მარსის ორბიტერმა პლანეტის ჩრდილოეთ პოლუსის მორიგი შესანიშნავი სურათი გამოაგზავნა

 ევროპის კოსმოსური სააგენტოს (ESA) ორბიტერმა ხომალდმა ”Mars Express”, წითელი პლანეტის ჩრდილოეთ პოლუსის მიდამოების კიდევ ერთი, ულამაზესი სურათი გადმოსცა. სურათზე გამოსახულია ყინულით დაფარული უზარმაზარი, თეთრი, მბზინავი რეგიონები და ღრმა, ბნელი ხეობები. მთელი ტერიტორია მკვეთრი ტალღოვანი სტრუქტურებითაა დაფარული, რაც მიუთითებს, რომ აქ ქვიშის შტორმები და უმძლავრესი ქარიშხლები ერთმანეთს ენაცვლება.

 მარსი ერთადერთი პლანეტაა მზის სისტემაში, სადაც სეზონები დედამიწის მსგავსად იცვლება; თუმცა მარსის წელიწადი ორჯერ უფრო ხანგრძლივია, ვიდრე დედამიწის. მარსის პოლუსები სეზონების განმავლობაში მკვეთრად იცვლის მოხაზულობას – იცვლება ყინულის რაოდენობა, ქიმიური შედგენილობა, ქვიშის ზედაპირული განაწილება, ქარი და ტენიანობა.

 მთელი წლის განმავლობაში მარსის ჩრდილოეთ პოლუსს წყლის ყინულის სქელი ფენები ფარავს; ხოლო ზამთარში, როდესაც გარემოს ტემპერატურა -143°C ქვემოთ ჩამოდის, პოლუსს ატმოსფეროდან ჩამოთოვილი ნაშირორჟანგის ფენა ფარავს, რომლის სისქე, ალაგ-ალაგ, 2 მეტრსაც კი აჭარბებს.

 ამ ფენის ზემოთ ნახშირორჟანგის შთამბეჭდავი  ღრუბლები ფორმირდება, რომლებიც კარგად ჩანს ორბიტერის მიერ გადაღებულ სურათებზე.

 ყინულებით და ნახშირორჟანგის ღრუბლებით დაფარული მარსის ჩრდილოეთ პოლუსის რეგიონი. გადაღებულია Mars Express ორბიტერის უძლავრესი, მაღალი გარჩევადობის კამერით HRSC (@ ESA/DLR/FU Berlin, CC BY-SA 3.0 IGO).

 HRSC (High Resolution Stereo Camera), ორბიტერზე დამონტაჟებული უმძლავრესი, მაღალი გარჩევადობის კამერაა, რომელიც პლანეტის ზედაპირის მკვეთრ, ფერად გამოსახულებას 10 მეტრის მასშტაბში გადმოსცემს. HRSC-ს არხში ჩამონაჟებულია კიდევ უფრო მძლავრი, სუპერ-გარჩევადობის კამერა  SRC (Super Resolution Camera), რომელიც 2,3 მეტრ/პიქსელის მასშტაბში 2,35 კმ2 ფართობის ზედაპირს იღებს. ასეთი მძლავრი კამერები პლანეტის ტოპოგრაფიული და გეოლოგიური სტრუქტურების შეფასებას ემსახურება, რასაც მარსის ზედაპირზე ხომალდების დაშვების ადგილის შერჩევისას ითვალისწინებენ.

 მარსის ჩრდილოეთ პოლუსის გლობალური სურათიდან ჩანს, რომ ყინულისა და ქვიშის ფენები ერთი დიდი, სპირალური სტრუქტურის ნაწილია.

 მარსის ჩრდ, პოლარული ქუდი – ქვიშისა და ყინულის უზარმაზარი სპირალი. (@ Mars Global Surveyor/NASA/JPL/Malin Space Science Systems).

 მეცნიერებს მიაჩნიათ, რომ უცნაური მოხაზულობების მიზეზი ე.წ. ”კატაბატური ქარებია”, რომლებიც მაღალი სიმკვრივის ცივ, ატმოსფერულ ფენებს  მყინვარებიდან და პლატოებიდან ქვემოთ, ველებსა და ხევებში, ზვავისებურად მიაქანებს; ამ პროცესს თან ერთვის პლანეტის ბრუნვა ღერძის გარშემო, რაც ჯამში კორიოლისის ეფექტს  ქმნის და კატაბატურ ნაკადებს, პოლუსის გარშემო,  სპირალისებურად აბრუნებს. დედამიწაზე კორიოლისის ეფექტი ქარიშხლებისა და მორევების სპირალურ სტრუქტურებს განაპირობებს.

 მარსის პოლუსებზე ყინულის სისქისა და სტრუქტურის ცვლილება მეცნიერების განსაკუთრებული ინტერესის საგანია, რადგანაც მათში წითელი პლანეტის კლიმატის ცვლილების შესახებ მილიონობით წლების ინფორმაცია არის დაგროვებული – წყლის ყინულის გალღობა-გაყინვის ციკლები თითოეული კლიმატური ეპოქის დროს დალექილი მტვრის ფენას ინახავს.

 ხომალდი ”Mars Express”, მარსის ორბიტაზე 2003 წელს გავიდა; ამ ხნის განმავლობაში მან HRSC და SRC კამერების მეშვეობით, ციფრულ პლატფორმაზე, მარსის მთელი ზედაპირის უაღრესად დეტალური რუკა დაიტანა. ამ ინფორმაციის შესწავლამ წითელი პლანეტის თბილი და ნოტიო წარსული კლიმატი გამოავლინა, მოგვაწოდა ცნობები ღრმა გეოლოგიურ ფენებში მიმდინარე პროცესების შესახებ და, რა თქმა უნდა,  ჩამქრალი ვულკანებისა და კრატერების არაჩვეულებრივი სურათები გადაიღო.

 თოვლიანი კრატერი ”კოროლიოვი” მარსზე. @ ”Mars Express”, HRSC (@ ESA/DLR/FU Berlin).

 სურათები, მარსის პოლუსების შესანიშნავი ხედებით, გამოფენილი იყო მარსის პოლარული მეცნიერებისა და კვლევის მეშვიდე საერთაშორისო კონფერენციაზე არგენტინაში, 2020 წლის 13-დან 17 იანვრის ჩათვლით.

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.