ყველაზე ძლიერი აფეთქება

 გველისმჭერის თანავარსკვლავედში მდებარე გალაქტიკათა ზეგროვაში მომხდარი მოვლენის ნარჩენი იმაზე მიუთითებს, რომ ეს ყველაზე ძლიერი აფეთქება იყო, რაც აქამდე სამყაროს გაჩენის მერე მომხდარა (რა არის დიდი აფეთქება?).

 მოვლენის ადგილამდე მანძილი 390 მილიონი სინათლის წელია. აფეთქება, რა თქმა უნდა, მეცნიერებს არ უნახავთ, ის მილიონობით წლის წინათ მოხდა, მის სიმძლავრეზე კი გალაქტიკათა გროვის შემომფარგლავი გაზის გიგანტური ბუშტი მეტყველებს.

 აფეთქების ადგილი ამ გროვის დომინანტი გალაქტიკის ცენტრალურ ზემასიურ შავ ხვრელთან ახლოს არის. მიზეზი კი ჯერჯერობით დაუდგენელია. cD კლასის ელიფსური გალაქტიკები განსაკუთრებულად მასიური გალაქტიკებია, აქვთ ვარსკვლავებისგან შემდგარი გიგანტური ჰალო და ძირითადად, გალაქტიკათა გროვების ცენტრთან დაიმზირბა, ამიტომაც უწოდებენ დომინანტს.

 მოვლენის კვალი, პირველად, რენტგენის დიაპაზონში იქნა აღმოჩენილი (“ჩანდრა”/NASA), თუმცა წარმოუდგენელად დიდი ენერიის გამო, ძალიან ძნელი იყო ერთეულ შემთხვევასთან მისი დაკავშირება. მომხდარის მასშტაბების შეფასება მასზე რადიოტელესკოპებით მეტრულ დიაპაზონში დაკვირვებით მოხერხდა.

 აღსანიშნავია, რომ აფეთქებით გაჩენილი გაზის ბუშტი გროვის ერთ მხარეს დაიმზირება. კვლევის ავტორთა აზრით, გასული დროის განმავლობაში გაზის ნაწილი განიავდა ან შეიკუმშა (arxiv.org).

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.