მარსის ცივი კრატერი, რომელშიც ყინული  მთელი წლის განმავლობაში არ დნება

 2003 წლის 2 ივნისს, ევროპის კოსმოსური სააგენტოს (ESA) მისია ”მარს ექსპრესი” წითელი პლანეტისკენ გაემგზავრა. ექვსი თვის შემდეგ, 25 დეკემბერს, კოსმოსურმა ხომალდმა მთავარი ძრავები აამუშავა და მარსის ორბიტაზე გავიდა. და აი, უკვე 15 წელია, ის შობა-ახალ წელს შესანიშნავი სამეცნიერო აღმოჩენებით ხვდება.

 2018 წლის 25 დეკემბერს, ორბიტერმა ”მარს ექსპრესმა”(Mars Express) მარსის თოვლიანი კრატერის, სახელად – ”კოროლიოვის” ულამაზესი ფოტოები (beautiful photos) გადაიღო. როგორც აღმოჩნდა, ეს კრატერი-მაცივარი მთელი წლის მანძილზე თოვლითაა სავზე. 82 კმ. დიამეტრის მქონე კრატერი ”კოროლიოვი” მარსის ჩრდილოეთ პოლარული ქუდის სამხრეთ დაბლობზე მდებარეობს.

 კრატერის სურათები ორბიტერის მაღალი გარჩევადობის სტერეო-კამერამ (HRSC – High Resolution Stereo Camera) გადაიღო, რომელიც ”მარს ექსპრესზე” გერმანიის აეროკოსმოსურმა სააგენტომ  (DLR – German Aerospace Center) დაამონტაჟა. გამოსახულება თანამგზავრმა ხუთი ორბიტის განმავლობაში, ზოლებად გადაიღო, ხოლო მათი შეერთების შედეგად კრატერის სამგანზომილებიანი გეოლოგიური და ქიმიური სტრუქტურები განისაზღვრა.

 კრატერს ეს სახელი საბჭოთა ინჟინერის – სერგეი კოროლიოვის საპატივცემულოდ ეწოდება, რომელსაც ”საბჭოთა კოსმოსური ინჟინერიის მამას” უწოდებენ. ის 1950-66 წლების განმავლობაში მოღვაწეობდა და იყო რამდენიმე ინოვაციური კოსმოსური პროგრამისა თუ ტექნოლოგიის ავტორი; მათ შორისაა დედამიწის პირველი ხელოვნური თანამგზავრი, რომელიც ორბიტაზე 1957 წელს გავიდა (”სპუტნიკ”).

 მარსული გეოლოგიური ლანდშაფტი კრატერ ”კოროლიოვის” გარშემო. კრატერის დიამეტრი 82 კმ-ა, სიღრმე – 6 კმ. მისი გეოქიმიური მონაცემები ხუთი ორბიტის განმავლობაში, ზოლური მეთოდის გამოყენებით, მაღალი გარჩევადობის ციფრული კამერითაა შეგროვებული(NASA/MGS/MOLA).

 ”კოროლიოვი” ასტეროიდული დარტყმის შედეგად წარმოქმნილი კრატერია, რომელიც მთელი წლის განმავლობაში თოვლითაა სავსე. თოვლის საფარის სისქე 1,8 კილომეტრია და დაახლოებით 2200 კუბურ მეტრ წყლის ყინულს შეიცავს (დაახლოებით იმდენს, რამდენსაც ორი დიდი ტბა – ირი და ონტარიო).

 ე.წ. ”უდნობი” ყინულის არსებობა უკავშირდება ბუნებრივ მოვლენას, რომელსაც ”ყინულის მახე” ეწოდება. კრატერის შემთხვევაში, მისი ფსკერი ყინულის ფენაზე 2 კმ-ით უფრო ქვემოთაა, მაშასადამე ფსკერსა და თოვლის ფენას შორის ატმოსფერო სულ ცივია. როდესაც მარსის ჰაერის ფენა ყინულის ზედაპირს შეეხება, ის ცივდება და იძირება, რაც ცივი ატმოსფეროს ფენას უკვე ყინულის ზედაპირზე ქმნის. ორმხრივი ცივი ატმოსფერო თოვლს მარსის დაბალი წნევის პირობებში სუბლიმაციისაგან იცავს, ამიტომ კრატერი მთელი წლის მანძილზე თოვლითაა სავსე.

 ESA-ს Mars Express-ის მიერ გადაღებულ ამ სურათზე ჩანს, რომ ყინული კრატერის საზღვრებს გარეთაც ილექება. წყლის ყინულის მთელი რეგიონი სუბლიმირებული მშრალი ყინულითაა დაფარული(ESA/DLR/FU Berlin).

 წყლის ყინულის არსებობის გამო, კრატერი პირველად ESA-ს ”ეგზო-მარსის” პროგრამის (ExoMars program) ყურადღების ქვეშ მოექცა, რომლის ფარგლებშიც მარსზე ოდესღაც არსებული სიცოცხლის კვალს ეძებენ – ”აირის კვალის თანამგზავრმა” (TGO – Trace Gas Orbiter) კრატერის 40 კმ-იანი სეგმენტი გადაიღო სპეციალური ხელსაწყოს მეშვეობით, რომელსაც ზედაპირის ფერადი და სტერეო-გამოსახულების მიმღები სისტემა (CaSSIS – Color and Stereo Surface Imaging System) ეწოდება. ეს მხოლოდ კამერის სატესტო გამოსახულება უნდა ყოფილიყო, თუმცა, მოულოდნელად გაკეთებულმა აღმოჩენამ მეცნიერების მოლოდინს გადააჭარბა(მარსის ორბიტული მზვერავები).

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.