ლორენცის სიმეტრია გამოცდას უძლებს

 ფიზიკოსებმა მასშტაბური კვლევები ჩაატარეს, რომლის მიზანიც ე.წ. ლორენცის სიმეტრიის დაურღვევლობის გადამოწმება იყო, ერთ-ერთი ფუნადმენტური სიმეტრიისა, რომელიც ზოგიერთი თანამედროვე ფიზიკური თეორიების შემადგენელ ნაწილს წარმოადგენს. სხვა დანარჩენთან ერთად, ლორენცის სიმეტრია გვეუბნება, რომ ექსპერიმენტებისა და გაზომვების შედეგები არ არის დამოკიდებული მათი ჩატარების ზოგიერთ ასპექტზე, კერძოდ, საკვლევი ობიექტის სიჩქარესა და მოძრაობის მიმართულებაზე. ასტრონომიული ობიექტებიდან დაწყებული, სუბატომური ნაწილაკებით დამთავრებული, ყველაფერი ამ პრინციპს ექვემდებარება. ზოგიერთი მეცნიერის აზრით, ეს პრინციპი ერთგვარი დამაკავშირებელი ხიდი უნდა იყოს კვანტურ მექანიკასა და ფარდობითობის ზოგად თეორიას შორის.

 ”ფარდობითობის ზოგადი თეორია და ელემენტარული ნაწილაკების სტანდარტული მოდელი, დასრულებული სახის მიღებიდან ჯერ კიდევ შორსაა, ერთ თეორიად მათი გაერთიანება ვერ ხერხდება. ასეთი თეორიების შექმნის მცდელობისას, ლორენცის პრინციპის დარღვევა იჩენს თავს” – ამბობს მარი-ქრისთინ ანგონინი (Marie-Christine Angonin), პარიზის ობსერვატორიის მეცნიერმუშაკი.

ხსენებული სიმეტრიის გადასამოწმებლად, პარიზის ობსერვატორიისა და კალიფორნიის უნივერსიტეტის მეცნიერებმა, 44 წლის განმავლობაში, დედამიწა-მთვარეს შორის მანძილის გასაზომი ლაზერების (LLR) საშუალებით დაგროვებული მონაცემების ანალიზი ჩაატარეს.

 LLR-ის ლაზერი, მთვარეზე დატოვებულ ამრეკლებს ანათებს. სინათლის უკან დაბრუნების მომენტის რეგისტრაციით, დროის ინტერვალი გამოითვლება, რომელიც ლაზერის სხივს დედამიწა-მთვარეს შორის არსებული მანძილის დასაფარავად დაჭირდა, რითაც (2,5 წამი) ხსნებული მანძილის სანტიმეტრის სიზუსტით გაზომვა ხდება.

 1969-2013 წლებს შორის, დედამიწის სხვადასხვა ნაწილში არსებული LLR-ის ლაზერებიდან, 20 ათასი იმპულსი იქნა გაგზავნილი. გათვალისწინებული იქნა ყველა ფაქტორი – დედამიწა-მთვარეს შორის დაშორება ექსპერიმენტების მსვლელობისას, ამინდი და ატმოსფერული ნაკადები, რელატივისტური ეფექტები (სივრცის გამრუდება).

 შექმნილი იქნა სპეციალური მათემატიკური მოდელი – ”მთვარის ეფემერიდა”, რომელშიც ათეულობით ფაქტორი შედის, რომლებიც მთვარის მდებარეობას, სიჩქარესა და ორიენტაციის დადგენის საშაულებას იძლეოდა დროის ნებისმიერ მომენტში. ამ მოდელის სტრუქტურა SME-თეორიით (standard-model extension) განისაზღვრება, რომელიც ფარდობითობის ზოგადი თეორიისა და სტანდარტული მოდელის კომბინირების ერთ-ერთ მცდელობას წარმოადგენს, და ლორენცის სიმეტრიის პრინციპის დარღვევას უშვებს.

 LLR-ით ჩატარებული გაზომვებით მიღებული მონაცემების ანალიზმა, SME-თეორიით განსაზღვრებადი კოეფიციენტებისა და პარამეტრების კომბინაციათა მიმართ მაღალი მგრძნობელობა აჩვენა. მიუხედავად ამისა, მეცნიერებმა ვერ იპოვეს მტკიცებულება იმისა, რომ გაზომვები, ”გასაზომი მხარის” მოძრაობის მიმართულებასა და სიჩქარეზეა დამოკიდებული, რაც ლორენცის სიმეტრიის მტკიცებულებაა. ამ მართლაც რომ მონაცემთა უზარმაზარი მოცულობის გამოყენებით, SME-თეორიის კოეფიციენტთა ადრინდლზე უფრო ზუსტი მნიშვნელობები დადგინდა.

 ყველაფერი ეს იმაზე მიუთითებს, რომ ლორენცის სიმეტრიის დარღვევა თუ მართლაც ხდება, ისეთი მცირე მნიშვნელობა ექნება, რომლის უგულვებელყოფა შეიძლება.

 ”მომავალში, LLR-ის მონაცემები, მთვარის ორბიტული თანამგზავრებიდან მიღებულ მონაცემებთან გაერთიანდება, რის საფუძველზეც ახალი მათემატიკური მოდელები შეიქმნება. ამ ახალ მოდელებში, ლორენცის სიმეტრიის დარღვევა მატერიასა და გრავიტაციას შორის ურთიერთქმედებით იქნება განპირობებული” – დასძენს მარი-ქრისთინ ანგონინი.

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.