კომეტა 67P/ჩურიუმოვი-გერასიმენკო, შორეულ წარსულში, ორი ციური სხეულის გაერთიანებით წარმოიქმნა (ESA).
რუსი და უკრაინელი ასტრონომების სახელობის კომეტას ძალიან უჩვეულო ფორმა აქვს (ობიექტი მცირე პერიოდიანი კომეტაა, მზის გარშემო ბრუნვის 6,6 წლიანი პერიოდით. აღმოაჩინა კლიმ ჩურიუმოვმა (უკრაინა) 1969 წლის 23 ოქტომბერს, სხვა კომეტის – 32P/კომას სოლის ფოტოფირფიტებზე, რომლებიც სვეტლანა გერასიმენკომ ალმა-ათას ობსერვატორიიდან გადაიღო. ჩურიუმოვ – გერასიმენკოს კომეტის ტრაექტორიის გამოთვლით დადგინდა, რომ მისი ორბიტა არაერთხელ შეიცვალა. 1959 წლამდე კომეტის პერიჰელიუმი დაახლოებით 2,7 ასტრონომიულ ერთეულს შეადგენდა. იუპიტერის გრავიტაციული ზემოქმედებით ეს მანძილი 1,29 ა.ე-მდე შემცირდა. ის იხვს ჰგავს, აქვს „თავი“ და „ტანი“, რომლებიც „კისრით“ არის შეერთებული. ამ კომეტის გაორმაგებული ფორმის წარმოშობის დადგენა მთავარ საკითხად მას შემდეგ გადაიქცა, რაც ის 2014 წლის ივლისში კოსმოსურმა აპარატმა – „როზეტა“ (ევროპის კოსმოსური კვლევების სააგენტო), მოინახულა (”როზეტა” ზონდის დასაშვებ ადგილებს სწავლობს).
პლანეტოლოგებს, იხვისმაგვარი ფორმის ჩამოყალიბების ორი ვერსია ჰქონდათ. 1) ორი, შედარებით მცირე სიჩქარეებით მოძრავი, უკვე ჩამოყალიბებული კომეტების გაერთიანება. 2) „კისერი“ – ობიექტზევე მიმდინარე ეროზიული პროცესების შედეგად გაჩნდა ( ღრმულები, ეროზია და ბატის ტყავი…).
ჩურიუმოვ-გერასიმენკოს ორი ნაწილი. 3D-მოდელი. ფერადი სკალა გვიჩვენებს გადახრის კუთხეს ტერასებისა და პლასტებისა, ლოკალური ხასიათის მიზიდულობის ძალის ვექტორის მიმართ (ESA).
კომეტის ზედაპირის დეტალური შესწავლის მერე, 2014 წლის 6 აგვისტოდან, 2015 წლის 17 მარტის ჩათვლით, ინფრაწითელი დიაპაზონის კამერით – OSIRIS, მკვლევარებმა აღმოაჩინეს, რომ კომეტის ორივე გარე გარსები ხახვისმაგვარი ფენებისგან შედგებოდა. გარსის პარალელური პლასტები, კლდების ფერდობებზეც კარგად დაიმზირება და სიღრმეებშიც (აღსანიშნავია, რომ კომეტის ზედაპირი კლდეებით, კრატერებითა და ვაკეებით არის დაფარული; დაკიდებული ქვები კომეტაზე).
მაღალი გარჩევადობის ფოტოები 100-მდე ტერასის ვიზუალიზაციას ახდენს (მარცხენა სხვეტი, მწვანედ). პლასტების პარალელური ფენები (წითელი ხაზები) – ფერდობებსა და ღრმულებზე. მარჯვნივ: გრავიტაციის ლოკალური ვექტორები, კომეტის მოდელზე დატანილი ტერასებისა და პლასტების სიბრტყეების მიამრთ (ESA).
გაორმაგებული ფორმის ბუნების დასადგენად, პლასტებისა და ტერასების განლაგების მიმართულებების დადგენა იყო საჭირო, თუ რამდენად ღრმად ვრცელდება ისინი კომეტის წიაღში. 3D-მოდელის შექმნის მერე, ნათელი გახდა, რომ ყველა კოჰერენტული ფენები და ტერასები, კომეტის ორივე ნაწილზეა ორიენტირებული. ეს იყო პირველი მინიშნება იმისა, რომ ხსენებული ნაწილები ადრე, დამოიკიდებელი ციური სხეულები იყო. ამაზე ისიც მიუთითებს, რომ ფენებს საპირისპირო მიმართულებების დახრილობა აქვს – კომეტის „კისრის“ მიმართულებით, თან, გეოლოგიური სტრუქტურების სისქე ზოგან 650 მეტრს აღწევს.
მოსაზრების კიდევ უფრო გასამყარებლად, მკვლევარებმა გადაწყვიტეს გაეგოთ, როგორ არის ეს ფენები ორიენიტებული ლოკალური მიზიდულობის ძალის მიმართ. მოდელირებული იქნა ორი ვარიანტი, კომეტა, როგორც ერთი სხეული, მასათა ცენტრით „კისერთან“ ახლოს და ორი სხვადასხვა კომეტა, საკუთარი მასათა ცენტრებით. აღმოჩნდა, რომ მოდელში ორი ცალკეული კომეტით, ყოველი ფენის ორიენტაცია მიზიდულობის ძალის მიმართ, უფრო ახლოა პერპენდიკულარულთან, ვიდრე ერთი მთლიანი კომეტის შემთხვევაში. ანუ, კომეტის ორი ნაწილის „ნამცხვის ფენები“, სანამ შერწყმა მოხდებოდა, დამოუკიდებლად ფორმირდებოდა. „კისრის“ მიდამოებში მოქმედი ეროზიული პროცესები, ასევე დიდ როლს თამაშობს კომეტის ევოლუციაში.
შეგახსენებთ, რომ ავტომატური კოსმოსური აპარატი – „როზეტა“, ჩურიუმოვი-გერასიმენკოს კომეტისკენ 2004 წლის 2 მარტს გაუშვეს, ხოლო დანიშნულების ადგილს მან, 10 წლის ფრენის მერე, 2014-ის აგვისტოში მიაღწია. მისია ”როზეტა”, 2016 წლის სექტემბრამდე გაგრძელდება. გეგმის მიხედვით, კომეტის ორბიტაზე მოძრავი ზონდი, თავისი კვლევის ობიექტის ზედაპირზე დაეშვება, რგორც ამ აპარატზევე მიმაგრებული ზონდი – „ფილი“, დაეშვა (კომეტები).
კომეტის ფორმირების სიმულაცია.