გაეროს პირველი კოსმოსური მისია

 გაერთიანებული ერების ორგანიზაციის, გარე კოსმოსის ათვისების ოფისი (United Nations Office for Outer Space Affairs – UNOOSA) უკვე ნახევარ საუკუნეზე მეტია არსებობს, ამიტომ გასაოცარიც კია, რომ ორგანიზაციას საკუთარი კოსმოსური მისია არასოდეს განუხორციელებია. როგორც იქნა, ორგანიზაციაში დადგენილება მიიღეს, რომ ამ გაუგებრობას 2021 წლიდან წერტილი უნდა დაესვას – გ ა ე რ ო  ორბიტაზე კოსმოსური ხომალდის გაშვებას გეგმავს (motherboard.vice.com).

 გაერომ, ასტრონავტების საერთაშორისო კონგრესზე განაცხადა, რომ მისიის მიზანია, კოსმოსური სივრცე განვითარებადი ქვეყნებისთვისაც ხელმისაწვდომი გახადოს, ვინაიდან ფინანსების სიმცირის გამო, მათ არ შეუძლიათ ეროვნული კოსმოსური პროგრამების ჩამოყალიბების უზრუნველყოფა.

 “UNOOSA–ს ერთერთი ძირითადი პასუხისმგებლობა, გარე კოსმოსის კოოპერაციული და მშვიდობიანი ათვისების უზრუნველყოფაა, თუმცა მარტო ამით არ შემოვიფარგლებით.” – ამბობს სიმონეტა დი პიპპო, UNOOSA–ს დირექტორი. – “ჩვენთვის ნათელია ყველა ის სიკეთე, რასაც კაცობრიობას კოსმოსის ათვისება მოუტანს, ამიტომ უმნიშვნელოვანესია, რომ ეს სიკეთეები განვითარებადი ქვეყნების მოსახლეობამაც იგრძნოს”.

 ეს განაცხადი ურთიერთგაგების მემორანდუმის (a memorandum of understanding) შეთანხმების ნაწილია, რომელსაც UNOOSA–ს ფარგლებში პირველ ივნისს მოეწერა ხელი. ორგანიზაციის კონტრაქტორია სიერა–ნევადას კორპორაცია (Sierra Nevada Corporation) – აეროკოსმოსური კომპანია, რომელიც ორბიტაზე გასატანი ტვირთების ტრანსპორტირებაში სპეციალიზდება. კარგი ის არის, რომ ამ კომპანიას შეერთებული შტატების სამხედრო ძალების წინაშე რაიმე განსაკუთრებული ვალდებულებები არ აკისრია და Lockheed Martin–სა და Boeing–სგან განსხვავებით, მას UNOOSA–ს კომერციული პროექტების განხორციელებაში ხელი არ შეეშლება.

 მისიას განახორციელებს სიერა–ნევადას კოსმოსური თვითმფრინავი Dream Chaser, მრავალჯერადი გამოყენების კოსმოსური ხომალდი, რომელიც NASA–ს კოსმოსური შატლების მცირეგაბარიტიანი ანალოგია. ამ თვითმფრინავს ორბიტაზე ერთდროულად შეუძლია ეკიპაჟისა და ტვირთების გატანა. 2019 წლიდან ხომალდი საერთაშორისო კოსმოსურ სადგურზე რეგულარულ რეისებს განახორციელებს.

 UNOOSA კოსმოსური ტვირთების ორბიტაზე გასატანად განაცხადების მიღებას 2016 წლის ბოლოდან დაიწყებს. პროგრამაში მონაწილეობა გაეროს ყველა წევრ სახელმწიფოს შეუძლია, თუმცა უპირატესობა იმ ქვეყნებს მიენიჭება, რომლებსაც საკუთარი კოსმოსური პროგრამის განხორციელებისთვის საჭირო ბუნებრივი და ფინანსური რესურსები არ გააჩნია. დი პიპპოს აზრით, UNOOSA–მ ნებისმიერი განაცხადი უნდა მიიღოს: კოსმოსური კოროზიისაგან დამცავი მასალების შემუშავებიდან დაწყებული, კლიმატის ცვლილების შესწავლით და საკვების უსაფრთხოების უზრუნველყოფით დამთავრებული.

 “ამ ექსპერიმენტების მცირე მასშტაბების მიუხედავად, ამ ქვეყნების შესაძლებლობების პირობაზე, პატარა კოსმოსური პროექტების განხორციელებაც კი უმნიშვნელოვანესი წინგადადგმული ნაბიჯი იქნება” – ამბობს მარკ სირანგელო, სიერა–ნევადას კოსმოსური სისტემების კორპორაციის პრეზიდენტი. – “ამ მისიაში მონაწილე ყველა ახლაგაზრდა მეცნიერს საშუალება ექნება განაცხადოს, რომ კოსმოსური საზოგადოების განვითარებაში საკუთარი წვლილი შეიტანა”. იმ შემთხვევაში, თუ ამ ქვეყნებს კოსმოსის ათვისებისთვის საჭირო სამეცნიერო გამოცდილება არ ყოფნით, UNOOSA მათ ტექნიკურ და ინტელექტუალურ დახმარებასაც სთავაზობს.

 გაეროს პირველი კოსმოსური მისია 2021 წელს განხორციელდება და 14 დღის განმავლობაში გაგრძელდება. პირველი ტვირთის დასახელება ჯერ უცნობია, თუმცა აღსანიშნავი ის არის, რომ კოსმოსურ თვითმფრინავ Dream Chaser–ს გაეროს წევრი ნებისმიერი ქვეყნის (მათ შორის – განვითარებადი ქვეყნების) საერთაშორისო აეროპორტის გამოყენება შეუძლია და პროგრამული შეზღუდვები არ აქვს. ის უკვე ემსახურება NASA–ს კომერციული ხასიათის პროგრამებს. ეს მახასიათებლები მოწმობს, რომ თვითმფრინავის მომსახურება ქვეყნებს ძვირი არ დაუჯდება.

 ქვეყნები თავიანთი პროგრამების განხორციელების ხარისხსა და ხომალდზე მოსათავსებელი ტვირთის ფასეულობაზე აგებენ პასუხს. Dream Chaser–ის ერთი მისიის ღორებულებაც დიდწილად ამით იქნება განპირობებული. UNOOSA იმედოვნებს, რომ ახლადწარმოქმნილ კოსმოსურ ქვეყნებს შორის მჭიდრო თანამშრომლობას ჩაეყრება საფუძველი.

“სულ რაღაც რამდენიმე წელიწადში, გაეროს კოსმოსური მისია განვითარებად ქვეყნებს საშუალებას მისცემს კოსმოსის ათვისების პროგრამების ფარგლებში ითანამშრომლონ” – ამბობს დი პიპპო. – “კოსმოსურ მეცნიერებათა ერთობლივი, კოლაბორაციული განვითარებით დადგენილ საზღვრებს გავცდებით და მთელი კაცობრიობის წარმატებულ მომავალს უზრუნველვყოფთ”.

ავტორი: მარიკა ტარასაშვილი.

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.