მარსის მღვიმეებს ჭკვიანი ძაღლი-რობოტები გამოიკვლევენ

 ამერიკის აერონავტიკისა და კოსმოსის კვლევის ეროვნული სააგენტოს – NASA, მეცნიერებმა  საზოგადოებას ”მარსელი ძაღლი-რობოტები” წარუდგინეს. ფირმა Boston Dynamics-ის რობოტი “Au-Spot” მძლავრი ხელოვნური ინტელექტითაა აღჭურვილი, და მას შეუძლია წითელი პლანეტის რთული რელიეფის მქონე გამოქვაბულები გაცილებით უკეთ გამოიკვლიოს, ვიდრე ისეთ ბორბლიან მარსმავლებს, როგორებიცაა: ”Spirit” (სული), ”Opportunity” (შესაძლებლობა), ”Curiosity” (ცნობისმოყვარეობა) და ”Perseverance”  (შეუპოვრობა).

 ხელოვნური ინტელექტის მქონე ავტონომიური მანქანების შემუშავებაზე ორიენტირებული ფირმის, Boston Dynamics-ის ძაღლი-რობოტი, NASA-ს აქსესუარებით (NASA-JPL).

 ეს ავტონომიური რობოტი 60-ზე მეტი ინჟინერ-მეცნიერის თავდაუზოგავი შრომის შედეგია. ენთუზიასტი სპეციალისტების გუნდი, სახელად CoSTAR – Collaborative SubTerranean Autonomous Resilient Robots (თანამშრომლობა ავტონომიური მიწისქვეშა გამძლე რობოტების შესაქმნელად) ტექნოლოგიური უნივერსიტეტის ბაზაზე დაფუძნებულ ფირმაში Boston Dynamics ჯერ კიდევ გასული საუკუნის 90-იან წლებში ჩამოყალიბდა. ძაღლი-რობოტი ”Au-Spot” ფიჭური კავშირგაბმულობის სისტემით და მძლავრი პროგრამული უზრუნველყოფითაა აღჭურვილი, ამიტომ მას გარემოს სკანირება, კარტოგრაფირება, უსაფრთხოდ გადაადგილება და რთულ პირობებში დამოუკიდებლად ორიენტირება შეუძლია.

 ტრადიციული მარსმავლების ეფექტურობა, ძირითადად, ბრტყელ ზედაპირებზე გადაადგილების უნარით შემოიფარგლება, რაც მარსის ყველაზე უფრო საინტერესო და რთული რელიეფის მქონე ადგილების გამოკვლევის საშუალებას არ იძლევა; მაგალითად, მარსზე ბევრი ღრმა კანიონი და გამოქვაბულია, რომლებსაც ჩვეულებრივი მარსმავლები თავს არიდებენ, რადგან გადავარდნის შემთხვევაში მათი უკან ამოთრევა და  რეაბილიტაცია შეუძლებელი იქნება.

 ძაღლი-რობოტი ”Au-Spot” ბოლო თაობის მარსმავლებზე დაახლოებით 12-ჯერ მსუბუქია და გაცილებით სწრაფად გადაადგილდება. მაგალითად, ბოლო მოდელის მაქსიმალური სიჩქარეა 8 კმ/სთ (სწრაფად მოსიარულე ადამიანი), მაშინ, როდესაც მარსმავალ ”Curiosity”-ს ზღვრული დასაშვები სიჩქარე 0,14 კმ/სთ შეადგენს.

 ”Au-Spot” გარემოს სკანირებას სპეციალური ლაზერული იმპულსების მეშვეობით ახდენს. ამ სისტემას ”Lidar” ეწოდება; რობოტს ასევე გააჩნია  მოძრაობის და სითბური სენსორები, რომლის საშუალებითაც ის გარემოს სამგანზომილებიან რუკას უპრობლემოდ ქმნის და იმახსოვრებს. ხელოვნური ინტელექტის დახმარებით ძაღლი-რობოტი გარს უვლის წინაღობებს, უფრთხის საშიშროებას, გამოედევნება და შეისწავლის მეცნიერებისთვის საინტერესო ობიექტებს; ფიჭური და რადარული კავშირგაბმულობის დახმარებით მას შეუძლია გამოქვაბულებიდანაც მოახდინოს ინფორმაციის მოღება-მიწოდება.

 რობოტის შემქმნელი გუნდის CoSTAR წევრები ”Au-Spot”-ს მუდმივ რეჟიმში უწყობენ მკაცრ გამოცდებს, ხოლო მანქანური დასწავლის სისტემის საშუალებით ის კიდევ უფრო ჭკვიანი და მოხერხებული ხდება: ძაღლი-რობოტი განუწყვეტლივ დარბის სპეციალურად მისთვის მოწყობილ გვირაბებში, მიწისქვეშა გადასასვლელებში,  გამოქვაბულებში, კიბეებზე, მიხვეულ-მოხვეულ პანდუსებზე; ის იკვლევს მარსის იმიტირებულ პეიზაჟებს, კერძოდ – უდაბნოებს და ვულკანურ ქვაბულებს კალიფორნიაში. ბოლო მონაცემების მიხედვით, რობოტს გვირაბების ურთულეს ლაბირინთებშიც  კი შეუძლია გამოუკიდებლად გადაადგილება.

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.