რაზე ფიქრობენ ასტრონავტები?

 ორბიტაზე მყოფ ადამიანებს თავში ერთი და იგივე ექვსი აზრი მოსდით (NewScientist).

 ჩანაწერების ანალიზმა, რომლებიც საერთაშორისო კოსმოსურ სადგურზე 2003-დან 2010 წლის ჩათვლით გაკეთდა, ექვსი სადარდებელი ( 🙂 ) გამოავლინა, რომლებიც დღიურიდან დღიურში გადადის.

 1. ჰიუსტონ, ყელში ამოხვედი!

 „საინტერესო ისაა, რომ თითქოს და სამყაროს მწვერვალზე ხარ (პირდაპირი გაგებით), დედამიწელები კი ხასიათს გიფუჭებენ“.

 „დედამიწამ შუა ღამით გამაღვიძა და ლაბორატორიის ილუმინატორის ლუქის დახურვა მომთხოვა. ნუთუ ამის გაკეთება დილამდე ვერ მოიცდიდა?!“

 „კვირა დასვენების დღედ ითვლება, თუმცა ჰიუსტონი ყველაფერ აკეთებს, რომ ორშაბათად მოგეჩვენოს“.

 2. ჭამა, ჭამა და ჭამა!

 „ჩემთვის არავის უთქვამს, რომ საჭმლის გამო სადგურზე შეიძლება იყოს დაძაბულობა, თუმცა ყველამ იცის, რომ ეს ყველას ეხება“.

 „კიდევ ერთი თავშესაქცევი ისტორია: სადგურზე პირველი ერთი თვის განმავლობაში ყოფნისას შევამჩნიე, რომ საჭმლის ორ პაკეტზე მარკირება აურიეს. „ძროხის ხორცი სოკოთი“ – სინამდვილეში კი ქათმის ხორცია და პირიქით. ამის შესახებ შესაბამის ჯგუფს შევატყობინე, მათ მადლობაც გადამიხადეს. დღეს ქათმის ჭამა მომინდა. დარწმუნებული ვიყავი, რომ შეცდომა არ იქნა გამოსწორებული, პროდუქტების ახალი პარტია ძველთან ერთად მოვიდა, შესაბამისად არასწორი მარკირებით. ავიღე ძროხის ხორცის პაკეტი და მასში მართლაც ქათამი აღმოჩნდა“.

 3. მომაბეზრებელი ყოველდღიურობა…

 „სშინელი დღეა. ყველაფერი იმით დაიწყო, რომ შარდის კოლექტორი გაფუჭდა. პაკეტში, ალბათ, შარდის მხოლოდ 75% მოხვდა, დანარჩენი კი ჩემს სამოსზე აღმოჩნდა. ნამდვილად ცუდი დასაწყისია“ (როცა უწონობა ტვირთია: რაზე არ ლაპარაკობენ ასტრონავტები).

 „დღეს ჩემი თავის დაცინვა მომიწია. ნათურის შესაცვლელად, დამცავი სათვალე და მტვერსასრუტია საჭირო. ეს იმ შემთხვევისთვის, თუ ნათურა გატყდება. ის პლასტმასის ბუდეში დევს, თუ შუშა გატყდა კიდეც, ნამსხვრევები მის შიგნით დარჩება. გარდა ამისა, ჩახრახნილი ნათურის ანთებამდე ფოტო უნდა გადავუღო მას. წარმოდგენა არა მაქვს რატომ? ნასამ ასე გადაწყვიტა“.

 „პრობლემაა, რომ მზადების დროს ორბიტაზე ცხოვრების შესახებ არაფერს გვეუბნებიან. სულ ავარიულ სიტუაციებსა და ღია კოსმოსში გასვლაზე ვვარჯიშობთ. არადა ყოვედღიური წვრილმანების ცოდნა უფრო გამოგვადგებოდა“.

 4. კოსმოსში მარტოდ გრძნობ თავს… თუმცა ამას თავისი ხიბლიც აქვს!

 „იცით, მე უეცრად, მარტოობა შემიყვარდა. ყველაფერს აკონტროლებ რაც გარშემო ხდება… ძალიან გაგვიმართლა, რომ უზარმაზარ სადგურზე მხოლოდ სამნი ვართ. რა ფუფუნებაა!“

 „ეს დღიური სულ სხვანაირი იქნებოდა, ასეთი კავშირი რომ არ გვქონდეს. ჩვენ ყოველდღიური რუტინით ვიქნებოდით დაკავებულნი, დაგვავიწყდებოდა დედამიწის ფუსფუსი და ჭორები, დრო უფრო მალე გავიდოდა, იმაზეც არ ვიფიქრებდით, რომ წინ კავშირის კიდევ ერთი სეანსი გველის! კავშირი ერთდროულად წყევლაც არის და კურთხევაც. ალბათ, რეაქტიული მოძრაობის ლაბორატორიის მეცნიერები, ჩვენზე ბედნიერად გრძნობენ თავს. ისინი მონაცემთა ბიტების ყოველწამიერ ნაკადს ისე უფრთხილდებიან, როგორც ადრე, შეყვარებულისგან გამოგზავნილ წერილებს უფრთხილდებოდნენ იმაზე ფიქრით, თუ როდის მოვიდოდა კიდევ ერთი წერილი. ეხ, ძველი კარგი დრო, როცა ადამიანები წერილებს წერდნენ!“

 5. მეცნიერული ფანტასტიკა აქ სხვაგვარად აღიქმება…

 „დედამიწას, უცხოპლანეტელის თვალით ვუყურებ. სად დავჯდებოდი, როგორ განვახორციელებდი კონტაქტს? ყველაზე უსაფრთხო, პირველ რიგში, საერთაშორისო სადგურში შესვლა იქნებოდა, რათა ჯერ ასტრონავტებს გავსაუბრებოდი“.

 6. კოსმოსი ძალიან მაგარია! თუმცა, მაინც დედამიწა მენატრება…

 „ალბათ, დარჩენილ ცხოვრებას იმაზე ფიქრში გავატარებ, რა ვნახე აქ ნახევარი წლის განმავლობაში. ყოველთვის, როცა სხვა ნაკვეთურიდან სახლში ვბრუნდები, ერთგვარ რიტუალს ვასრულებ: რუსულ ნაკვეთურში ვჩერდები და ილუმინატორში ვიხედები, სანამ დასაძინებლად წავალ. შთამბეჭდავი სანახაობაა, ძნელად აღსაქმელი“.

 „კოსმოსი, თითქოს, ემოციებს ამძაფრებს, დადებითსაც და უარყოფითსაც, ნებისმიერს. ეს, მარტოობის თუ ილუმინატორში ნანახის გამო ხდება, ან იმის შეგნების გამო, რომ ასეთ უნიკალურ მდგომარეობაში მოხვედრას სხვა ადამიანების შრომას უნდა ვუმადლოდეთ. ახალი ამბები ძლიერ ემოციებს იწვევენ ჩემში“.

 „კოსმოსური ბორანი (“შატლი”) თვალთახედვის არეში შემოვიდა… ამ დროს, თვალზე ცრემლი მადგება და მხოლოდ ერთზე ვფიქრობ: როდის დავბრუნდები სახლში“ (კიდევ ასტრონავტებზე).

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.