უცხო სიცოცხლის ძებნის მეთოდი

 არამიწიერი სიცოცხლის ძებნა, უდავოდ, ჩვენი დროის ერთ-ერთი ყველაზე ღრმა მეცნიერული გამოწვევაა(The Astronomy Journal). თუ მისი აღმოჩენა სხვა ვარსკვლავებთანაც მოხერხდა, ბოლოს და ბოლოს გავიგებთ, რომ სიცოცხლის არსებობა მზის სისტემის ფარგლებს გარეთაც არის შესაძლებელი. ასეთ შორეულ მანძილებზე სიცოცხლის კვალის დანახვა უკიდურესად ძნელი საქმეა. ასტრონომები ახალი ტექნიკური საშუალებების შექმნაზე მუშაობენ, რომლებიც მომავალი თაობის ძლიერ ტელესკოპებზე დაყენდება(ახალი ”სათამაშო” ეგზოპლანეტებზე მონადირეთათვის).

 ჯუჯა ვარსკვლავის TRAPPIST-1, სისტემის აღმოჩენამ დიდი აჟიოტაჟი გამოიწვია. მისი შემადგენელი შვიდი ეგზოპლანეტიდან სამი, სიცოცხლის გაჩენისთვის თავსებად ზონაში ბრუნავს. ეს არის ორბიტა ნებისმიერი ვარსკვლავის გარშემო, რომელზე მოძრავ პლანეტაზე არც ძალიან ცხელა და არც ძალიან ცივა – წყალი თხევად მდგომარეობას ინარჩუნებს.

 დედამიწაზე, ყველგან სადაც თხევადი წყალია, არის სიცოცხლეც, ამიტომ თუ TRAPPIST-1-ის ხსენებული სამეულიდან რომელიმეს ზედაპირზე მაინც არის თხევადი წყალი, მაშინ სიცოცხლეც შეიძლება იყოს.

 TRAPPIST-1-ის სასიცოცხლო პოტენციალი სუფთა თეორიაა. სისტემამდე მანძილი 39,5 სინათლის წელია და ჩვენ წარმოდგენა არა გვაქვს, რომელიმე მათგანის ატმოსფეროში მაინც თუ არის წყალი. ან საერთოდ, აქვს კი რომელიმე მათგანს ატმოსფერო? მხოლოდ ის ვიცით, რა პერიოდით ბრუნავენ დედავარსკვლავის გარშემო და მათი ფიზიკური ზომები.

 კალიფორნიის ტექნოლოგიური ინსტიტუტის ლაბორატორია ET Lab, ეგზოპლანეტური ბიოსიგნატურების – ჟანგბადისა და მეთანის მოლეკულების ძებნის ახალ სტრატეგიაზე მუშაობს. ეს მოლეკულები სხვა ქიმიურ ელემენტებთან ადვილად რეაგირებენ და პლანეტის ატმოსფეროში მალევე იშლებიან. ატმოსფეროში მეთანის სპექტროსკოპული ”ანაბეჭდის” დანახვა იმის მანიშნებელი შეიძლება იყოს, რომ მას ბიოლოგიური პროცესები წარმოქმნის. სამწუხაროდ, უბრალოდ აიღო და ყველაზე უფრო ძლიერი ტელესკოპი TRAPPIST-1-ისკენ მიმართო, მისი პლანეტების ატმოსფეროში მეთანის კვალის საძებნელად, საკმარისი არ არის. ასტრონომებს იქედან წამოსული სინათლის ანალიზის შესაძლებლობა უნდა მიეცეთ, რისთვისაც ცენტრალური ვარსკვლავის ელვარების განეიტრალებაა საჭირო.

 პიქსელის ზომის ნათელი წერტილი, რომელსაც თქვენ ამ ფოტოზე ხედავთ, ერთი შეხედვით, სრულ უაზრობად გამოიყურება. არა და ეს არის ეგზოპლანეტის ყველაზე უფრო საუკეთესო ოპტიკური სურათი, რაც კი აქამდე ვინმეს გადაუღია(ბნელი დისკო ვარსკვლავის შუქს ახშობს).

 წითელი ჯუჯები(М-ჯუჯები), მათ შორის TRAPPIST-1-იც, ცივი და მკრთალი ვარსკვლავებია, ამიტომ გადანათების პრობლემა არ იქნება. ამასთან ერთად, ჩვენ გალაქტიკაში ასეთი ვარსკვლავების მეტად გავრცელებულობის გამო, მეცნიერები პირველ რიგში მათზე ამახვილებენ ყურადღებას.

 ვარსკვლავის სინათლისა და მისი ანარეკლის ჩასახშობად ე.წ. კორონოგრაფს იყენებენ. ეგზოპლანეტის მკრთალი შუქის დაფიქსირების მერე, სპექტრომეტრი მისი ატმოსფეროს ქიმიური ”ანაბეჭდის” ანალიზს დაბალი გარჩევადობით ახდენს. სამწუხაროდ, ეს ტექნოლოგია მხოლოდ ყველაზე უფრო დიდი ეგზოპლანეტების გამოსხივების შესწავლით არის შეზღუდული, რომლებიც თავისი ვარსკვლავებიდან შორს მოძრაობენ(როგორ ეძებდნენ ეგზოპლანეტებს).

 ET Lab-ი კორონოგრაფს გამოიყენებს, ოპტიკურ ბოჭოკოსა და მაღალი გარჩევადობის სპექტრომეტრს. მათი ერთობლივი მუშაობა ვარსკვლავის ნათებას გამორიცხავს და მის ორბიტაზე მოძრავი ნებისმიერი პლანეტის დეტალურ ქიმიურ ანაბეჭდს მიიღებს. ეს მეთოდი high-dispersion coronography(HDC)-ის სახელით არის ცნობილი და ეგზოპლანეტების ატმოსფეროების მრავალფეროვნებაზე ჩვენი წარმოდგენების სრული ცვლილება შეუძლია გამოიწვიოს. ახლა ისღაა საჭირო, რომ ეს ინსტრუმენტი ძლიერ ტელესკოპს მიუერთდეს.

 2020-იანი წლების ბოლოს, ახალი ოცდაათმეტრიანი ტელესკოპი მსოფლიოს ყველაზე დიდი ზედაპირული ოპტიკური ტელესკოპი იქნება და როცა ის HDC-თან ერთად იმუშავებს, ასტრონომები შეძლებენ წითელ ჯუჯებთან სიცოცხლის არსებობისათვის თავსებად ზონაში მდებარე პლანეტათა ატმოსფეროები გამოიკვლიონ.

 2016 წელს, ჩვენი პლანეტის ზომის ეგზოპლანეტა იქნა აღმოჩენილი(პროქსიმა b – საუკუნის აღმოჩენა?), დედამიწასთან ყველაზე უფრო ახლოს მდებარე М-ჯუჯასთან, კენტავრის პროქსიმასთან. პროქსიმა b-ც სასიცოცხლო ზონაში მოძრაობს, რაც არამიწიერი სიცოცხლის ძებნის ერთ-ერთ მთავარ სამიზნედ აქცევს მას. სულ რაღაც 4 სინათლის წლის მანძილზე მდებარე პროქსიმა b, მომავალში მისი მონახულების შესაძლებლობით გვიწვევს…(რაც კენტავრის ალფასკენ გასაგზავნი მისიის შესახებ გაინტერესებდათ…).

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.