მზის ოთხი ისტორიული დაბნელება

 2017 წლის 21 აგვისტოს, ამერიკის მოსახლეობა საუკუნის მოვლენას დააკვირდა – ეს იყო მზის სრული დაბნელება, რომლის დანახვაც ორეგონიდან სამხრეთ კაროლინამდე  მაცხოვრებელ ნებისმიერს ადამიანს შეეძლო. ასეთი რამ თითქმის ასი წლის განმავლობაში აღარ მოხდება. თუმცა, ამერიკელების სიხარულს სულ ოდნავ აქარწყლებს ის, რომ მათ 2009 წლის მზის დაბნელება ვერ იხილეს, რომელიც ჩვენი საუკუნის ყველაზე ხანგრძლივ სრულ დაბნელებად ითვლება – ეს მოვლენა თითქმის 6 წუთის და 40 წამის განმავლობაში გრძელდებოდა.

2009 წლის მზის სრული დაბნელება.

 როგორც ეს უკვე არაერთხელ მომხდარა კაცობრიობის ისტორიაში, ციურ მოვლენებს, ყველაზე ხშირად კი – მზის დაბნელებას აპოკალიფსის (სამყაროს აღსასრულის) ნიშნად მიიჩნევდნენ. საბედნიეროდ, ასეთი პესიმისტური პროგნოზების გამართლების მაგალითი სამყაროს არ ახსოვს; სამაგიეროდ, მეცნიერებამ და განათლებამ ის მოიტანა, რომ ადამიანები ასტრონომიულ მოვლენებს დიდი სიხარულით ელიან და სულ უფრო უკეთესი ხელსაწყოებით აღჭურვილები, სიამოვნებით აკვირდებიან.

 და აი, “დიდი ამერიკული მზის დაბნელების” პატივისცემის ნიშნად, ოთხ დაუვიწყარ, ისტორიულ მზის დაბნელებას გავიხსენებთ.

 “მზის დაბნელების ბრძოლა” – 28 მაისი, 585 წელი ჩვენს წელთაღრიცხვამდე

 ანტიკურ ხანაში ეგონათ, რომ მზის დაბნელების დროს მიცვალებულებთან საუბარი შეიძლებოდა, თუმცა ერთმა მზის დაბნელებამ კაცობრიობა მიცვალებულთა კორიანტელს გადაარჩინა: ბერძენი ისტორიკოსის, ჰეროდოტეს თანახმად, ორი არმია – თურქთა ლიდიელები და ირანის მედესები ანატოლიის (დღევანდელი თურქეთი) ხელში ჩასაგდებად იბრძოდნენ. დაპირისპირება ათ წელზე მეტი ხნის განმავლობაში გრძელდებოდა, მაგრამ ერთ–ერთი ბრძოლის დროს მომხდარი სრული დაბნელება ორივე არმიამ ერთდროულად აღიქვა, როგორც ღვთიური ნიშანი – მებრძოლებმა ხმლები დაყარეს და სახლებში გაბრუნდნენ. მას მერე ამ მოვლენას მოიხსენიებენ როგორც ”მზის დაბნელების ბრძოლას”.

 უნდა აღინიშნოს, რომ ზუსტი გამოთვლები, ჰეროდოტეს მონათხრობში, სულ მცირეოდენ უზუსტობას გამოავლენს – მისი ჩანაწერის მიხედვით, მზის სრული დაბნელება 28 მაისის შუადღისას მოხდა, მაშინ როდესაც პროგრამული სიმულაცია მიუთითებს, რომ სავარაუდო ბრძოლის ადგილას მზის სრული დაბნელების პიკი მზის ჩასვლამდე ცოტა ხნით ადრე უნდა ყოფილიყო. ჩვენ ალბათ ზუსტად ვერასოდეს გავიგებთ, ასე საშინლად დააფრთხო თუ არა მეომრები სისხლისფერ ცაზე უზარმაზარი წითელი მზის ხანგრძლივმა ჩაშავებამ; თუმცა ფაქტია, რომ ამ მოვლენამ ორ ერს საუკუნეობრივი მშვიდობა მოუტანა.

