RASSOR – რეგოლითით დაფარულ ზედაპირებზე მომუშავე რობოტი–ექსკავატორი

  ამერიკის აერონავტიკისა და კოსმოსური ადმინისტრირების ნაციონალური სააგენტო (NASA), ბიზნეს–პარტნიორებს ეძებს, რომლებიც რეგოლითით დაფარულ ზედაპირებზე მომუშავე რობოტი – ექსკავატორის (RASSOR – Regolith Advanced Surface Systems Operations Robot) კომერციული გამოყენებით დაინტერესდება (nasa.gov). NASA–ს კენედის კოსმოსური ცენტრი ამ ინოვაციური ტექნიკის ლიცენზიას უახლოეს მომავალში გამოითხოვს. RASSOR ტელეოპერაციული მობილური რობოტული პლატფორმაა, რომელსაც კოსმოსურ გარემოში რეგოლითიანი ზედაპირების თხრა–დამუშავების უნიკალური უნარი გააჩნია; მისი დიზაინი რეაქტიული ძალების ნულოვან უკუგებას ითვალისწინებს, რაც მას უკიდურესად გაიშვიათებული კოსმოსური ატმოსფეროსა და მცირე გრავიტაციის პირობებში რეგოლითის ამოთხრის, ჩატვირთვისა და გადაყრის საშუალებას აძლევს. კოსმოსური ტვირთგადამტანი კომპანიები ამ მსუბუქი და უაღრესად ეფექტური რობოტის სასურველ ადგილას გადატანას მინიმალური დანახარჯებით მოახერხებენ. გარდა ამისა, RASSOR დედამიწაზეც შეიძლება იყოს გამოყენებული, კერძოდ, საველე–სამადნე წარმოებაში, სადაც ის ძნელად მისაწვდომ და საშიშ ლოკაციებს დაამუშავებს.

წარმადობა:

  • წონა/სივრცის ეფექტურობა – მსუბუქი მასალა და კეცვადი დიზაინი ტვირთის ორბიტაზე გატანის წონისა და მოცულობის სიმცირეს უზრუნველყოფს;
  • მცირე გრავიტაციის პირობებში მუშაობა – დიზაინი რეაქტიული ძალების ნულოვან უკუგებას ითვალისწინებს, რაც მას უკიდურესად გაიშვიათებული კოსმოსური ატმოსფეროებისა და მცირე გრავიტაციის პირობებში მართვის უნარს ანიჭებს;
  • მრავალმხრივი კოორდინაცია – რობოტული პლატფორმა ციცაბო და დანგრეულ ზედაპირებზე გადაადგილდება. ხოლო რევერსული კონსტრუქცია ამობრუნების შემთხვევაშიც კი უზრუნველყოფს მის ფუნქციონირებას;
  • აქვს უსადენო კომუნიკაცია, კამერული ტელემეტრია და სტერეო–კამერები სიტუაციური ანალიზის უზრუნველყოფით;
  • რთული გეოგრაფიული ლოკაციების ხელმისაწვდომობა;
  • ზომებში ცვალებადობა პროექტის მოთხოვნოლებებიდან გამომდინარე.

გამოყენება:

  • არადედამიწისეული In Situ უტილიზაცია (ISRU);
  • არადედამიწისეული კონსტრუქციული ოპერაციების წარმართვა;
  • რეგოლითისა და წყლის ყინულის სამადნო მოპოვება;
  • დედამიწისეული სამადნო ოპერაციები;
  • ქვიშების ავტონომიურ–ტელეოპერაციული თხრა და სამადნო მოპოვება.

eqskavatori-2რობოტი –ექსკავატორი RASSOR, მთვარის სიმულატორზე მუშაობის დროს.

 რეგოლითის გამოყენებას ადგილობრივი რესურსების მოპოვებისა და გამოყენებისათვის (In Situ Resource Utilization – ISRU) უდიდესი მნიშვნელობა აქვს. ის გამოყენებული იქნება საწვავის, სასუნთქი ჰაერისა და სამშენებლო მასალების მოსაპოვებლად, რაც შეიძლება განხორციელდეს მთვარეზე, მარსზე, ასტეროიდზე ან კომეტაზე, სადაც სიღრმეებში მოქცეული გაქვავებული რეგოლითის თხრა უაღრესად რთული ამოცანაა. გარდა ამისა, ამ კოსმოსურ სხეულებზე არსებული მცირე გრავიტაცია და ატმოსფეროს არარსებობა საშუალებას არ აძლევს ჩვეულებრივი ექსკავატორის კბილებს ტრადიციული დედამიწისეული მეთოდით ღრმად ჩაესოს გრუნტში და საკმარისი ოდენობით მოთხაროს.

 RASSOR ურთიერთსაწინააღმდეგო მიმართულებით მბრუნავ სათხრელ კოვზებს იყენებს, ამიტომ ექსკავატორის ძალა გრავიტაციაზე არ არის დამოკიდებული. მას შეუძლია ურთულეს რელიეფზე აცოცდეს, მობრუნდეს ან სრულიად ამოტრიალდეს და ისეთივე ეფექტურობით გააგრძელოს მუშაობა. მას ვერტიკალურადაც კი შეუძლია დადგეს და ამოთხრილი მასალა შორს, ნებისმიერი მიართულებით მოისროლოს, მხაპავის გამოყენების გარეშე. ეს კი ტვირთზიდვის საჭიროებას გამორიცხავს.

 ავტორი: მარიკა ტარასაშვილი.

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.