ეს ზეახალი ცაზე 1181 წელს გამოჩნდა

 დორტმუთის კოლეჯის მეცნიერებმა, ნისლულ Pa 30-ის დეტალური გამოსახულება მიიღეს, რითაც მისი წარმოშობისა და ასაკის დაგდენაც შეძლეს (phys.org).

უილიამ ალბერტ ჰილტნერის (აშშ ასტრონომი. 1914-1991) სახელობის რეფლექტორი.

 MDM არის ოპტიკური ასტრონომიული ობსერვატორია კიტ პიკზე (ტუსონის დასავლეთით, არიზონა, აშშ), კიტ პიკის ეროვნული ობსერვატორიის მიმდებარედ. მეპატრონე და მმართველია: მიჩიგანის უნივერსიტეტი, დარტმუთის კოლეჯი, ოჰაიოს სახელმწიფო უნივერსიტეტი, კოლუმბიის უნივერსიტეტი და ოჰაიოს უნივერსიტეტი.

 აღჭურვილია ორი რეფლექტორული ტელესკოპით: 2,4 მ. დიამეტრიანი ჰილტნერის ტელესკოპით (1986 წლიდან), რომელიც გამოიყენება გალაქტიკის კვლევისთვის და 1,3 მეტრიანი მაკგროუ–ჰილის ტელესკოპით (1975 წლიდან).

 ნისლეულ Pa 30-ის ფოტოები 2022 წლის ბოლოს გადაიღეს, ობსერვატორია MDM-ის  ტელესკოპით – “ჰილტნერი” (Hiltner), რომელიც გოგირდის ატომების გამოსხივების ტალღის სიგრძის მიმართ მგრძნობიარე ოპტიკური ფილტრებით არის აღჭურვილი. გადაღება ხდებოდა სამი 2000 წამიანი ექსპოზიციით.

 Pa 30 ემისიურ ნისლეულს წარმოადგენს, მასხივებელი გაზის, მტვრისა და პლაზმის გროვას. მისი უჩვეულო სტრუქტურა გვიჩვენებს, რომ ის, ორი თეთრი ჯუჯა ვარსკვლავის შეჯახებით წარმოიქმნა, Iax ტიპის აფეთქების შედეგად. ეს ტიპი იმით არის ცნობილი, რომ აფეთქება ვარსკვლავის ნაწილს ანადგურებს, ის მთლიანად ნისლეულად არ გარდაიქმნება.

 თეთრი ჯუჯა, მზის მსგავსი ვარსკვლავების ევოლუციის ბოლო სტადიაა. ეს არის ასი ათასობით გრადუსამდე გავარვარებული დედამიწის ზომის ბირთვი, რომელშიც თერმობირთვული რეაქციები აღარ მიდის და ცეცხლისგან დარჩენილი ნაკვერჩახალივით, ნარჩენ სითბოს ასხივებს. ამ უკანასკნელისგან განსხვავებით, ის მილიარდობით წლი ცივდება, რადგან მზის მასის ობიექტი ძალიან მცირე ზომამდეა შეკუმშული, მცირე ფართობის მქონე ზედაპირი კი ნაკლებ სითბოს გასცემს. იმის მიხედვით, თუ რა სტადიაზე შეჩერდა თერმობირთვული რეაქციები, რაც წინამორბედი ვარსკვლავის საწყის მასაზეა დამოკიდებული (8-12 მზის მასა), წყალბადისა და ჰელიუმისგან თავისუფალი, ჟანგბად-ნეონ-მაგნიუმის ბირთვიც კი შეიძლება წარმოიქმნას, რომლის მასა ძალიან ახლოსაა ჩანდრასეკარის ზღართან, ანუ კიდევ უფრო მკვრივ და პატარა ნეიტრონულ ვარსკვლავად გადაქცევასთან ახლოს (როგორ კვდებიან ვარსკვლავები).

 ნისლეულში პრაქტიკულად არ არის წყალბადი და ჰელიუმი, სამაგიეროდ მდიდარია გოგორდითა და არგონით. ცენტრში მდებარე ჯუჯის ტემპერატურა კი 200 ათასი გრადუსია, რომლის მიერ გაჩენილი ვარსკვლავური “ქარის” სიჩქარე 56 მილიონი კილომეტრია საათში.

 Pa 30-ის გაფართოების სიჩქარე 3,8 მილიონი კილომეტრია საათში, რითაც დგინდება, რომ გაფართოების პოროცესის ასაკი 850 წელია, ხოლო შეჯახება 1181 წელს მოხდა. ამას ადასტურებს ჩინელი და იპონელი ასტრონომების ისტორიული ჩანაწერებიც, ვეგას ტოლფასი ელვარების ახალი ვარსკვლავის აღმოაჩინეს შესახებ ცაზე, რომლის ელვარების განელება დაახლოებით 6 თვე გრძელდებოდა (ძველი ცივილიზაციები).

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.