ზესწრაფი ვარსკვლავები

 ჩვენი ვარსკვლავი – მზე, გალაქტიკის ცენტრის გარშემო 724 000 კმ/სთ. სიჩქარით მოძარობს, ზოგიერთები 1 500 000 კმ/სთ. სიჩქარით დაქრიან, შეუძლიათ კი ვარსკვლავებს კიდევ უფრო სწრაფად მოძრაობა(Physical Review Letters)?

 ჰარვარდის უნივერსიტეტის ასტროფიზიკოსები, ავი ლიობი და ჯეიმს ჰილშონი თვლიან, რომ შეუძლიათ, თან გაცილებით სწრაფად. ეს დასკვნები თეორიულ გამოთვლებს ეფუძნება, ამიტომ არავინ იცის მართლაც არსებობს ეს ზესწრაფი ვარსკვლავები თუ არა. ლიობის თქმით, მათი აღმოჩენა მომდევნო თაობის ტელესკოპებით უნდა მოხერხდეს.

 ასეთი ვარსკვლავების აღმოჩენა სამყაროს ევოლუციის უკეთ გაგებაშიც დაგვეხმარება. კერძოდ, გაჩნდება სამყაროს გაფართოების დასადგენად საჭირო კიდევ ერთი ინსტრუმენტი. გარდა ამისა, მათ ორბიტებზე შეიძლება იყოს პლანეტები, რომლებიც თავიანთ ვარსკვლავებს, მათზე არსებულ ჰიპოთეტურ სიცოცხლესთან ერთად, გალაქტიკათშორის მოგზაურობაში გაჰყვება.

 2005 წელს აღმოჩენილ იქნა ვარსკვლავი, რომლის გადაადგილების სიჩქარე სრულიად საკმარისია გალაქტიკის მიზიდულობის ძალის დასაძლევად. მომდევნო წლებში ასტრონომებმა კიდევ რამდენიმე ასეთი ზესწრაფი ვარსკვლავი აღმოაჩინეს. ისინი ირმის ნახტომის ცენტრში მდებარე ზემასიურმა შავმა ხვრელმა გამოტყორცნა. როცა ერთმანეთის გარშემო მბრუნავი ვარსკვლავები ზემასიურ ხვრელს უახლოვდება, რომელიც მილიონჯერ მასიურია მზეზე, სამივე ობიექტი მოკლე გრავიტაციულ ცეკვაში ერთვება, რომლის შედეგადაც ერთი ვარსკვლავი ძალიან დიდი სიჩქარით გაიტყორცნება, მეორე კი ხვრელის ორბიტაზე რჩება.

 ლიობი და ჰილშონი თვლიან, რომ თუ ამის მაგივრად ერთმანეთთან შერწყმის პროცესში მყოფი ზემასიური შავი ხვრელები გვექნება, ვარსკვლავით ერთ-ერთის ორბიტაზე, მაშინ გრავიტაციულმა ძალებმა ამ ვარსკვლავის კატაპულტირება ზესწრაფ ვარსკვლავებზე ასეულობითჯერ მეტი სიჩქარით შეიძლება მოახდინოს.

 გალაქტიკების შერწყმისას, მათი ცენტრალური ზემასიური ხვრელებიც ერთიანდება და ვარსკვლავთა ზემაღალი სიჩქარეებით გატყორცნა შეუძლია, ზოგიერთი მათგანი კი სინათლის სიჩქარის 1/10-ს განავითარებს, ანუ დაახლოებით 107 000 000 კილომეტრი საათში.

 გალაქტიკიდან ამოვარდნილი ვარსკვლავების უმრავლესობა ცენტრთან ახლოს ჩამოყალიბდა და მათი კოსმოსში გატყორცნაც მალევე მოხდა. ეს კი იმას ნიშნავს, რომ თავიანთი სიცოცხლის დიდი ნაწილი მოგზაურობაში გაატარეს, რომლის ხანგრძლივობა, დაახლოებით, ამ ვარსკვლავის ასაკის ტოლი იქნება. გზაში გატარებული დროისა და სიჩქარის გაერთიანებით, ასტრონომები ვარსკვლავის მშობლიური გალაქტიკიდან, ჩვენი გალაქტიკის კიდეებამდე მანძილის გაზომვას შეძლებენ, ასევე ამ გალაქტიკებს შორის მანძილებს სამყაროს ევოლუციის სხვადსხვა ეტაპებზე.

 როცა ზემასიური შავი ხვრელები ერთიანდება, დრო-სივრცის ქსოვილში გრავიტაციულ ტალღებს წარმოქნის, რომლებიც ამ გაერთიანებას დეტალებში ასახავს. ამ ტალღებზე მონადირე კოსმოსური აპარატის – LISA, სტარტი 2028 წელს უნდა განხორციელდეს. ზესწრაფი ვარსკვლავები კი შერწყმის პროცესში მყოფი ზემასიური შავი ხვრელების ადგილმდებარეობის დადგენაში დაგვეხმარება, ისინი ხომ ერთმანეთთან ახლოს მბრუნავმა ზემასიურმა ხვრელებმა გამოტყორცნა.

 4 მილირდი წლის მერე, ირმის ნახტომი და ანდრომედა ერთმანეთს შეეჯახება(ქვეყნიერების დასასრული(ირმომედა)). მათ ცენტრებში მდებარე ზემასიური ხვრელები ერთმანეთს შეუერთდება და ზესწრაფ ვარსკვლავებსაც გამოისვრის(გალაქტიკიდან გაქცევას ესენიც აპირებენ). ჩვენი მზე ძალიან შორსაა ცენტრიდან, ამიტომ გალაქტიკაში დარჩება, ზოგიერთი სხვა მნათობები კი, ჰიპოთეტური, სიცოცხლისათვის თავსებადი პლანეტებით, გაერთიანების პროცესში მყოფი გალაქტიკებიდან კოსმოსში გაიტყორცნება. თუ ადამიანები იმ დროისათვის ამ პლანეტებზე გადასვლას შეძლებენ, პლანეტებთან ერთად სხვა გალაქტიკაში გაემგზავრებიან. თუმცა ეს, რა თქმა უნდა, ნებისმიერ სხვა პერსპექტივაზე შორეულია(გაქცეული ვარსკვლავები).

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *