ახალი ”ეგზოპლანეტებზე მონადირე” 18 აპრილს გაფრინდება

 სპეციალურად ეგზოპლანეტების ძებნისთვის შექმნილი ნასასეული ახალი ტელესკოპი TESS(Transiting Exoplanet Survey Satellite – ტრანზიტული ეგზოპლანეტების მკვლევარი), ამხედრებული რაკეტა ”ფალკონ 9”(სფეის იქსი)-ზე, 18 აპრილს გაფრინდება და იგივე მეთოდით მომუშავე, მწყობრიდან გამოსულ ”კეპლერს” შეცვლის. ორ თვემდე დრო იქნება საჭირო, რომ ტელესკოპი სტაბილურ ორბიტაზე გავიდეს და თავისი მოწყობილობა გამოცადოს.

 ”კეპლერისგან” განსხვავებით, რომელიც ცის პატარა მონაკვეთის შორეულ ვარსკვლავებს იკვლევდა(თანავარსკვლავედი გედი), TESS ახლოს მდებარე ვარსკვლავებს დააკვირდება და ცის 85%-ს მოიცავს. ტელესკოპი ოპტიმიზირებულია პატარა და შედარებით ცივ ვარსკვლავებზე, რომლებიც ძირითადად წითელ სინათლეს ასხივებს. ირმის ნახტომის ვარსკვლავთა 90%-ის ნათება სწორედ ამ დიაპაზონშია მოქცეული.

 სიახლოვის გამო, ეს ვარსკვლავები იდეალური სამიზნე იქნება ჯეიმს ვების სახელობის ტელესკოპისთვის, რომლის სტარტი 2020 წლისთვის არის დაგეგმილი.

 TESS დააკვირდება 200 000-ზე მეტი ვარსკვლავის ნათებას 2 წლის განმავლობაში. მისი დახმარებით 1500-ზე მეტი ეგზოპლანეტის კატალოგირება უნდა მოხდეს, მათ შორის დაახლოებით 500 დედამიწის ზომის და „სუპერ დედამიწის“ ტიპის პლანეტების, რომელთა რადიუსი დედამიწის რადიუსს 2-ჯერაც არ აღემატება. ზონდი ძირითადად დააკვირდება ეგზოპლანეტებს, რომლებიც ჩაუვლიან G, K და M ტიპის ვარსკვლავებს 12-ზე მაღალი ხილული მაგნიტუდით(ვარსკვლავური სიდიდე). TESS შეძლებს კეპლერის მიერ დაკვირვებადი ცის ფართობზე 400-ჯერ უფრო დიდი ტერიტორიის შესწავლას.

მისია დაყოფილია ეტაპებად. პირველი წლის განმავლობაში TESS დააკვირდება სამხრეთ ნახევარსფეროს, მეორე წლის განმავლობაში კი – ჩრდილოეთს. TESS დაყოფს ცას 30 სეგმენტად და ეტაპობრივად შეუდგება მათ ათვისებას, თითო სეგმენტისთვის 27 დღიანი პერიოდის დათმობით. მას ექნება საკმაოდ ელიფსური, 13 დღიანი ორბიტა დედამიწის გარშემო, ზედაპირიდან 108 000-დან 373 000-მდე კილომეტრის სიმაღლეზე. ეს ორბიტა განსაკუთებით სტაბილურია და მინიმალურ მანევრირებას მოითხოვს მის შესანარჩუნებლად. ტელსკოპი შეძლებს აღმოაჩინოს ეგზოპლანეტები, რომელთა პერიოდიც 13 დღეზე ნაკლებია (ვარსკვლავთან 2 ტრანზიტი რომ დაფიქსირდეს), რაც შეიძლება სიცოცხლისთვის შესაფერის ეგზოპლანეტაზე მითითებდეს, თუ ის წითელი ჯუჯა ვარსკვლავის გარშემო მოძრაობს. სეგმენტების თანაკვეთა ეკლიპტურ პოლუსებზე შესაძლებელს ხდის 100-ზე მეტ დღიანი დაკვირვება განხორციელდეს ცის გარკვეულ სექტორზე, სადაც ეგზოპლანეტების აღმოჩენის მეტი შესაძლებლობა იქნება.

 ზონდი აღჭურვილია მასაჩუსეთსის ინსტიტუტში (MIT) სპეციალურად შექმნილი 4 ფართო აპერტურიანი კამერით. მათი ხედვის არე 5-ჯერ აღემატება კეპლერის მისიაზე გაგზავნილი კამერების ხედვის არეს. თითოეულ კამერას აქვს 24×24 გრადუსიანი ხედვის არე. ოთხი CCD-სენსორის საერთო ზომა 67,2 მეგაპიქსელი იქნება და 600-1000 ნანომეტრი ტალღის სიგრძეზე იმუშავებს. თითოელი ტელესკოპი, ფართოკუთხიანი რეფრაქტორია(ლინზები), 10 სანტიმეტრიანი აპერტურით.

 მიღებული მონაცემები დამუშავდება და 3 თვის განმავლობაში აპარატის ბორტზევე შეინახება, დედამიწაზე კი ყველაზე უფრო საინტერესო აღმოჩენები გადმოიცემა. შენახულ მასალაში სხვა მოვლენებიც შეიძლება მოიძებნოს, მაგალითად, გამა-ანთებები.

 ტელესკოპებისა და ოპტიკური გამოსხივების მისაღები მოწყობილობის შესამუშავებლად საჭირო საწყისი კაპიტალი Google -მ გადაიხადა.

 ერთი გართულება, რაც ამ კამერებს უკავშირდება ისაა, რომ სურათის სიმკვეთრე შეიძლება სხვადასხვა იყოს და ერთი ფოკუსი არ არსებობს. გარდა ამისა, ტემპერატურის ცვლილებისას გამოსახულების მახასიათებლები იცვლება. ხანგრძლივი ტესტირების შემდეგ კამერები მზადაა ზონდზე დასამაგრებლად და კოსმოსში გასაშვებად. თუმცა, შესაძლებელია ზონდის გაშვება გადაიდოს. 2017 წლის ივლისის განცხადების მიხედვით, ბოლო ტესტირებებმა აჩვენა, რომ -75°C ტემპერატურაზე კამერების ფოკუსი გადაადგილდება, რამაც ფოტომეტრიაზე შეიძლება უარყოფითად იმოქმედოს. ამან შეიძლება გამოიწვიოს სინათლის შეგროვების უნარის დაქვეითება. კამერების პერიფერიებზე ხარისხი დაქვეითებულია თუმცა, ფოტოს ცენტში მოულოდნელად კარგი ფოკუსი აღმოჩნდა. სავარაუდოდ ეს 10%-ით შეამცირებს აღმოჩენილი ეგზოპლანეტების რაოდენობას. მიუხედავად ამისა, TESS-ზე მომუშავე მეცნიერები მიიჩნევენ, რომ მისიის მიზნები სრულად შესრულდება არსებულ მდგომარეობაში ზონდის გაშვების შემთხვევაში, თუ დამატებით ტესტები არ აჩვენებს საპირისპიროს. მთლიანი პროექტის ღირებულება არის 378 მილიონი დოლარი. ზონდის მასა 350 კგ(უცხო სიცოცხლე)(tess.gsfc.nasa.gov; wikipedia.org; phys.org; spacenews.com).

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *