იყო თუ არა სიცოცხლე მარსზე? – ნაპოვნია მეთანი და ტუბულები.

 2018 წლის დასაწყისში NASA-ს მარსმავალი ”ქიურიოსიტი” (Curiosity), შარპის მთის (Mount Sharp), ვერა რუბინის (Vera Rubin Ridge) სახელით ცნობილ ადგილს იკვლევდა, ორი ახალი საინტერესო აღმოჩენა გააკეთა: ატმოსფერული მეთანი და უჩვეულო, გაქვავებული მილისებრი წარმონაქმნები; შეიძლება თუ არა, რომ ეს მარსული სიცოცხლის ნაშთები იყოს?

 ”ქიურიოსიტის” ციფრული კამერის, MAHLI-ს (Mars Hand Lens Imager) მიერ გადაღებული გაქვავებული ”ტუბულები”. მათი წარმოშობა ჯერ კიდევ დაუდგენელია (NASA/JPL-Caltech/MSSS/AmericaSpace).

 მარსზე მეთანის არსებობის ფაქტი დიდი ხანია ცნობილია. დედამიწაზე ამ გაზის წარმოშობის წყარო 90%-ით მიკრობულია, ხოლო მცირე რაოდენობით – სხვადასხვა გეოლოგიური პროცესის შედეგია. რაც შეეხება მარსს, მეთანის წარმოქმნის წყაროდ მეტეორები, მიწისქვეშა გეოლოგიური აქტივობები, კლათრატები, სერპენტინიზაცია და მარსული მიკროორგანიზმებიც კი განიხილება.

 და აი, ”ქიურიოსიტიმ” დაადგინა, რომ მარსზე მეთანის წარმოქმნის პროცესს სეზონური ხასიათი აქვს.

 ”ქიურიოსიტიმ” მარსის ატმოსფერო, ჯერ-ჯერობით მხოლოდ 30-ჯერ დაყნოსა, და აღმოაჩინა, რომ მასში მეთანის კონცენტრაციის ცვლილება სეზონური ხასიათისაა (NASA/JPL-Caltech/MSSS/AmericaSpace).

 NASA-ს რეაქტიული ძრავების ლაბორატორიის მეცნიერი, ქრის უებსთერი, რომელიც ”ქიურიოსიტის” მეთანის სენსორის ოპერირებას უზრურველყოფს, აღნიშნავს, რომ მეთანის სეზონურ კონცენტრაციებს შორის სხვაობა უჩვეულოდ დიდია: ზაფხულის კონცენტრაცია ზამთრისას თითქმის 3-ჯერ აღემატება.

 ”ულტრაიისფერი გამოსხივება და მტვრის ქარბუქები მეთანის კონცენტრაციებში ასეთ სხვაობას ვერ განაპირობებს, რაც ამ აირის ბიოლოგიური წარმოშობის შანსებს ზრდის; თუმცა, ფოროვანი ზედაპირების მქონე  ქანებსაც ნუ გამოვრიცხავთ, რომლებიც ტემპერატურის მატებისას ინტენსიურად გამოყოფენ აირებს” – ამბობს ვებსტერი. საინტერესოა, რომ გოდარდის კოსმოსური ფრენების ცენტრის პლანეტურ მეცნიერებათა პროფესორი, მაიკ მუმმა, სეზონურობას სიცოცხლის არსებობის ნიშნად მიიჩნევს – 2009 წელს მან, ჰავაის ობსერვატორიის ტელესკოპის მეშვეობით მარსის ატმოსფეროში 45-ppb  (ნაწილაკი მილიარდზე) მეთანის გამოფრქვევები დააფიქსირა.

 გაქვავებული ”ტუბულები” ახლო ხედით (NASA/JPL-Caltech/MSSS/AmericaSpace).

 ახალ აღმოჩენებთან დაკავშირებით, ევროპის კოსმოსური სააგენტოს ExoMars-ის ორბიტერზე განთავსებული ინსტრუმენტი – ატმოსფერული აირების მკვლევარი (Trace Gas Orbiter – TGO) – სამეცნიერო დაკვირვებების წარმოებას დაიწყებს. ეს ხელსაწყო მეთანის მიმართ განსაკუთრებული მგრძნობელობით გამოირჩევა, რაც ბევრ შეკითხვაზე გასცემს პასუხს (”ეგზომარსი – 2016” – სტარტი – 14 მარტი).

 რაც შეეხება ”ქიურიოსიტის” მიერ აღმოჩენილ გაქვავებულ ”ტუბულებს”, ეს რამდენიმე მილიმეტრის სისქის წარმონაქმნებია, რომლებიც, დიდი ალბათობით, გეოლოგიური წარმოშობისაა, მაგრამ… როგორც ზოგი ენთუზიასტი მკვლევარი მიიჩნევს, ისინი საოცრად ჰგავს დედამიწის ნამარხ ”ტუბულებს”. მაგალითად, ”ქიურიოსიტის” მისიის პროგრამული ინჟინერი აშვის ვასავადა მიიჩნევს, რომ  ეს შეიძლება მარსული სიცოცხლის ნაშთები იყოს.

 

დედამიწის ნამარხი ”ბიოტუბულები” ორდოვიკული/სილურული პერიოდის დანალექ ქანებში. არქტიკა, დევონის კუნძული. HMP/პასკალ ლი/AmericaSpace.
 დედამიწის ”ბიოტუბულირების” კიდევ ერთი მაგალითი  პლანოლითები. ჭიებს თიხაში არხები გაჰყავთ, შემდეგ ისინი შრება და ქვავდება. 2013 წლის სურათი – Chin et al./Creative Commons/AmericaSpace.

 NASA-ს მიზნობრივი კვლევების ცენტრის მეცნიერი, პასკალ ლი მიიჩნევს, რომ რამდენიმე სურათით მარსისეული ”ტუბულების” ბუნებისა და წარმოშობის დადგენა პრაქტიკულად შეუძლებელია.

 ”დასამალი არაფერია. ამ სურათების დანახვისთანავე მე, როგორც გეოლოგს, მაშინვე ბიოტურბაცია, ანუ ბიოლოგიური ”ტუბულირება” გამახსენდა. ეს  არის პროცესი, რომლის შედეგადაც ლამში და სხვა დანალექ ქანებში მცხოვრები ორგანიზმები, უმეტესწილად  ჭიები, არხებს თხრიან და იქ ცხოვრობენ. ამ ორგანიზმების სიკვდილის შემდეგ, არხები, ანუ ”ტუბულები”, მინერალებით ივსება და ეროზიის შემდეგ, ასეთ განასკვულ მილებს ემსგავსება”.

 ბევრი მეცნიერი მიიჩნევს, რომ მარსზე, მიკრობული სიცოცხლის არსებობის ალბათობაც კი მცირეა, არა თუ ისეთი მრავალუჯრედიანი ”ჭიების”, რომლებსაც მსგავსი ბიოტურბაციების წარმოქმნა შეეძლოთ.  როგორც კარლ საგანი ამბობდა: ”უჩვეულო მოვლენები, უჩვეულო მტკიცებულებებს საჭიროებს”; ამიტომ მეცნიერებს მიაჩნიათ, რომ ”ქიურიოსიტიმ” კვლევა უნდა განაგრძოს, რომ ახლადგამოვლენილ მოვლენებსა და სტრუქტურებს რაციონალური ახსნა მოეძებნოს (მარსმავლები) (earthsky.org).

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.