განახლდა: 12/08/2026
ჰორიზონტი არის დამზერადი სივრცის გამყოფი საზღვარი სივრცის იმ ნაწილისგან, რომელიც თვალისთვის მიუწვდომელია. არსებობს ე.წ. ნაწილაკების ჰორიზონტიც, რომელიც წარმოადგენს მანძილს, საიდანაც წარსულში გამოსხივებული სინათლე, დამკვირვებლამდე ამ მომენტში მოვა. ამ ჰორიზონტის განვითარება სამყაროს გაფართოების ხასიათზეა დამოკიდებული. თუ დიდი აფეთქების თეორია მართებულია და სამყარო აჩქარებით ფართოვდება, კოსმოლოგიურ ჰორიზონტს იქეთ მდებარე ობიექტებს ვერასოდეს დავინახავთ. უჰორიზონტო კოსმოლოგიურ მოდელებში მოვლენათა ჰროზიონტი არ არის, რადგან მასში მატერია და გამოსხივება დომინირებს, განსხვავებით ჩვენი სამყაროსგან, რომელშიც ე.წ. სამყაროს გამაფართოებელი ბნელი ენერგიაა დომინანტი (მოკლედ კოსმოლოგიური მოდელის შესახებ).
სამყაროს ჰორიზონტის ცნება სულაც არ არის ისეთი მარტივი, როგორც ერთი შეხედვით შეიძლება მოგვეჩვენოს, და ეს საკმაოდ დამაბნეველი თემაა ბევრისთვის. მით უმეტეს, რომ ჰორიზონტი ერთადერთი არ არის. ფონური გამოსხივების (რელიქტური გამოსხივების) მონაცემები და ინფლაციის თეორია იმაზე მიუთითებს, რომ ჩვენ, სამყაროს მხოლოდ უმცირეს ნაწილს ვხედავთ, რომელსაც ნულისგან განურჩეველი, უმნიშვნელო სიმრუდე აქვს და გარკვეული ჰორიზონტით შემოიფარგლება, ზუსტად ისე, როგორც დედამიწის ხილული ლანდშაფტია შეზღუდული მხედველობის არით.

პირველი, რაც ბუნებრივად იბადება გონებაში, არის ზღვარი დაახლოებით 14 მილიარდი სინათლის წლის მანძილზე – გამომდინარე იქიდან, რომ სამყარო 13,8 მილიარდი წლისაა და სინათლემ მეტი მანძილის გავლა ვერ მოასწრო. არასწორი პასუხის კიდევ ერთი გავრცელებული ვარიანტია ჰაბლის სფერო, სადაც გალაქტიკების ჩვენგან გაქცევის სიჩქარე სინათლის სიჩქარეს აღწევს (ჰაბლის მუდმივის მიმდინარე მნიშვნელობის შემთხვევაში ამ სფეროს რადიუსი 14,45 მილიარდი სინათლის წელია). თუმცა რეალური სურათი ბევრად რთულია (მაინც რა ასაკისაა სამყარო?).
ჰაბლმა დაადგინა, რომ რაც უფრო შორსაა გალაქტიკა, მით მეტი სიჩქარით გვშორდება ის. სწორედ ხილული სამყაროს ასეთ გაფართოებას ეწოდა ჰაბლის კანონი. მათემატუკურად ის საკმაოდ ადვილად ფორმულირდება:
v = Hr
სადაც v – გალაქტიკის ჩვენგან დაშორების სიჩქარეა, r – მანძილი გალაქტიკამდე, H – ე.წ. ჰაბლის მუდმივა. ეს უკანასკნელი ექსპერიმენტით დგინდება, თანამედროვე მონაცემებით, მისი დაახლოებითი მნიშვნელობა ასეთია – 70 კილომეტრი/წამში მეგაპარსეკზე (1 მპს. დაახლოებით 3,3 მილიონი სინათლის წელია).
როდესაც შორს ვიყურებით, წარსულს ვხედავთ (რა არის სინათლის წელი?). ყველაზე შორეული წარსული, რომლის დანახვაც უზარმაზარი ძალისხმევის გარეშეა შესაძლებელი, არის სამყაროში ნივთიერებათა რეკომბინაციის მომენტი. ჩვენ მას ვხედავთ რელიქტურ გამოსხივებაში, რომელიც გამოიყო მაშინ, როცა სამყარო 380 ათასი წლის იყო (დიდი აფეთქება – მოწმის მონათხრობი).
სანამ რეკომბინაცია მოხდებოდა (სამყაროს ასაკი დაახლოებით 380 000 წელი), სამყარო იყო იონიზებული პლაზმა, სადაც ფოტონები მუდმივად ეჯახებოდნენ თავისუფალ ელექტრონებს და ვერ მოძრაობდნენ თავისუფლად — სამყარო გაუმჭვირვალე იყო. როდესაც მოხდა რეკომბინაცია (პროტონები და ელექტრონები ნეიტრალურ ატომებად გაერთიანდნენ), სივრცე გამჭვირვალე გახდა, ფოტონები „გათავისუფლდნენ“ და დაიწყეს თავისუფალი მოძრაობა. სწორედ ეს მაშინდელი ფოტონები აღწევს დღეს ჩვენამდე რელიქტური გამოსხივების სახით.
მას შემდეგ სივრცე ათასჯერ გაფართოვდა. მაგალითად, ცნობილი ერიდანის ცივი ლაქა, რომელიც განსხვავებული სიმკვრით გამოირჩევა, ახლა წარმოადგენს ვოიდების (მატერიისგან თითქმის თავისუფალი ადგილები სამყაროში) უპირატესობის მქონე რეგიონს, სადაც ჰიპოთეტური გონიერი არსებები ჰაბლის მუდმივის ოდნავ გადაჭარბებულ მნიშვნელობებს გაზომავდნენ (ვოიდები გვატყუებენ?!).

