წინა საუკუნის 70-იან წლებში კოსმოსში გაშვებული ”ვოიაჯერები” და ”პიონერები”, ისევ მზის სისტემიდან გასასვლელ გზას ადგანან. ჟურნალ IOPscience-ში გამოქვეყნებულ მოხსენებაში, მეცნიერები ამ ზონდების მომავალზე საუბრობენ და ცდილობენ დაადგინონ, რა დროის მერე და რომელ ვარსკვლავებთან ახლოს მოხვდება კოსმოსურ ზღვაში გადაყრილი ”წერილები” („ვოიაჯერის“ ოქროს ჩანაწერი…) (Space.com).
1972 წლის 2 მარტს, NASA-მ კოსმოსური აპარატის, ”პიონერ 10”-ის სტარტი განახორციელა, რომელიც პირველი ხელოვნური ობიექტი გახდა, რომელმაც მარსსა და იუპიტერს შორის არსებული ე.წ. მთავარი ასტეროიდული სარტყელი გადაკვეთა. დაახლოებით 1 წლის მერე, სტარტი აიღო ”პიონერ 11”-მაც. 1977 წელს, რამდენიმე კვირიანი სხვაობით, ჯერ ”ვოაჯერ 2” გაფრინდა, შემდეგ კი ”ვოიაჯერ 1”. ზემოთ ხსენებული და კიდევ ერთი ახალი კოსმოსური ზონდი – ”ნიუ ჰორაიზონსი”, კაცობრიობის მიერ შექმნილი ერთად-ერთი კოსმოსური აპარატებია, რომლებმაც ვარსკვლავთშორის სივრცეს მიაღწია. ვოიაჯერებმა ეს ბარიერი უკვე გადაკვეთა და დანარჩენი სამიც გსცდება ჰელიოსფეროს, მზის სისტემის შემომფარგლავ გიგანტურ ბუშტს.
ადრე თუ გვიან, ზონდების (ბირთვული) ენერგიის წყარო ამოიწურება, რაც მათ ფუნქციონირებას შეაჩერებს. აღსანიშნავია, რომ პიონერების სიგნალი ბოლოს 1995 და 2003 წლებში იქნა მიღებული. მიუხედავად იმისა, რომ ცალმხრივი კავშირიც კი აღარ არის, მენციერბმა მაინც შეძლეს დაედგინათ, რომელ ვარსკვლავებთან ახლოს მოხვდება ზონდები რამდენიმე მილიონი წლის მერე.
ამ მონაცემების ანალიზი ადვილი საქმე არ არის, რადგან არა მარტო ზონდები შორდება დედამიწას, არამედ მთელი მათი შემომფარგლავი კოსმოსური სივრცეც. ასტრონომებმა, კორინა ბეილერ-ჯონსმა (მაქს პლანკის რადიო ასტრონომიული ინსტიტუტი, გერმანია) და დავიდ ფარნოკიამ (რეაქტიული მოძრაობის ლაბორატორია, კალიფორნია, აშშ), აპარატების სავარაუდო ტრაექტორიები გამოითვალეს. გამოყენებული იქნა 7,2 მილიონი ვარსკვლავის რადიალური სიჩქარეების შესახებ ინფორმაციაც, რომელიც კოსმოსურმა ობსერვატორია ”გაია” (ESA)-მ შეაგროვა.
გაირკვა, რომ ვარსკვლავი, რომელთანაც ”ვოიაჯერ 1” 16 700 წლის მერე გაივლის, კენტავრის პროქსიმაა. ეს იქნება სრულიად უინტერესო ”შეხვედრა”, რადგან ვარსკვლავსა და ზონდ შორის მანძილი 1,1 პარსეკს გაუტოლდება, თითქმის 3,59 სინათლის წელი. მზესა და პროქსიმას შორის მანძილი ისეც 4,24 სინათლის წელია. ”პიონერ 10” სხვა ვარსკვლავისკენ მიემართება – როს 248, რომელიც ანდრომედას თანავარსკვლავედის მიმართულებით, დედამიწიდან 10,3 სინათლის წლის მანძილზე მდებარე წითელ ჯუჯას წარმოადგენს.
კიდევ უფრო შორეულ მომავალში, ”ვოიაჯერ 1” საკმაოდ ახლოს მივა ვარსკვლავთან TYC 3135-52-1, რომლამდე მანძილი 46,9 სინათლის წელია, ეს დახლოებით 302 700 წლის მერე მოხდება. ისე ახლოს მივა, რომ იქაურ ”ოორტის ღრუბელშიც” კი გაივლის, რომელიც აქ, გრძელპერიოდიანი კომეტების წყაროა. 3,4 მილიონი წლის მერე, ეს აპარატი Gaia DR2-ს მიუახლოვდება, სავარაუდოდ – 1,27 ს.წ. მანძილზე (მოკლედ მზის სისტემის შესახებ).
ბეილერ-ჯონსის თქმით, ამ კვლევისკენ აქამდე ჩატარებულმა სხვა კვლევამ უბიძგა მათ, რომლითაც ისინი მზის სისტემაში შემოჭრილი უცნაური ობიექტის – ოუმუამუა, სამშობლოსა და შემდგომი ტრაექტორიის დადგენაზე მუშაობდნენ. ოუმუამუას გამოცანაზე კამათი ახლაც გრძელდება (უმისამართო გზავნილი; ”ვოიაჯერი”).
”საკმაოდ სახალისო იყო, თუმცა ეს კვლევა კიდევ ერთხელ გვახსენებს, რომ სხვა ვარსკვლავებამდე მისაღწევად ძალიან დიდი დროა საჭირო, იმ სიჩქარით, რომლის განვითარება ახლა შეგვიძლია – 15 კმ/წმ. ფარგლებში. ახლოს მდებარე მნათობების კვლევა თუ გვინდა, ჩვენი კოსმოსური აპარატების მეტად აჩქარების საშაულებები უნდა მოვძებნოთ” – ამბობს ბეილერ-ჯონსი (Breakthrough Initiatives – კენტავრის ალფას დეტალურად შესასწავლი ფინანსები; ”ვოიაჯერ 1” და ჟირაფის AC+79 3888).