმულ გარემოში, რომელიც მათი სიცოცხლისთვის მნიშვნელოვანი გოგირდით და სხვა ნივთიერებებით არის მდიდარი.
რა თქმა უნდა, ყველაფერი, რაც ზემოთ წერია, მხოლოდ აისბერგის მწვერვალია. თუ მეცნიერები კიდევ უფრო მეტად ჩაღრმავებას შეძლებენ, ყველა ცოცხალი ორგანიზმის მთავარი წინაპრის შესახებ კიდევ უფრო მეტს გაიგებენ. ახლა უკვე დარწმუნებით შეგვიძლია ვთქვათ, რომ დედამიწაზე სიცოცხლე ექსტრემალურ პირობებში გაჩნდა. ეს სავსებით ლოგიკურია, იმის გათვალისწინებით, რომ მილიარდობით წლის წინ, ჩვენი პლანეტა უკიდურესად საშიში ადგილი იყო (უძველესი ვულკანები და სიცოცხლე; ისევ სიცოცხლის წარმომავლობის შესახებ).
მიუხედავად იმისა, რომ დედამიწაზე 8 მილიარდზე მეტი ადამიანი ცხოვრობს, ჩვენს პლანეტას არ შეიძლება ეწოდოს იდეალური (უცხო სიცოცხლე). ზოგან ძალიან ცხელა, ზოგან კი მთელი წლის განმავლობაში ყინავს. დამანგრეველი მიწისძვრები, ქარიშხლები და სხვა ბუნებრივი თუ ადამიანის მოღვაწეობით გამოწვეული სტიქიური მოვლენებიც არ უნდა დაგვავიწყდეს (ნიკელბეკი, მზე და სიცოცხლის წარმოშობა. კიდევ სიცოცხლის შესახებ).