სტრატოსფერული ასტრონომია – NASA-ს აეროტელესკოპმა SOFIA-მ ახალი კვლევები ჩაატარა

 NASA-ს აერო-ობსერვატორიამ SOFIA(ინფრაწითელ დიაპაზონში მომუშავე სტრატოსფერული ობსერვატორია) სტრატოსფერულ თვითმფრინავზე დამონტაჟებული ტელესკოპის მეშვეობით, ვარსკვლავთშორისი ღრუბლების გამოსიხვების პოლარიზაცია და მაგნიტური ველის პარამეტრები გამოიკვლია; ეს მონაცემები მეცნიერებს ვარსკვლავების ფორმირების პროცესებში არსებული ბუნდოვანი საკითხების დაზუსტებაში დაეხმარება; გარდა ამისა, გაირკვევა შავი ხვრელების გარშემო მაგნიტური ველებით გამოწვეული ვარსკვლავიერი ქარიშხლების ფიზიკური მექანიზმები.

 SOFIA აერო-ობსერვატორიაა, რომელიც მოდიფიცირებული, მაღალტექნოლოგიური თვითმფრინავის,  Boeing 747SP ბორტზეა მოთავსებული; მთავარი ხელსაწყო 2,5-მეტრიანი ტელესკოპია, რომელიც ინფრაწითელ დიაპაზონში მუშაობს. SOFIA NASA-ს და გერმანიის კოსმოსური სააგენტოს(DLR) თანამშრომლობის შედეგად ჩამოყალიბდა.

 მარცხნივ: NASA-ს  Spitzer-ის ტელესკოპის  მიერ  მიღებული ბნელი ვარსკვლავთშორისი ღრუბლის გამოსახულება გველისმჭერის თანავარსკვლავედის ρ ვარსკვლავის გარშემო; მარჯვნივ:  იგივე – HAWC+-ის მიერ მიღებული პოლარიზაციული გამოსახულება ინფრაწითელ უბანში)NASA/JPL-Caltech/Harvard-Smithsonian CfA. SOFIA/ HAWC+/ Northwestern University /F. Pereira Santos).

მფრინავი ობსერვატორია შვიდი სხვადასხვა ინსტრუმენტითაა აღჭურვილი, მათ შორის – კამერებითა და სპექტრომეტრებით. წყლის ორთქლი ინფრაწითელი სხივების კოსმოსიდან შემოსვლას ძალიან უშლის ხელს, ამიტომ მისიის შესრულების დროს, რომელიც დაახლოებით 10 საათი გრძელდება, თვითმფრინავი 13,7-14 კილომეტრის სიმაღლეზე ადის, სადაც დედამიწის ატმოსფერული წყლის შემცველობა საერთო კონცენტრაციის მხოლოდ 1%-ია. SOFIA-ს ხელსაწყოები, მაგალითად, მაღალი გარჩევადობის ფართო დიაპაზონის კამერა(HAWC+) და ტერაჰერცის სიხშირეების მგრძნობიარე მიმღები (GREAT/upGREAT), ინფრა და შორეული ინფრაწითელი სხივების 28-320 მიკრონის დიაპაზონში მუშაობს, რაც სახმელეთო ხელსაწყოებისთვის მიუწვდომელია.

 HAWC+ და GREAT, პოლარიზაციის მეშვეობით, კოსმოსში მაგნიტური ველების ძალწირებს აფიქსირებენ, ხოლო ელექტრომაგნიტური გამოსხივების ძალწირთა ბრუნვით(RAT – Radiative Alignment Torque), ამ სისტემებში, ვარსკვლავთშორისი მტვრის ნაწილაკების ქცევა ფიქსირდება.

მარცხნივ: გალაქტიკა M82-ის მაგნიტური ველის ფართომასშტაბიანი პოლარიზაციული გამოსახულება, ამ გალაქტიკაში ვარსკვლავთშორისი ღრუბლიდან მნათობების წარმოქმნის ინტენსიური პროცესები მიმდინარეობს. უშუალო დაკვირვების შედეგად, პირველადაა ნაჩვენები, რომ ცხელი აირებისა და ნაწილაკების შემცველი გამოფრქვეული მატერია გალაქტიკის მაგნიტური ველის ძალწირებს მიუყვება.  მარჯვნივ: გალაქტიკა M82-ის გამოსახულება ფართო ოპტიკურ დიაპაზონში, სადაც ჩანს, რომ გავარვარებული ვარსკვლავთშორისი გაზი რენტგენისა და ლურჯ უბანში ასხივებს(SOFIA/HAWC+/E; X-ray: NASA/CXC/JHU/D; Optical: NASA/ESA/STScI/AURA/The Hubble Heritage Team; IR: NASA/JPL-Caltech/Univ. of AZ/C. Engelbracht).

 მეცნიერები მზის სისტემიდან 424 სინათლის წლის მანძილზე, გველისმჭერის ρ ვარსკვლავის გარშემო  უბანს დააკვირდნენ, სადაც სქელ, ვარსკვლავთშორის ღრუბლებში, მზის მსგავსი მნათობების ფორმირების ბობოქარი პროცესები მიმდინარეობს; ბევრი ახალგაზრდა ვარსკვლავის გარშემო კი პლანეტური სისტემების ფორმირების პროცესი შეინიშნება. შორეული ინფრაწითელი გამოსხივების პოლარიზაციულ უბანში გადაღებული გამოსახულებების მეშვეობით მიღებულია თეორიის პირდაპირი მტკიცებულებები, რომ მნათობები და მათი პლანეტური სისტემები, ვარსკვლავთშორისი აირებისა და ნაწილაკების ელექტრომაგნიტური ურთიერთქმედების შედეგად წარმოიქმნება.

HAWC+ -ის მიერ გადაღებული გალაქტიკა NGC 1068 – პირველადაა ნაჩვენები გალაქტიკის ელექტრომაგნიტურ ველსა და სპირალური მკლავების მოხაზულობას შორის არსებული კორელაცია. ელექტრომაგნიტური ძალწირები გალაქტიკური დისკოს ბრუნვის შედეგად მნიშვნელოვნად გადაიხრება. სურათი მიღებულია 53 მიკრონზე(SOFIA/HAWC+/E. USRA/SOFIA).

(მეტი ინფორმაციისთვის იხილეთ: http://www.nasa.gov/sofiahttp://www.dlr.de/en/sofia,
http://www.sofia.usra.edu • http://www.dsi.uni-stuttgart.de/index.en.html).

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *