ეს ვარსკვლავი დამალობანას გვეთამაშება…

 კოსმოსური ობსერვატორიის, Gaia-ს მიერ 2016 წლის ივლის-აგვისტოში შეგროვებულ მონაცემებში, ასტრონომებმა უცნაურობა აღმოაჩინეს. ერთ-ერთი ვარსკვლავი ჩაბნელდა და ტელესკოპის თვალთახედვიდან გაქრა. რამდენიმე კვირის მერე კი ისევ გამოჩნდა, ნორმალური ელვარება დაიბრუნა, ისევ ჩაბნელდა და გაქრა. შემდოგომი კვლევებით გაირკვა, რომ თვითონ ამ ვარსკვლავს არაფერი სჭირს, დამზერადი ეფექტი კი სივრცე-დროის პერიოდული დეფორმაციით ჩნდება, რომელსაც ამ ვარსკვლავსა და ჩვენს შორის მდებარე უხილავი მასიური ობიექტი იწვევს (გრავიტაციული ლინზირება).

შავი ხვრელის მიერ წარმოქმნილი გრავიტაციული ლინზა.

 ახლა უკვე ცნობილია, რომ ეს მასიური ობიექტი, ჩვენიდან 2544 სინათლის წლის მანძილზე მდებარე ბინარული (ორმაგი) ვარსკვლავური სისტემაა – 2MASS19400112+3007533. შედგება ორი წითელი ჯუჯა ვარსკვლავისგან, რომელთა მასა მზის მასის 57 და 36 პროცენტია. საერთო მასათა ცენტრის გარშემო 2,88 წელიწადიანი პერიოდით მბრუნავი ვარსკვლავები იმდენად მკრთალია, რომ მათი დანახვა ყველაზე უფრო მგრძნობიარე ასტრონომიული ინსტრუმენტებითაც კი ძნელია. მხოლოდ მათ მიერ წარმოქმნილი გრავიტაციული ლინზირების მიხედვით მოხერხდა მანძილის, შემადგენელისა და მასების დადგენა.

(Gaia/ESA).

 იმის გამო, რომ სისტემა 2MASS19400112+3007533-ის ვარსკვლავები “მოძრავ” გრავიტაციულ ლინზას ქმნიან, სახელად Gaia16aye, მის უკან მდებარე ვარსკვლავის ელვარებასაც არამდგრადი ხასიათი აქვს. “გარდა იმისა, რომ ამ ვარსკვლავის ელვარება ნახტომისებურად იზრდებოდა, 500 დღიანი დაკვირვების განმავლობაში მისი 5 სრული გაქრობა-გაჩენა დავაფიქსირეთ” – ამბობს ლუკაშ ვირზიკოვსკი, ვარშავის უნივერსიტეტის ასტრონომი.

 ახლა, ასტრონომები აპირებენ მოიძიონ უხილავი ობიექტების მიერ წარმოქმნილი კიდევ რამდენიმე ასეთი მიკრო გრავიტაციული ლინზა, 2MASS19400112+3007533-ის მსგავსი. ასეთი ლინზები, უხილავი შავი ხვრელების აღმოჩენაში დაგვეხმარება, რომელთა მასა ცალკეული ვარსკვლავების მასას უტოლდება.

 ლუკაშ ვირზიკოვსკი – “ახალი მეთოდი საშუალებას მოგვცემს დავინხოთ ჩვეულებრივ პირობებში უხილავი ობიექტები და მოვლენები. საკმაოდ ოპტიმისტურად ვარ განწყობილი და ვთვლი, რომ ამ მეთოდით პატარა შავ ხვრელებს წელსვე აღმოვაჩენთ” (Gaia; დეფორმირებული დრო-სივრცე პულსარს მალავს).

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.