27 სექტემბერს, დღის სექსტანტიდების პიკია (აქტიურია 9 სექტემბრიდან, 9 ოქტომბრამდე). ამ მეტეორული “წვიმის” რადიანტი (შემოჭრის წერტილი) სექსტანტის თანავარსკვლავედში მდებარეობს, მზესთან ახლოს, ამიტომ დღის სექსტანტიდები, მხოლოდ გათენებამდე ცოტა ხნით ადრე ჩანს. მათ სანახავად, დაკვირვება დაიწყეთ ადგილობრივი დროით დილის 4-5 საათზე, როცა მზე ჯერ კიდევ არ უშლის ხელს დაკვირვებას.
აღსანიშნავია, რომ იმავე დღეს, კომეტა C/2023 A3, სექსტანტის თანავარსკვლავედს გაივლის. მოსალოდნელია, რომ ამ დროისთვის ის შეუიარაღებელი თვალით იქნება ხილული (27 სექტემბრისთვის პროგნოზირებული სიდიდე არის -1— 4m-მდე) (წლის საუკეთესო კომეტობის კანდიდატი – C/2023 A3 (ცუჩინშანი–ATLAS)).
დღის სექსტანტიდების სიჩქარე შედარებით მცირეა (კომეტების ფრაგმენტებისგან განსხვავებით) – 32 კმ/წმ. მათი წყაროა ასტეროიდი –2005 UD.
- მეტეორი – ნათება დედამიწის ატმოსფეროში, მასში მყარი კოსმოსური სხეულებისა თუ ნაწილაკების შემოჭრის დროს, რომლებსაც მეტეოროიდებს უწოდებენ.
- მეტეოროიდი – მყარი პალანეტათშორისი ობიექტი. ასტეროიდებისაგან განსხვავდება ზომით, ჩვეულებრივ რამდენიმე ათეულ მეტრზე პატარა ზომის. დედამიწის ატმოსფეროში მოხვედრისას იწვეს ელვარე ნათებას. მას მეტეორულ სხეულსაც უწოდებენ.
- მეტეორიტი – მეტეოროიდი, რომელიც დედამიწის ზედაპირზე დაეცა.
- მიკრომეტეოროიდი და მიკრომეტეორიტი – შესაბამისად მიკროსკოპული ზომების მეტეოროიდი და მეტეორიტი.
- კოსმოსური მტვერი – მიკრომეტეოროიდებზე პატარა ნაწილაკები, დედამიწის ატმოსფეროში მოხვედრისას არ იწვევენ ნათებას.
- ბოლიდი – ძლიერი ელვარების მეტეორი.
წარმოდგენილ სურათზე ჩანს, როგორ იშლება ამ ნაკადის ერთ-ერთი მეტეოროიდი არიზონას (აშშ) თავზე, მზის ამოსვლამდე, 5 ოქტომბრის დილას. დღის სექსტანტიდები იმდენად იშვიათია, რომ ამერიკის მეტეორული საზოგადოების წევრები, მისი ნაბისმიერი გამოვლინების დაფიქსირებას ძალიან დიდ მიღწევად თვლიან (სხვა მეტეორული ნაკადები).