NASA-ს პატარა ზონდი -”პარკერი”, მზეზე მიმდინარე საოცარი მოვლენების მოწმეა

 უკვე რამდენიმე მილიარდი წელია, ჩვენი მზე თავისი  გვირგვინის ქვეშ საიდუმლოებებს მალავს. ეს არის უმძლავრეს მაგნიტურ მარყუჟებში მოქცეული, წარმოუდგენლად ცხელი, მილიონობით გრადუსიანი მძვინვარე პლაზმა, რომლის გამოკვლევასაც მხოლოდ ერთი  ხომალდი ”ბედავს” – NASA-ს პატარა ზონდი ”პარკერი” (Parker Solar Probe). მას სახელგანთქმული ასტროფიზიკოსის – იუჯინ პარკერის სახელი ჰქვია (Here’s what Eugene Parker is most excited to learn from his namesake probe).

 მზის პატარა ზონდის უმთავრესი მისია კოსმოსური ამინდის წინასწარმეტყველება და მისი ფიზიკური საფუძვლების შესწავლაა, რაც დაგვეხმარება, რომ დედამიწისკენ დამიზნებულ მავნე ამოფრქვევებს თვალი ვადევნოთ. კორონარული მასის ამოფრქვევა საშიში ენერგეტიკული ღრუბლების ნაკადია, რომლებიც დედამიწის პოლუსების ცაზე ფერად ციალს წარმოქმნის. ზედმეტად მძლავრი ამოფრქვევა საშუალო განედებზეც იწვევს რადიაციული ფონის ზრდას, თანამედროვე ეპოქაში კი სატელეკომუნიკაციო თანამგზავრების გათიშვა და ელექტროსისტემების გადაწვა შეუძლია. ეს ნაკადები, პირდაპირ მოხვედრის შემთხვევაში, ასტრონავტებისთვის სასიკვდილოა.

მზის ”სურნელი”

 ზონდი ”პარკერი” კოსმოსში 2018 წლის 11 აგვისტოს გაუშვეს (https://www.youtube.com/watch?v=BUClxcUbuNM) და მზის გარშემო პირველი შემოფრენა იმავე წლის ნოემბერში განახორციელა. 7-წლიანი მისიის განმავლობაში ხომალდი მზეს სულ 24-ჯერ შემოუვლის და ყველა ჯერზე მის ზედაპირს სულ უფრო მიუახლოვდება. სულ ბოლო შემოვლაზე ის ვარსკვლავს 6 მილიონი კილომეტრის მანძილზე ჩაუფრენს, რის შემდეგაც – განადგურდება.

 კოსმოსურ ხომალდზე, რომელიც ფაქტიურად მზის გვირგვინში დაფრინავს, 4 ინსტრუმენტია, და მათი მეშვეობით ის მზიდან გამოფრქვეულ მასებს უშუალოდ შეიგრძნობს. – ”შეიძლება ითქვას, ”პარკერი” მათ ყნოსავს. სანამ მზის ქარი ჩვენამდე მოაღწევს, ის იცვლება, განიცდის ევოლუციას და სუსტდება. ”პარკერი” კი სრულიად ახალი კორონარული მასების სტრუქტურას შეისწავლის.“ – ამბობს სარა გიბსონი, ატმოსფერულ მეცნიერებათა ნაციონალური ცენტრის პროფესორი.

 “გამოთვლების მიხედვით უკვე ვიცით, რომ მზე ჩვენთვის უხილავი ენერგეტიკული ნაწილაკების მთელ კასკადს წარმოშობს. საქმე იმაშია, რომ ეს ნაკადები ჩვენამდე ვერ აღწევს და კოსმოსში იფანტება. ამიტომაა, რომ მზის ზედაპირსა და გვირგვინის ტემპერატურებს შორის არსებული კოლოსალური განსხვავების მიზეზი დღემდე გამოცანად რჩება. როგორც ჩანს, სანამ კოსმოსში გაიფანტება, რაღაც ძალების მეშვეობით, ეს ნაწილაკები მზის გვირგვინში გროვდება.” – ამბობს პროექტის ავტორი, მიჩიგანის უნივერსიტეტის პროფესორი ჯასთინ კასპერი.

 მართლაც, დიდი ხანია ცნობილია, რომ ზებგერითი სიჩქარით მოძრავი პლაზმური მასები მზის ცივ, მაგნიტურ ღრმულებში – მზის ლაქებში წარმოიქმნება. სამაგიეროდ, სქელი, ზოზინა მზის ქარების (solar winds) წარმოშობის წყარო უცნობია. ასევე გაუგებარია, თუ როგორ აღწევს მზის გვირგვინის ტემპერატურა მილიონ გრადუსს, როდესაც უშუალოდ ზედაპირის ტემპერატურა 5000 გრადუსს ძლივს აღემატება.