 1560 წლის 21 აგვისტო, მზის ¯\_(ツ)_/¯ დაბნელება

 დიახ, ზუსტად იმავე დღეს, 21 აგვისტოს, თუმცა – 1560 წელს, მოხდა მზის დაბნელება, რომელიც ევროპაში მოჩანდა, როგორც მზის ნაწილობრივი დაბნელება. ეს დაბნელება იმით არის ისტორიული, რომ მან 13 წლის ტიხო ბრაჰეს ასტრონომია შეაყვარა. ბრაჰე იმდენად აღფრთოვანდა ამ მოვლენით, რომ ციურ მოვლენათა შესასწავლად უკეთესი ინსტრუმენტების შექმნას ადრეული ასაკიდან მიჰყო ხელი.

2018 წლის 11 აგვისტოს მზის ნაწილობრივი დაბნელება. მსგავსი სურათი იხილა ტიხო ბრაჰემ 1560 წლის 21 აგვისტოს.

 ტიხო ბრაჰე დანიელი არისტოკრატი იყო, ამიტომ საკუთარი ჩანაფიქრების განხორციელებისთვის საჭირო სახსრები საკმარისად ჰქონდა. 20 ხელოსნის დახმარებით მან გიგანტური კვადრანტი ააგო და პლანეტური და ვარსკვლავური კუთხური მანძილები და ცამრგვალზე პლანეტების გადაადგილების ტრაექტორიები უდიდესი სიზუსტით გაზომა. ამ ხელსაწყომ საშუალება მისცა იოჰან კეპლერს “პლანეტების მოძრაობის სამი კანონი” განესაზღვრა და ჰელიოცენტრული თეორიის მართებულობა მათემატიკური სიზუსტით დაემტკიცებინა. შეიძლება ითქვას, კეპლერს ცაში წესიერად არც კი აუხედავს – მან ტიხო ბრაჰეს კვადრანტი და მისი გამოყენებით ჩატარებული გამოთვლები გამოიყენა.

1652 წლის 29 მარტი (ახალი კალენდარით – 8 აპრილი) – “შავი ორშაბათი”

 ევროპის მოსახლეობამ დაასკვნა, რომ “მზე ჩაქრა”; რა გასაკვირია, რომ ერთ–ერთ წიგნში ეს მოვლენა მოხსენიებულია როგორც “მზის შემზარავი დაბნელება. სამწუხაროდ, ჩანაწერების უმეტესობა მოსალოდნელ “აპოკალიფსზე”, “მეფეთა სიკვდილზე”, “ეშმაკის ნიშანზე” და სხვა საშინელებებზე მოგვითხრობს და ხალხში გამეფებულ პანიკას ხატოვნად აღწერს, ხოლო თვით დაბნელებაზე კი თითქმის არაფერს გვიამბობს; რაც სულაც არ არის გასაკვირი, რადგან გაუნათლებელ ადამიანებს საშინლად ეშინოდათ და გონდაკარგულები აქეთ–იქით აწყდებოდნენ.

ჰანთინგტონის მუზეუმი, ლონდონი. ჩანაწერი 1652 წლის 29 მარტის მზის დაბნელების შესახებ. ამ მოვლენას ავტორი (კულპეპერი) მონარქიის მოსალოდნელ დაცემას უკავშირებს და “შავ ორშაბათს” უწოდებს (მსგავსი არაფერი მომხდარა).

 თუმცა, ყველას როდი ეშინოდა – შოტლანდიელი სწავლული დოქტორი უაიბერგი, ქარიქფერგუსიდან, ამ მზის დაბნელებას პოეტურად, თუმცა მეცნიერთათვის სასურველი სიზუსტით აღწერს: “მზე სინათლის შეუმჩნეველ ნამგალად იქცა, მთვარემ ჩაყვინთა დისკის გულში დაუყოვნებლივ, და ბრილიანტის გვირგვინივით შეუმკო თავი, თან საამური წრეზე ცეკვა შემოგვთავაზა”.

 იხილეთ მზის დაბნელების მოკლე ვიდეო და თვალნათლივ დაინახავთ, თუ რა ზუსტად აღწერა უაიბერგმა მზის დაბნელება).

