რა გადაწყვიტა კაცობრიობამ ?

 1961 წლის 12 აპრილს კაცობრიობა შეიცვალა. ამ დღიდან ადამიანი უკვე აღარ არის თავის პლანეტაზე მიჯაჭვული, მან შეძლო და პირველად გასცდა დედამიწის ატმოსფეროს, იგემა ღია კოსმოსი და შინ მშვიდობით დაბრუნდა. იური გაგარინის კოსმოსში ნავარდმა კაცობრიობა შეცვალა და დამდგარი ფაქტის გამო უკან მობრუნების წერტილი გადაილახა. ამ მოვლონების შეფასებისას, ვერც ერთი ადამიანი ვერ იქნება აბსოლუტურად ობიექტური, რადგაან მოვლენის საბოლოო შედეგი ჯერ კიდევ არ დამდგარა და ახლა კაცობრიობა, როგორც მოაზროვნე არსებათა ერთობლიობა ჯერ კიდევ იმ გზის საწყის სტადიაში იმყოფება, რომელიც იური გაგაგრინმა 1961 წელს დაიწყო.

 ამ მომენტიდან ადამიანი უკვე აღარაა ხელ – ფეხ შეკრული თავისი პლანეტის გრავიტაციით, ის თავისუფალია იყოს იქ სადაც მას სურს, მაგრამ დედამიწისგან აბსოლუტური დამოუკიდებლობის გზაზე ჯერ კიდევ ბევრი სირთულეა გადასალახი. ადამიანს იმდენად უყვარს თავისი სახლი, რომ ვერც კი წარმოუდგენია მასზე უკეთესი სადმე, რადგან ალტერნატივა ჯერ კიდევ უცნობია ან მიუწვდომელი. ჩვენ, ჩვენი გამოცდილების არ ქონა სხვა პლანეტაზე არსებობისა მეტად გვიხშობს გონების თვალსაწიერს და ბევრი რამ წარმოუდგენელი გვგონია. რაღაცით ჩვენი დღევანდელი მდგომარებოა ბავშვის ბაღიდან სკოლაში გადასვლის ეპიზოდს მაგონებს, როცა მომავლის სრული გაურკვევლობა საშიშად გეჩვენაბა და არჩეული გზა ბუნდოვნად. მაგრამ თუ არ ცდი ვერც გაიგებ. სკოლისგან განსხვავებით არავინ გვყავს ვინც დაგვარიგებს, შეცდომებისგან დაგვიცავს, მაგრამ ამ სკოლის აშენება მუდმივი მცდელობის გზით შესაძლებელი და აუცილებელიც არის.

 მიუხედავად მრავალი ტექნოლოგიური მიღწევებისა, ადამიანი მაინც დამოკიდებულია დედა პლანეტის რესურსებზე. ნებისმიერმა ჩვენგანმა, რომ გავიხსენოთ მომენტი, როცა სრულად დამოუკიდებლები გავხდით, სავარაუდოდ ეს პერიოდი დაემთხვევა პირველი პირადი შემოსავლის გაჩენას, როდესაც უკვე შენი რესურსები გაგიჩნდა და მშობლებზე ნაკლებად დამოკიდებული გახდი. კაცობრიობას, როგორც ეკლექტურ ერთობას აუცილებლად მოუწევს ამ ბარიერის გადალახვა თუ გვინდა ჩვენი ულამაზესი პლანეტის მატყვევებელი სიკეთეებისგან თავის დაღწევა. ამის აუცილებლობა კი გამოწვეულია ამბიციით მივიღოთ სამყაროსგან უფრო მეტი ვიდრე გვაქვს და ვისწრაფროთ დიადი მიზნებისკენ. მეორეს მხრივ პლანეტის შესაძლებლობებიც ამოწურვადია და უახლოვდება ზღვარს.

 მიზნების მისაღწევად საჭიროა მუდმივი ვარჯიში. წარმატება როგორც შრომის დაჯამება მოთხოვს თავდადებას. ხანდახან წარმატება გამართლებას, ჯადოსნურ გვირგვინს ჰგავს, რომელიც კანონზომიერების გარეშე ენიჭება ადამიანებს, მაგრამ სინამდვილეში ყოველივე შრომის შედეგია, შესაძლოა სხვისი მაგრამ მაინც შრომის. მაგალითისთის, რომ ავიღოთ ყველა დროის საუკეთესო ილუზიონისტი ჰუდინი, მისი გასაოცარი ტრიუკებიც კი, რომელთაც ერთი შეხედვით ასე მარტივად აკეთებდა, საათობით ვარჯიშის შედეგი იყო. მისი საყვარელი ტრიუკი ბორკილებიდან თავის დაღწევა ეფუძნებოდა ყველა სახის საკეტყრის მექანიზმის ცოდნას და ამ გზით იმარტივებდა საქმეს. რომ დავუბრუნდეთ ჩვენს თემას, კაცობრიობა დიდი ხანია უკვე ვარჯიშობს მეცნიერების სხვადასხვა მიმეართულებაში, მაგრამ ბოლო ორი საუკუნე ინტენსიურ სახეს იღებს და გეომეტრიულად პროგრესირებს მიღწევების ჩამონათვალი წლიდან წლამდე. მოდის ის პერიოდი როცა ჩვენს ცოდნას ცოტა ოდენ კუნთები შევძინოთ. ჩვენი მზის სისტემა კი ამისთვის მშვენიერი სატრენაჟორო დარბაზია. მზის სისტემაში მიღწეული მომავალი თაობების სახელმძღვანელოდ იქცევა. კაცობრიობის წარმატება ყოველთვის ეფუცნებოდა წინა თაობების დაგროვილ ცოდნას და სწორედ ამ მემკვიდრეობითობამ მოგვცა ის რაც დღს გვაქვს. არააქვს მნიშვნელობა, ინფორმაცია ზეპირსიტყვიერად გადაეცემა, წერით, თუ კომპიუტერის ვინჩესტერზეა დატანილი ყოველი ინფორმაცია მოწოდებულია გადაეცეს შემდეგ თაობებს და ამ გზით ჰპოვოს რეალიზაცია დროის განგრძობით პერიოდში. დაგროვილი ცოდნა გადამწყვეტი ფაქტორია წარმატების მისაღწევად ხოლო ახლი ცოდნის მისაღებად საჭიროა მუდმივი მცდელობა მისი მოპოვებისა.

 არ ვიცი საბოლოოდ კაცობრიობა რა გზას აირჩევს, ჯერ მთვარს აითვისებს, მარსს თუ სხვა ციურ სხეულს, ან ყველას ერთად, მაგრამ უმნიშვნელოვანესია, რომ გადაწყვეტილება, კაცობრიობა გახდეს პლანეტათა შორისი ცივილიზაცია უკვე მიღებულია და ამ გზაზე ალბთ უკვე ცოტა რამ თუ გადაგვახვევინებს. რუბიკონი უკვე გადალახულია!

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *