განახლდა: 08/08/2026
მეცნიერებმა მასიური ვარსკვლავის აფეთქების ერთ-ერთი ყველაზე ხელმიუწვდომელი მომენტი – ბირთვის კოლაფსისთანავე გარეთ გამოფრქვეული დარტყმითი ტალღა დააფიქსირეს. ეს აღმოჩენა ადასტურებს ზეახალი ვარსკვლავების დაბადების გარკვეულ თეორიულ მოდელებს და გვიჩვენებს, რომ ბევრი მსგავსი მოვლენა შესაძლოა ისე არ მიმდინარეობდეს, როგორც ადრე გვეგონა.
როდესაც მასიური მნათობი საწვავის მარაგს ამოწურავს, მისი ბირთვი კოლაფსირებს, ხოლო გარე გარსები კოსმოსში იფრქვევა. ყველაზე პირველი სინათლის სიგნალი ე.წ. ზეახალი ვარსკვლავის დარტყმითი ტალღის გარღვევაა – მომენტი, როდესაც ეს ტალღა ვარსკვლავის ზედაპირს აღწევს და ულტრაისფერი და რბილი რენტგენის მოკლე ანთებას იწვევს. ის სულ რამდენიმე წუთს გრძელდება, რის გამოც დაკვირვება წარმოუდგენლად რთულია.

დღემდე ყველაზე დამაჯერებელ მაგალითად მიჩნეული იყო ზეახალი SN 2008D, რომელიც კოსმოსური ტელესკოპის, “სვიფტის” დახმარებით თითქმის შემთხვევით აღმოაჩინეს. თუმცა, მსგავსი აფეთქებების ძებნაზე ორიენტირებული კოსმოსური ობსერვატორია “აინშტაინ პროუბის” (Einstein Probe) ორბიტაზე გასვლის შემდეგ სიტუაცია შეიცვალა.

2026 წლის მარტში, ასტრონომებმა ტრანზიენტი (ხანმოკლე ელვარე მოვლენა) EP260321a დაარეგისტრირეს და ის ისეთი იხილეს (ერთ-ერთ ჯუჯა გალაქტიკაში), როგორიც დაახლოებით 156 მილიონი წლის წინ იყო. პრაქტიკულად მაშინვე, დაკვირვებებს ათობით სახმელეთო და კოსმოსური ინსტრუმენტი შეუერთდა, რათა ობიექტის ევოლუციაზე რენტგენის, ინფრაწითელ და რადიოდიაპაზონებში ედევნებინა თვალყური. რამდენიმე დღეში ცხადი გახდა, რომ აფეთქებას ახლდა Ic-BL ტიპის ზეახალი SN 2026gzf – წყალბადისა და ჰელიუმის გარსებს მოკლებული, განსაკუთრებით ენერგიული ვარსკვლავური აფეთქებების იშვიათი კლასი (ზეახალი ვარსკვლავი).

მოვლენის შესწავლაში ერთდროულად ორი დამოუკიდებელი მკვლევართა ჯგუფი ჩაერთო. მერილენდის უნივერსიტეტის (აშშ) მკვლევრის, ჯილიან რასტინეჯადის ხელმძღვანელობით მოქმედმა გუნდმა სხვადასხვა ტელესკოპის გამოყენებით რენტგენის, ოპტიკურ და ინფრაწითელ დიაპაზონებში მიღებული მონაცემები გააერთიანა (რა არის ელექტრომაგნიტური ველი?).
ამ მიდგომამ საშუალება მისცათ, თვალყური ედევნებინათ იმისთვის, თუ როგორ ვითარდებოდა ზეახალი აფეთქებიდან პირველ საათებსა და მომდევნო კვირებში, აგრეთვე დაედგინათ ის სიჩქარე, რომლითაც გამოფრქვეული ნივთიერება იფანტებოდა. მეცნიერებმა ასევე განსაზღვრეს ის პირობები, რომლებშიც ვარსკვლავი დაღუპვამდე იმყოფებოდა.
მასიური ვარსკვლავები სიცოცხლეს მხოლოდ ერთი სცენარით ასრულებენ – უჩვეულოდ მძლავრ და კაშკაშა ზეახლად ანთებით. ვოლფ-რაიეს ვარსკვლავები გალაქტიკების, ვარსკვლავების, პლანეტებისა და სიცოცხლის ფორმირებისათვის საჭირო მძიმე ელემენტთა წყაროს წარმოადგენენ. IIb კლასის ზეახლების აფეთქება იმდენად ელვარეა, რომ ახლოს მდებარე გალაქტიკების სინათლესაც კი ფარავს, ხოლო აფეთქების ტალღა ვარსკვლავის წიაღში წარმოქმნილ მძიმე ელმენტებს გარემო სივრცეში ფანტავს.
გაირკვა, რომ ზეახალის წინამორბედი, სავარაუდოდ, ვოლფ-რაიეს ვარსკვლავი იყო, რომელიც აფეთქებამდეც თანდათანობით კარგავდა ნივთიერებას. გარდა ამისა, ზეახალის სიკაშკაშე განისაზღვრებოდა როგორც რადიოაქტიური ელემენტების დაშლით, ისე გამოფრქვეული ნივთიერების გარემომცველ გაზთან ურთიერთქმედებით.
სამეცნიერო ნაშრომის ავტორებმა (arXiv.org) ასევე გამოთვალეს, რომ თანამედროვე რენტგენული დამზერები, სავარაუდოდ, მსგავსი მოვლენების მხოლოდ ნაწილს აფიქსირებს, რადგან ზეახალი ვარსკვლავების დარტყმითი ტალღების გარღვევების უმეტესობა ბევრად სუსტია.

კარნეგი-მელონის უნივერსიტეტის (აშშ) მკვლევრის, ბრენდან ო’კონორის ხელმძღვანელობით მოქმედმა მეორე მკვლევართა ჯგუფმა, ყურადღება თავად აფეთქების ბუნებაზე გაამახვილა. მეცნიერებმა მისი თვისებები ცნობილ გამა-ანთებებეს შეადარეს, აგრეთვე დამატებითი დაკვირვებები ჩაატარეს „ჩანდრას“ რენტგენული ობსერვატორიისა და რადიოტელესკოპების გამოყენებით. დამახასიათებელი შემდგომი ნათების აღმოჩენა ვერ მოხერხდა, მიუხედავად იმისა, რომ ის ძლიერი რელატივისტური ჭავლის (“ჯეტი”) წარმოქმნისას ჩვეულებრივ წარმოიქმნება ხოლმე.
გამოთვლებით დგინდება, რომ თუკი ასეთი ჭავლი საერთოდ წარმოიქმნა, მას ძალიან მცირე ენერგია ჰქონდა და ან შედარებით ნელა მოძრაობდა, ან საერთოდ ვერ გაიკვლია გზა ვარსკვლავის გარე ფენებში. მკვლევრებმა ყველაზე სავარაუდო ახსნად სუსტი გამოფრქვევის წარმოქმნა მიიჩნიეს, რომელიც მნათობის შიგნით „დაიხრჩო“.
შედეგების გაერთიანებით, ორივე ჯგუფი იმ დასკვნამდე მივიდა, რომ EP260321a ზეახალი ვარსკვლავის კლასიკური დარტყმითი ტალღის გარღვევის ერთ-ერთი ყველაზე დამაჯერებელი მაგალითია. უფრო მეტიც, ჩვეულებრივ ზეახალებსა და იმ აფეთქებებს შორის, რომლებსაც თან ახლავს გამა-ანთებები, შუალედური მოვლენების მთელი კლასია. მათი შესწავლა დაგვეხმარება იმის გაგებაში, თუ რატომ ბადებს ზოგიერთი მომაკვდავი ვარსკვლავი ძლიერ რელატივისტურ ჭავლებს, ზოგი კი თავის სიცოცხლეს ბევრად ნაკლებად შესამჩნევი აფეთქებით ამთავრებს (როგორ კვდებიან ვარსკვლავები).