განახლდა: 30/08/2026
ასტრონომებმა ჩვენი გალაქტიკის ცენტრში მდებარე ზემასიური შავი ხვრელის, მშვილდოსანი A*-ს გარშემო მბრუნავი ვარსკვლავი S301 აღმოაჩინეს, რომელიც შავ ხვრელთან მაქსიმალური მიახლოებისას წამში დაახლოებით 25 ათას კილომეტრს გადის, რაც სინათლის სიჩქარის 8 პროცენტზე ცოტა მეტია და სხვა ასეთი სწრაფი ვარსკვლავი მეცნიერებს აქამდე არც დაუფიქსირებიათ. S301-ის ტრაექტორია ჩილეში მდებარე ევროპის სამხრეთული ობსერვატორიის “ძალიან დიდ ტელესკოპზე” არსებული ინსტრუმენტის, GRAVITY-ის დახმარებით, 2017 წლიდან დაგროვილი მონაცემების საფუძველზე აღადგინეს. ეს ვარსკვლავი შავი ხვრელის ირგვლივ ძლიერ წაგრძელებულ ორბიტას დაახლოებით 8,7 წელიწადში შემოწერს. უახლოეს წერტილში ის შავ ხვრელთან უფრო ახლოს მიდის, ვიდრე აქამდე დამზერილი ნებისმიერი სხვა ცნობილი ვარსკვლავი – დედამიწასა და მზეს შორის არსებულ მანძილზე (150 მლნ/კმ, იგივე 1 ასტრონომიული ერთეული) მხოლოდ 12-ჯერ მეტად, და სწორედ ამ მომენტში ვითარდება მისი მაქსიმალური სიჩქარე.
ასეთი ექსტრემალური ორბიტა, S301-ს, შავი ხვრელის ბრუნვის შესასწავლად უმნიშვნელოვანეს ობიექტად აქცევს. მშვილდოსანი A*-ს მასა დაახლოებით 4 მილიონი მზის მასის ტოლია და, სავარაუდოდ, ისიც საკუთარი ღერძის გარშემო ბრუნავს, თუმცა ამ ბრუნვის პირდაპირი გაზომვა უკიდურესად რთულია. ფარდობითობის ზოგადი თეორიის თანახმად, მბრუნავი შავი ხვრელი თან იტაცებს გარემომცველ სივრცე-დროს — ე.წ. ლენზე-ტირინგის ეფექტი ანუ ათვლის სისტემის ჩახვევა მცირედით უნდა ცვლიდეს ახლოს ჩავლილი ობიექტების ორბიტებს. მიუხედავად იმისა, რომ ვარსკვლავი S2 უკვე წლებია გამოიყენება თეორიის შესამოწმებლად, S301 შავ ხვრელთან ბევრად უფრო ახლოს გადის, ამიტომ მისი ბრუნვის გავლენა მის ტრაექტორიაზე გაცილებით ძლიერად უნდა ვლინდებოდეს. ვარსკვლავის მომდევნო მაქსიმალური მიახლოება 2031 წლისთვის მოხდება, როდესაც განახლებული GRAVITY+-ისა და მომავლის “უკიდურესად დიდი ტელესკოპის” (ELT) მეშვეობით მეცნიერები მის მოძრაობას კიდევ უფრო მაღალი სიზუსტით დააკვირდებიან. თუკი შავი ხვრელის ბრუნვის ეფექტის გამოყოფა სხვა გრავიტაციული შეშფოთებებისგან მოხერხდება, ეს მეცნიერებს პირველად მისცემს საშუალებას პირდაპირ გაზომონ ზემასიური შავი ხვრელის ბრუნვის პარამეტრი და კიდევ ერთხელ მკაცრად შეამოწმონ აინშტაინის თეორია ექსტრემალურ პირობებში.
მკვლევრები გამორიცხავენ იმის ალბათობას, რომ S301 იმ ადგილას წარმოქმნილიყო, სადაც ახლა იმყოფება, რადგან შავი ხვრელის ძლიერი გრავიტაცია ასეთ მცირე მანძილზე ჩვეულებრივ ხელს შეუშლიდა გაზის ღრუბლებისგან ვარსკვლავების ჩამოყალიბებას. სავარაუდო ახსნად ჰილლსის მექანიზმი სახელდება, რომლის მიხედვითაც S301 ოდესღაც ორმაგი ვარსკვლავური სისტემის წევრი იყო, თუმცა შავ ხვრელთან ზედმეტად ახლოს ჩავლვამ ეს სისტემა გაწყვიტა: ერთ-ერთი ვარსკვლავი შავი ხვრელის ირგვლივ ახლო ორბიტაზე გადავიდა, ხოლო მეორემ უზარმაზარი ენერგია მიიღო და გალაქტიკის ცენტრიდან უზარმაზარი სიჩქარით გაიტყორცნა (ირმის ნახტომიდან გაქცევის სიჩქარე 550 კმ/წმ.). ასეთი ვარსკვლავი-თანამგზავრი თეორიულად შეიძლება ქცეულიყო ცნობილ ჰიპერჩქარ ვარსკვლავად და დაეტოვებინა კიდეც ირმის ნახტომი, თუმცა S301-სა და რომელიმე კონკრეტულ ობიექტს შორის დადასტურებული კავშირი ჯერჯერობით არ არსებობს (ჩვენი გალაქტიკის ზემასიური შავი ხვრელი ვარსკვლავებს აქეთ-იქეთ ისვრის).

S301-ზე დასაკვირვებლად ასტრონომებს დასჭირდათ VLT-ის კომპლექსის ოთხი 8,2-მეტრიანი ტელესკოპის სინათლის გაერთიანება ინტერფერომეტრიის გამოყენებით. ვარსკვლავი ექსტრემალურად მკრთალია და მდებარეობს გალაქტიკის ცენტრის მიმართულებით ვარსკვლავებით გადატვირთულ არეალში (მოკლედ ჩვენი გალაქტიკის შესახებ). შემდგომი დაკვირვებები, 2031 წელს შავ ხვრელთან მის მაქსიმალურ მიახლოებამდე, მკვლევრებს ორბიტის პარამეტრების უფრო ზუსტად განსაზღვრასა და იმის შემოწმებაში დაეხმარება, შესაძლებელია თუ არა მშვილდოსანი A*-ს ბრუნვის გავლენის აღმოჩენა (საკამათო ხვრელი).