მზის გვირგვინი (კორონა) მილიონ გრადუსამდეა გავარვარებული, მაშინ, როდესაც მზის ზედაპირის ტემპერატურა მხოლოდ რამდენიმე ათასი გრადუსია (სურათი © ESA).

მზიური ოკეანის მორბენალი ტალღები

 პირველი გარშემოვლისთანავე, ზონდმა მზის ზედაპირზე არსებული უცნაური მაგნიტური ტალღები დააფიქსირა. ისინი თითქოს არსაიდან აღმოცენდება, ჩვენი ვარსკვლავის ზედაპირს შეაზანზარებს და ასევე მოულოდნელად ქრება. ეს მოვლენა მზის ქარების სიჩქარეს რამდენიმე ასეული ერთეულით ზრდის და ადგილობრივი მაგნიტური ველების რევერსიასაც (პოლუსების შეტრიალება) კი იწვევს. მეცნიერები ამ მოვლენას ინტენსიურად შეისწავლიან (Here’s how some scientists are creating solar wind to study in the lab).

 ერთ-ერთი ყველაზე უფრო საინტერესო აღმოჩენა მზის როტაციას უკავშირდება. მზე საკუთარი ღერძის გარშემო შემობრუნებას დაახლოებით 24,5 დედამიწისეულ დღე-ღამეს ანდომებს, რის გამოც დედამიწამდე მოღწეული ნაწილაკები რადიალურად მოძრაობენ და ჩვენს ატმოსფეროში ბზრიალა სარწყავიდან გამოსული წყლის ჭავლებივით გაივლიან. საინტერესოა, რომ ამ მონაცემების მიხედვით მოდელირებული მზის ქარების სიჩქარე 20-ჯერ უფრო მცირე აღმოჩნდა, ვიდრე სინამდვილეში. ”ეს მონაცემები ”პარკერმა” მოგვაწოდა. და ახლა ცხადია, რომ ჩვენს მზის კომპიუტერულ მოდელს რაღაც სერიოზული კომპონენტები აკლია.” – ამბობს კასპერი.

 ეს აღმოჩენა იმითაა მნიშვნელოვანი, რომ დაკვირვების მიხედვით, რაც უფრო ნაკლებია ვარსკვლავის ასაკი – მით უფრო მეტია მისი ზედაპირული მაგნიტური ქარების სიჩქარე. ეს შეიძლება იმას ნიშნავდეს, რომ ჩვენი მზე ცოტა უფრო მეტად ახალგაზრდაა, ვიდრე აქამდე ითვლებოდა.

მტვრისგან თავისუფალი ზონა

 მზის პატარა ზონდი ”პარკერი”, უახლოეს ხანებში, კიდევ რამდენიმე მოვლენაში გაარკვევს მეცნიერთა ჯგუფს; მაგალითად, ჯერ კიდევ 1928 წელს, ამერიკელმა ასტროფიზიკოსმა ედუარდ უოშბორნმა მზის გარშემო ”მტვრისგან თავისუფალი ზონის” არსებობა იწინასწარმეტყველა. ეს იმდენად ცხელი ზონაა, რომ იქ რაიმე სახის ნაწილაკების არსებობა შეუძლებელია – ყველაფერი პლაზმურ მდგომარეობამდეა სუბლიმირებული (აორთქლებული). საინტერესოა, რომ ეს ჰიპოთეზური ზონა დღემდე არცერთ ხელსაწყოს არ დაუფიქსირებია, მაგრამ ”პარკერიდან” მოწოდებული მონაცემები მიგვანიშნებს, რომ ის შესაძლოა რეალურად არსებობდეს.

 მალე მზე თავისი 11-წლიანი მინიმუმიდან გამოვა და მკვლევარები ელიან, რომ ”პარკერი” ამ პერიოდისთვის დამახასიათებელ, გამოფრქვეულ უზარმაზარ კორონარულ მასებსაც დაწვრილებით შეისწავლის (მზის მკვლევარი ”პარკერი”; კიდევ მზის შესახებ).

One comment

  1. მადლობა ქალბატონო მარიკა საინტერესო სტატიისთვის. ბედნიერ დამდეგ ახალ წელს გისურვებთ ყველას!

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.