“მზის შემზარავი დაბნელება” – წიგნში მზის დაბნელების მოვლენის ახსნის მცდელობაა (მაგალითად, მოხსენიებულია მთვარისა და პლანეტების, კერძოდ – ვენერას მიერ “ვარსკვლავის” დროებით გადაფარვა) შემდეგ კი აბდაუბდაში გადადის. არის თუ არა ეს ავტორის მცდელობა, რომ რელიგიის მსახურთა განრისხების თავიდან ასაცილებლად შეფარულად ახსნას ბუნებრივი მოვლენის არსი – უცნობია. ჰანტინგტონის ბიბლიოთეკა, ლონდონი.

 1919 წლის 29 მაისი – აინშტაინის ტრიუმფი

 ეს იყო საოცარი მოვლენა – არა მზის დაბნელების გამო, არამედ იმის გამო, რომ აინშტაინის თეორია სივრცისა და დროის გამრუდების შესახებ პრაქტიკულად დადასტურდა: 1915 წელს, თავის ნაშრომში ფარდობითობის თეორიის შესახებ, აინშტაინი ამტკიცებდა, რომ გრავიტაციას სივრცისა და დროის გამრუდება ძალუძს. 1919 წლის მზის დაბნელება კი ამ თეორიის დამტკიცების საუკეთესო საშუალება უნდა ყოფილიყო: ასტრონომებმა მზის სიახლოვეს გავლილი სინათლის ნაკადის დაფიქსირება გადაწყვიტეს, რომ მისი გამრუდება დაემტკიცებინათ, რისთვისაც ბრაზილიაში გაემგზავრნენ.

ინგლისელი ასტრონომის, არტურ ედინგტონის მიერ სობრალში (ბრაზილია) გადაღებული მზის დაბნელების სურათების ნეგატივი და პოზიტივი. მარჯვენა სურათზე პატარა ხაზებით ნაჩვენებია ფონზე ვარსკვლავების წანაცვლება.

 ამ მიზნით მეცნიერებმა ფოტოაპარატი ცის ერთ–ერთი მონაკვეთისკენ მიმართეს და მზის დაბნელება გადაიღეს. შემდეგ დაელოდნენ, სანამ მზე სხვა თანავარსკვლავედის ფონზე  გადაინაცვლებდა და კვლავ გადაიღეს იმავე უბნის სურათები. შემდეგ სურათებზე ვარსკვლავთა განლაგების მოხაზულობები ერთმანეთს შეადარეს.

 სურათების ანალიზმა აჩვენა, რომ მზის უკან ისეთი ვარსკვლავები ჩანდა, რომელთა დანახვაც ცის იგივე უბნის მზის ხილული ზომის დისკით ხელოვნურად გადაფარვისას სრულიად შეუძლებელი იყო – როგორც აღმოჩნდა, მასიურმა მზემ სივრცის გამრუდება გამოიწვია; დღეს ჩვენ ამ მოვლენას გრავიტაციული ლინზირების სახელით ვიცნობთ.

 მზის გრავიტაციის მიერ სივრცის გამრუდების შესაძლებლობა ჯერ კიდევ ისააკ ნიუტონმა ივარაუდა, თუმცა აინშტაინის გამოთვლებმა მას მათემატიკური საფუძველი შესძინა, ხოლო 1919 წლის მზის დაბნელებამ თავისი გენიალური ნაშრომის პრაქტიკული დადასტურების საშუალება მისცა. როგორც მაშინდელ New York Times –ში დაიწერა: “ფიზიკის ნიუტონისეული კანონების დამამტკიცებელმა მზის დაბნელებამ აინშტაინი სამუდამოდ “განადიდა .

განცხადება გამოცემაში New York Times : “კოსმოსში სინათლე გამრუდდა – დაბნელებაზე დაკვირვების შედეგებმა  მეცნიერს დიდება მოუტანა: აინშტაინის თეორიის ტრიუმფი – ვარსკვლავები  მოსალოდნელ თუ გამოთვლის ადგილას არ აღმოჩნდა… “.

ასევე იხილეთ მხატვრული ფილმი ”აინშტაინი და ედინგტონი”:

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.