იმის დასადგენად, თუ სად მდებარეობს რეალურად ეს რეგიონები ამჟამად, აინშტაინის ზოგადი ფარდობითობის თეორიიდან ე.წ. ფრიდმანის განტოლებები გამოიყენება (ფარდობითობის თეორია). სინათლის ფოტონი, რომელიც ჩვენკენ გაფართოებად სივრცეში მოფრინავს, არაწრფივად მოძრაობს. ის წერტილი, საიდანაც ფოტონი გამოიტყორცნა, ჩვენს მიმართ სინათლის სიჩქარეზე სწრაფად იხევს უკან, რაც არ ეწინააღმდეგება სპეციალურ ფარდობითობის თეორიას. გამოთვლები გვიჩვენებს, რომ ფოტონი, რომელმაც ჩვენამდე 13,8 მილიარდ წელიწადში მოაღწია, გამოსხივდა წერტილიდან, რომელიც ამ ხნის განმავლობაში უკვე 46 მილიარდი სინათლის წლით დაგვშორდა. სწორედ ეს მანძილი წარმოადგენს ნაწილაკების თანამედროვე ჰორიზონტს – წარსულის ერთ-ერთ ძირითად ჰორიზონტს.

მეორე ჰორიზონტი, სამყაროს მომავალს უკავშირდება და „მოვლენათა ჰორიზონტი“ ეწოდება. თუ განვიხილავთ ფოტონებს, რომლებსაც გალაქტიკები ზუსტად ახლა ასხივებენ სხვადასხვა წერტილიდან, აღმოჩნდება, რომ ჰაბლის თანამედროვე სფეროს სიახლოვეს მდებარე გალაქტიკების მიერ გამოსხივებული სინათლე, სივრცის გაფართოებასთან ხანგრძლივი ბრძოლის შემდეგ, მაინც მიაღწევს ჩვენს შორეულ შთამომავლებამდე ათეული მილიარდი წლის შემდეგ, თუმცა ძლიერ გაწითლებული (წითელი წანაცვლება). ხოლო სიგნალი, რომელიც ამ ზღვარიდან კიდევ უფრო შორსაა, სივრცის გაფართოებას ვეღარასოდეს გადალახავს და სამუდამოდ დაიკარგება ჩვენთვის. ეს ზღვარი ზუსტად განსაზღვრავს მოვლენათა ჰორიზონტს, რომელიც მომავალში, (სამყაროს აჩქარებით გამაფართოებელი) ბნელი ენერგიის სრული დომინირებისას, ზუსტად ჰაბლის სფეროს დაემთხვევა. მარტივად რომ ვთქვათ: იმ მომენტისთვის, როდესაც სამყაროს დინამიკას სრულად განსაზღვრავს ბნელი ენერგია და ჰაბლის სფერო მუდმივ ზომად იქცევა, შორეული ობიექტებიდან წამოსული სიგნალების „გადარჩენის“ უკანასკნელი ზღვარი ზუსტად ამ სფეროს საზღვარს დაემთხვევა. ყოველივე, რაც ამ ზღვარს მიღმა აღმოჩნდება, სამუდამოდ მიუწვდომელ ზონად იქცევა, რადგან მათსა და ჩვენს შორის სივრცე სინათლეზე სწრაფად შეუქცევადად გაფართოვდება.

შორეული გალაქტიკების დაკვირვება საინტერესო ანალოგიას ქმნის შავ ხვრელებთან. როდესაც ჩვენი შთამომავლები ათეულობით და ასეულობით მილიარდი წლის შემდეგ დააკვირდებიან შორეულ გალაქტიკათა გროვებს, მათგან სინათლე უფრო და უფრო გამრუდებული ტრაექტორიით იმოძრავებს, ხოლო წითელი წანაცვლება უზარმაზარ მნიშვნელობებს მიაღწევს. გალაქტიკა არასოდეს გაქრება მკვეთრად: დამკვირვებლისთვის ის უსასრულოდ მიუახლოვდება მოვლენათა ჰორიზონტს, თითქოს გაიყინება მასზე და გამოასხივებს სულ უფრო იშვიათ და გაწითლებულ ფოტონებს. თუმცა, შავი ხვრელისგან განსხვავებით, რომლის ჰორიზონტი აბსოლუტური და ერთია ყველასთვის, კოსმოსური მოვლენათა ჰორიზონტი ინდივიდუალურია სივრცის სხვადასხვა წერტილში მყოფი თითოეული დამკვირვებლისთვის. თავად გალაქტიკამ „არც იცის” დამკვირვებლის არსებობის შესახებ და საკუთარ ათვლით სისტემაში არანაირ ფიზიკურ საზღვარს არ კვეთს, რაც კოსმოსური ჰორიზონტების ფარდობით და სივრცულ ხასიათს უსვამს ხაზს (კიდევ სამყაროს შესახებ).