ასტრო მოყვარულმა ზეახლის ანთების საწყისი მომენტი გადაიღო

 იშვიათი კოსმოსური მოვლენის მოწმე უბრალო ასტრო მოყვარულიც შეიძლება გახდეს(Nuture), მაგალითად, ვიქტორ ბუსო, არგენტინის ქალაქ როსარიოდან, რომელიც თავის ახალ კამერას ცდიდა და შემთხვევით, ისტორიაში პირველად, ვარსკვლავის ზეახლად ანთების პირველი მომენტის რეალური ფოტო გადაიღო.

 ბუსო პირველი ადამიანია, რომელმაც აფეთქების პროცესში მყოფი ვარსკვლავის ოპტიკური გამოსახულება მიიღო, დარტყმითი ტალღის გაჩენამდე და მერე. ეს ის მომენტია, როცა ზებგერითი სიჩქარით მოძრავი ტალღა ვარსკვლავის ბირთვიდან მის ზედაპირზე მოაღწევს და გაზის გარსის სწრაფ გაცხელებასა და აელვარებას იწვევს. სხვანაირად რომ ვთქვათ, ზეახლად აფეთქების პროცესის სულ პირველ ანთებაზეა საუბარი.

 ამ მომენტის გამოჭერა ძალიან ძნელია, რადგან წინასწარმეტყველებაც შეუძლებელია და შიდა დარტყმითი ტალღის ეფექტიც უკიდურესად მცირე ხნით გრძელდება. პროფესიონალი ასტრონომები ამ მომენტის გამოჭერას დიდი ხანია ცდილობენ, მაგრამ უშედეგოდ.

 ეს კოსმოსური ლატარიის მოგებას ჰგავს, რადგან ძალიან ბევრ დამთხვევათა ერთობლიობაა საჭირო, რათა მიიღო ის, რაც ბუსომ. მას გაუმართლა, 2016 წლის 20 სექტემბერს ახალ კამერას ცდიდა, რომელიც 40 სანტიმეტრიან ტელესკოპზე დააყენა. პირველ სამიზნედ, სამხრეთ ნახევარსფეროდან ხილული, 80 მილიონი სინათლის წლის მანძილზე მდებარე გალაქტიკა NGC 613 აირჩია. იდეალურ სამიზნედ მიიჩნია, რადგან პირდაპირ მის თავზე იყო.

 ამ გალაქტიკას ნახევარი საათის განმავლობაში იღებდა, 20 წამიანი დაყოვნებებით, რათა ახლოს მდებარე ქალაქის სინათლისგან გამოწვეული ხარვეზები მოეშორებინა(კაცობრიობის ერთი მესამედისთვის უხილავი ირმის ნახტომი). პირველი 20 წუთის განმავლობაში, ერთი მეორის მსგავსი ფოტოები გამოვიდა, თუმცა, ბუსომ რაღაც შეამჩნია, მანათობელი წერტილი გალაქტიკის ერთ-ერთ მკლავზე. წუთიც არ იყო გასული, რომ ასტრო მოყვარული მიხვდა – მან რაღაც უჩვეულო გადაიღო.

ბუსოს ნეგატივები, რომელზეც ნათელი წერტილის სიკაშკაშა დროში იცვლება.

 ზეახალზე დაკვირვება პროფესიონალმა ასტრონომებმა გააგრძელეს, ლიკისა და კეკის ობსერვატორიებიდან. აღმოჩენიდან 2 თვის მერე მას სახელიც მისცეს – SN 2016gkg.

 ობიექტის სპექტრული ანალიზით დადგინდა, რომ ის Iib ტიპის ზეახალია – ყოფილი მასიური ვარსკვლავი, 20-ჯერ აჭარბებდა მზის მასას, შემდეგ კი მისი სამი მეოთხედი დაკარგა. სავარაუდოდ, ეს მასა კომპანიონმა ვარსკვლავმა აართვა. აფეთქების მომენტისთვის კი მისი მასა 5 მზის მასას უტოლდებოდა.

 ხანგრძლივი დაკვირვებებით, ასტრონომები კიდევ უფრო მეტს გაიგებენ ვარსკვლავის შემადგენელისა და თვითონ აფეთქების შესახებ, ალბათ, მისი კომპანიონის ბედსაც გაარკვევენ(ზეახალი ვარსკვლავი).

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *